in

ჰარმონიული ქაოსი მე-14 სართულზე – მუსია ქებურიას ინტერიერი

მუსია ქებურიას ფართო საზოგადოება კედლისა და ქუჩის მხატვრობის განხრით იცნობს, თუმცა ქართველი ხელოვანის საქმიანობა მხოლოდ ამ მედიუმებში მუშაობით არ შემოიფარგლება. გარდა კედლებისა, მუსია ისეთი მიმართულებებით ქმნის ნამუშევრებს, როგორიც არის გრაფიკული დიზაინი, ტილოს მხატვრობა, ციფრული ხელოვნება, ხელნაკეთი სამკაულები, სახლისა თუ სამომხმარებლო აქსესუარები. სწორედ აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მუსიას სამუშაო გამოცდილება ხშირად იკვეთება ინტერიერის დიზაინთან და შესაბამისად, არტისტისთვის საკუთარი საცხოვრებლის დიზაინზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

როგორც თავად გვიამბობს, ბინაში, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა, ყველა დეტალზე თავად იზრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიას მოუწია ისეთ საკითხებთან შეჭიდება, როგორიც არის გეგმარება, რემონტი და ინტერიერის დიზაინი, რასაც საკმაოდ კარგად გაართვა თავი და შეიძინა ფასდაუდებელი გამოცდილება.

125 კვ/მ ფართობის მქონე ბინა, რომელშიც მუსია დღეს საკუთარ შვილთან ერთად ცხოვრობს, წყნეთის გზატკეცილზე, ბაგებში მდებარეობს და ის მან 2019 წელს შეიძინა. როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, ის უფრო ძველ თბილისურ სახლებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ამ კონკრეტული უძრავი ქონებით ერთი ნახვით მოიხიბლა, ვინაიდან აქ დიდი ვიტრაჟული ფანჯრები და ნათელი ოთახები დახვდა. ამას გარდა, დიდი როლი ითამაშა სახლის ადგილმდებარეობამ, ვინაიდან ის ქალაქთან ახლოს და ამავდროულად შედარებით ეკოლოგიურად სუფთა ნაწილშია განთავსებული.

მეც ბევრი არ მიფიქრია და მივიღე ეს გადაწყვეტილება, რითაც დღეს საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

მუსიას ბინა ე.წ. “მწვანე კარკასის” მდგომარეობაში გადაეცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა “შავი სამუშაო” შესრულებული იყო და ახალ მეპატრონეს, ფაქტობრივად, მხოლოდ სამზარეულოსა და სველი წერტილის გარემონტება მოუწია, შემდგომ კი პროექტის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი დაიწყო – კედლების ფერებით შევსება, ავეჯისა და დეკორატიული ელემენტების მოძიება, რასაც საერთო ჯამში, მუსიამ მხოლოდ და მხოლოდ ერთი სრული თვე მოანდომა.

რაც შეეხება ბინის გეგმარებას, ამ მხრივ ბინის მფლობელმა ყველაფერი უცვლელი დატოვა, ვინაიდან მისთვის იდეალური ვარიანტი დახვდა.

საძინებლების და სტუდიოს მხარე ვერეს ხეობას გადაჰყურებს. ზაფხულში მზის ამოსვლაც სწორედ ამ მხარეს იწყება, ღამით კი სრული სიჩუმე, ჩიტების ჭიკჭიკი და მდინარის ხმა ისმის. მიუხედავად იმისა, რომ მისაღები ოთახის ნაწილი წყნეთის მთავარ გზას გადაჰყურებს, მე-14 სართულიდან გამომდინარე, ნაკლებად ხმაურიანია ქალაქის სტანდარტულ ბინებთან შედარებით“, – მუსია ქებურია

როგორც მუსია გვიამბობს, ინტერიერის დიზაინის კუთხით რაიმე კონკრეტული გეგმა არ ჰქონია, თუმცა, თავიდანვე მკაფიოდ ჰქონდა წარმოდგენილი საბოლოო შედეგი. პირველი, რაც მან გააკეთა, ეს იყო შვილის საძინებლის კედლების მოხატვა. აქ არტისტმა მისთვის ყველაზე ახლო, ბუნებისა და კოსმოსის თემატიკა შეარჩია.

გამომდინარე ჩემი პროფესიიდან და მხატვრული ხელწერიდან, სახლსაც დაეტყო ფერადოვნება და მრავალფეროვნება, რომელიც ერთიანობაში ჰარმონიულ ქაოსსა და წესრიგს ქმნის. ზოგადად, არ მიყვარს საცხოვრებელ სახლებში ზედმეტად მინიმალისტური სისადავე, რომელიც ცოტა სიცივეში გადადის და ასევე, ვფიქრობ, არაპრაქტიკულია ყოველდღიურობაში. ჩემთვის სივრცე ამ დროს თითქოს, სულს კარგავს. ვფიქრობ, საცხოვრებელი სახლი მის მეპატრონეზეც ბევრს ჰყვება და ჩემიც ალბათ ჰყვება ბევრ რამეს ჩემ შესახებ, ხასიათსა თუ შინაგან განწყობაზე და მომწონს, რომ უცხო სტუმარიც ამას თავიდანვე კითხულობს და განწყობაც შესაბამისი ექმნება. მომწონს, როდესაც სახლი ისტორიას გიყვება,” – მუსია ქებურია

ინტერიერში დომინირებს მწვანე ფერი, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა ტონალობებით და გხვდება როგორც კედლებსა და ავეჯზე, ასევე მცენარეების სახით.

მწვანე ფერი ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება ყველაზე მეტად. გარდა მცენარეებისა, აქ სხვა დეტალებიც შესამჩნევია – ქვების, კრისტალებისა თუ ხის ტოტების სახით ვცდილობ, ბუნება  შემოვიყვანო სახლში და მაქსიმალურად ახლოს ვიყო მასთან.”

მუსია გვიამბობს, რომ ჯერჯერობით მას არასდროს უსარგებლია დიზაინერის დახმარებით, რადგან ის გონებაში თითქოს წინასწარ ხედავს, თუ როგორი შედეგის მიღება სურს.

როდესაც ცარიელ კედლებს ან სივრცეს ვუყურებ, მაშინვე მეხატება გონებაში მისი საუკეთესო ვერსია ჩემ გემოვნებასთან მიმართებაში. ამ ყველაფრის რეალობად ქცევა კი ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია. მიუხედავად დამღლელი და შრომატევადი საქმისა, ვფიქრობ, ეს მიმართულება მიტაცებს როგორც ხელოვანს. ალბათ ცოტა ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს, რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ რა მომეწონება მე. შეძლება შეცდომებიც დავუშვი და უკეთესიც შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ტენდენციებს არ ვყვები, ვინაიდან ტრენდები მუდმივად ცვალებადია და რთულია, მათ დროში დაეწიო. შესაბამისად, სახლს ისეთი სული და ხასიათი უნდა მისცე, რომელიც მალე არ მოგბეზრდება, წლებთან ერთად უფრო მეტად შეგიყვარდება და ისეთი სიმყუდროვის განცდას მოგცემს, რომელიც ყოველთვის მოგანდომებს იქ დაბრუნებას.”

სამუშაო დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ, იქნება ეს კედლის ესკიზებზე მუშაობა და თუ ჩემს სტუდიო-სახელოსნოში ყოფნა. შესაბამისად, სახლის გარემო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს შემოქმედებაში და ამიტომ, მაქსიმალურად ვეცადე, ეს სივრცე საცხოვრებელთან ერთად, კომფორტულ სამუშაო გარემოდაც მექცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი, ნათელი, სახასიათო ბინა, რომელიც ისტორიებით არის სავსე. ვფიქრობ, დიდი ალბათობით ჩემთვის ეს მაინც დროებითი სამყოფელია, რადგან შემდეგი ეტაპი უკვე “მიწაზე დაშვება”, ბუნებასთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნა და მასთან პირდაპირი კავშირი იქნება,” – მუსია ქებურია

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

Hygge, Lagom და Sisu ანუ როგორ იცვლება სკანდინავიური დიზაინი

10 ფაქტი თეთრი ფერის შესახებ ინტერიერში