in

ფერადი ავეჯით შექმნილი სახასიათო სტილი ბაგებში — თათია ქარჩხაძის და გიორგი ნასყიდაშვილის ინტერიერი

ბაგებში, საკანდელიძის ქუჩაზე მდებარე სახლი თათია ქარჩხაძეს და გიორგი ნასყიდაშვილს ეკუთვნის, რომლის  საერთო ფართობი 130 მ2-ია. როგორც თათია აღნიშნავს, ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა შემოქმედება და ხელოვნება ყოველთვის აინტერესებდა. მისი მეუღლე, გიორგი, ყოფილი არქიტექტორია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ინტერიერის დიზაინზეც მუშაობდა, ამჟამად კი ციფრული პროდუქტების დიზაინერია. თავის მხრივ, თათია პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობს და მუდმივად უწევს ფიქრი მის დიზაინსა და გამოყენებაზე, ამგვარად, ეს ცოდნა ინტერიერის მოწყობისასაც დაეხმარა.

წყვილმა ბინა ორიოდე წლის წინ შეიძინა და განსაკუთრებით ადგილმდებარეობით მოიხიბლა, რადგან იგი მშვიდ ადგილას, თბილისის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. “ბინა 2021 წლის გაზაფხულზე შევიძინეთ. გვინდოდა ცენტრთან მოშორებით ყოფნა, ქალაქის ხმაურისგან გაქცევა, მაგრამ თან არ გვსურდა თბილისთან კავშირის დაკარგვა და ქალაქგარეთ გადასვლა, ამიტომ ბაგები შევარჩიეთ და ვფიქრობ, ამ გადმოსახედიდან, იდეალური გადაწყვეტილება მივიღეთ“, — აღნიშნავს თათია ქარჩხაძე.

ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში შეიძინეს და ყველაფრის გაკეთება თავად მოუწიათ. პროფესიონალი დიზაინერის დახმარება არ დასჭირდათ, რადგან  ეს პროცესი წყვილს საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა და შედეგიც სასურველი მიიღეს. “მიუხედავად იმისა, რომ რემონტის პროცესი დამღლელია და თითქმის უსასრულოდ გრძელდება, ვფიქრობ, მაინც ძალიან სასიამოვნო პერიოდი იყო, სრულიად გვქონდა გააზრებული რა გვინდოდა და შესაბამისად, ოჯახში დიდი ერთსულოვნება სუფევდა“, — გვიამბობს თათია.

წყვილმა სახლის გეგმარება ოდნავ შეცვალა. შედეგად, იზოლირებული სამზარეულოს ნაცვლად ეს ზონა მისაღებ ოთახთან გაერთიანდა და თავისუფალ სივრცეში სამუშაო ადგილი მოეწყო, რომელსაც ხანდახან ფიტნეს ოთახის დანიშნულებაც აქვს. გარდა ამისა, გეგმარების მიხედვით, 3 სააბაზანო ოთახიდან ერთი ე.წ სამრეცხაო ოთახად გადაკეთდა.

მისაღებ ოთახში სასიამოვნო მყუდრო გარემო იგრძნობა, რაც რძისფერი კედლებით, ვარდისფერი სავარძლითა და ტახტით, სალათისფერი აქცენტებით მიიღწევა. განსაკუთრებულ მიმზიდველობას ოთახს მცენარეები ანიჭებს, რომლებიც სივრცეში მრავლად გვხვდება და პოზიტიურ განწყობას ქმნის. კედლები მორთულია ნახატებით, რომლებიც დეკორატიულ ფუნქციას ითავსებს და ბინას მომხიბვლელ იერს სძენს. აქვე ვხვდებით სასადილო მაგიდას, რომელიც იდეალურად ესადაგება ღია ხისფერ იატაკს და ოთახს სითბოსა და სიმსუბუქეს ანიჭებს.  სამზარეულოს ავეჯი ღია მწვანე ფერშია გადაწყვეტილი და ჰარმონიულად ერწყმის ოთახის მეორე ნაწილს. მიუხედავად ადგილის სიმცირისა, სამზარეულო ზონა კომპაქტურადაა მოწყობილი და კომფორტული სივრცე მიიღება.

საძინებლებშიც ფერადი ავეჯით საზეიმო განწყობა იქმნება, რომელშიც ცენტრალურ როლს მწვანე და ყვითელი საწოლი თამაშობს. ერთ-ერთ მათგანში ვხვდებით ბავშვის პატარა სამუშაო მაგიდასა და წიგნების კუთხეს, მეორეში კი ღია საგარდერობო ზონას, რომელიც ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად, დეკორატიულ როლსაც ასრულებს. აღსანიშნავია სანათები, რომლებიც სივრცეს ორიგინალური დიზაინით ამდიდრებს.

სააბაზანო მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, ერთ მათგანში მუქი ტონები, მეორეში კი პირიქით, ღია ფერთა გამაა გამოყენებული, რაც გარკვეულ კონტრასტს ქმნის და სახლს მრავალფეროვან იერს სძენს.

აივანზე მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი, რაც მაცხოვრებლებისთვის დამატებითი კომფორტია, განსაკუთრებით ზაფხულში საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მისთვის გამორჩეულ ნივთებს ნახატები წარმოადგენს, რომელთა ისტორიაც ძალიან ემოციურია და წყვილს ყოველდღიურად პოზიტიურ განწყობას უქმნის. მაგალითად, რამდენიმე ნახატი თათიამ უნივერსიტეტში ჩაბარებისას მიიღო საჩუქრად, ნაწილი კი მან  მეუღლესა და შვილს აჩუქა, ამიტომ ისინი განსაკუთრებით ძვირფასია.

ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი სახლის შექმნა, რომელიც თავს “შინ“ აგრძნობინებს მაცხოვრებლებს. ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც მისვლა ყველას გაახარებდა და სხეულისა და გონებისთვის სრული კომფორტის მომნიჭებელი იქნებოდა. “ვფიქრობ, ჩვენი სახლი ნათელი და ბევრი ციმციმა ემოციითაა სავსე. ყველა ოთახში არის ერთი ფერადი ნივთი, რომელიც ამ სივრცეში განწყობას და აურას ქმნის. მისაღებში ვარდისფერი დივანია, ერთ საძინებელში – მწვანე, მეორეში – ყვითელი საწოლი, სამუშაო სივრცეში კი ნარინჯისფერი ხალიჩაა, შესაბამისად, თითოეულ ოთახს თავისი ისტორია და სახასიათო ფერი აქვს, რაც საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის  და ყოველდღიურად თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს,” – თათია ქარჩხაძე

სამზარეულოს ავეჯი — ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული

იატაკის საფარი — “იდეალი“

აბაზანის ფილები — “ბასა კერამიკა“

შემრევები — “იდეალი“

კედლის მოპირკეთება — “კაპაროლი“

განათება ­– “Medusa architecture and design”

დივანი და საძინებელი — “Pillow “

გაზქურა  —  “Design Atelier”

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რა სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს როზეტები სამზარეულოში?

როგორ განვათავსოთ წერტილოვანი სანათები ჭერზე? – სტანდარტული ზომები, დაშორება და სქემები