in ,

#სადვიცხოვრო: სინათლითა და ფერებით დატვირთული ბინა ბაგებში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ბაგებში, მეტრა პარკის დასახლებაში მდებარეობს. ის 2 საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოსა და 2 სველ წერტილს აერთიანებს.

ბინა მისმა მფლობელებმა 2018 წელს შეიძინეს. ისინი მანამდეც ბაგებში ცხოვრობდნენ, თუმცა უფრო მაღალ და დიდ კორპუსში, რაც მათში არც თუ ისე სასიამოვნო ემოციებს იწვევდა. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილი ბავშვს ელოდებოდა, მათ გადაწყვიტეს, გაეუმჯობესებინათ პირობები და ბავშვის საჭიროებებს მორგებოდნენ.

“მალევე შევიტყვეთ, რომ ჩემი თანამშრომელი “მეტრა პარკში” ყიდდა ბინას და ამ ამბის გაგების დღესვე ვესტუმრე სახლს. პირველი, რაც კარის გაღებისთანავე პირველი, იყო ის, რომ ძალიან ნათელი სახლი დამხვდა – მას ყველა მხრიდან უდგება მზე და, შესაბამისად, მსუბუქი, სუფთა აურა იქმნება სივრცეში. გარდა ამისა, ძალიან მომეწონა სახლის დაგეგმარებაც – დერეფნიდანვე ჩანს ყველა ოთახი,” – ამბობს ნუცა ქირია, ბინის ერთ-ერთი მფლობელი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სახლი წყვილმა 2018 წლის აგვისტოში შეიძინა და მისი რემონტი ამავე თვის ბოლოსვე დაასრულეს.

პროექტის დაგეგმარების ნაწილში ცვლილებები არ შეტანილა, რადგანაც ბინის მფლობელებისთვის იდეალური განლაგების იყო. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილს ძალიან ბევრი პირადი ნივთი და მცენარეები აქვთ, როგორც წინა ბინაში, აქაც გადაწყვიტეს, რომ თვითონ ბინის რემონტი ყოფილიყო სადა.

“ძალიან გვიყვარს ინტერიერში ცვლილებების შეტანა – მალე გვბეზრდება ხოლმე კონკრეტული მოცემულობები. შესაბამისად, გვინდოდა, შეგვექმნა ინტერიერი, რომელშიც რაღაცების გადანაცვლება იქნებოდა მარტივი. ამიტომაც, ყოველთვის ვერიდებით ჩაშენებულ კარადებს, მძიმე ავეჯს და ყველაფერ ისეთს, რაც ძალიან ტვირთავს სახლს.”

როგორც ამბობენ, წყვილისთვის რემონტის პროცესი სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული იმიტომ, რომ სწორედ იმ ჯგუფთან ერთად მუშაობდნენ, რომლებიც წინა სარემონტო სამუშაოებშიც ეხმარებოდნენ მათ. საზოგადოდ ცნობილია, რომ ხელოსნები ვადებში ვერასდროს ეტევიან და რემონტი ჭიანურდება, თუმცა, ჩვენი რესპონდენტები მსგავსი ფაქტის წინაშე არასდროს დამდგარან და როგორც ამბობენ, მათთვის რემონტი მხოლოდ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული.

ბინის ინტერიერის მოწყობაში მის მფლობელებს პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით არ უსარგებლიათ. პრინციპი, რომლის მიხედვითაც ნუცა და მისი მეუღლე აკეთებდნენ დიზაინს, იყო შემდეგი: ისინი ეძებდნენ მაგალითებს ინტერნეტში, შთაგონების წყაროდ კი, ძირითადად, Pinterest-ის პლატფორმას იყენებდნენ.

“კონკრეტული ჩანაფიქრი თავიდან არ მქონია – ვიცოდი, რომ ძალიან მინდოდა, სახლში საქანელა მქონოდა და ეს სურვილი ავიხდინე. ასევე, რაც წინა ბინაში არ მქონია, მაქვს აქ – ვერანდა, სადაც პატარა ბაღი გავაშენე და ეტაპობრივად აქაც შემაქვს ცვლილებები და ვაახლებ მას,” – ამბობს ნუცა.

მისივე თქმით სახლი ერთ კონკრეტულ სტილში არაა გადაწყვეტილი, პირიქით – ის რამდენიმე სტილის მიქსს წარმოადგენს.

“მთავარი არის ის, რომ თეთრ კარკასში სახლს როგორი გამჭვირვალე და ნათელი აურაც ჰქონდა, ის აურა შევინარჩუნეთ.”

დღესდღეობით ბინის მფლობელების საყვარელ კუთხეს მისაღები ოთახი წარმოადგენს, რადგანაც ისინი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ აქ ატარებენ. რაც მთავარია, ესაა ადგილი, რომელშიც დღისით სინათლე ჭარბად შემოდის, ღამით კი მშვენიერი ხედი იშლება.

ამ ეტაპზე აღნიშნული ბინა გასაყიდად არის გამოტანილი. ეს გადაწყვეტილება წყვილმა იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ გაფართოებას გეგმავენ და უფრო დიდი სივრცის შეძენა სურთ. “ასევე, ალბათ, კიდევ გვაქვს რემონტის გაკეთების და ახალი ინტერიერის შექმნის ნოსტალგია,” – ამბობს ნუცა.

ბინის შეძენასთან დაკავშირებული დეტალების ხილვა შესაძლებელია განცხადების ბმულზე.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ტური ჯენი კეინის ლოს-ანჯელესის სახლში

თბილისში, სასტუმრო „ეპიზოდი“ იხსნება, სადაც ყველაფერი ციფრული ტექნოლოგიებით იმართება