in

10 ფაქტი თეთრი ფერის შესახებ ინტერიერში

ყველამ კარგად იცის, რომ თეთრი ფერი სივრცეს ვიზუალურად აფართოებს და ამსუბუქებს. მოდით, დღეს ყურადღება გავამახვილოთ ინტერიერში ყველაზე საკამათო ელფერის სხვა თვისებებზე და ვნახოთ, რა არ იცოდით მის შესახებ.

თეთრი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს

შავი ფერის „ტემპერატურის” დადგენა ადვილი არ არის, თეთრს კი ადამიანების უმეტესობა აკავშირებს რაღაც ცივთან, თუმცა ის ასევე შეიძლება იყოს თბილი და შეიცავდეს ლურჯ, ვარდისფერ, ყვითელ და თუნდაც მწვანე ტონებს.

დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ თეთრის სხვადასხვა ტონების გამოყენებას ინტერიერის სხვადასხვა სტილისთვის.

მას მზე უყვარს

ითვლება, რომ ინტერიერში თეთრ ფერს მზის შუქის ნაკლებობის შევსება შეუძლია. იმ დროს, როდესაც ინტერიერის მოდას სკანდინავიური სტილი ხელმძღვანელობდა, ეს უდავო ჭეშმარიტებად ითვლებოდა. ახლა უფრო ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ თეთრ ოთახებს „უყვართ“ მზე და მისი არარსებობის შემთხვევაში, ისინი „არ მუშაობენ”.

ითვლება, რომ თეთრი კედლები კარგია მზიანი კლიმატისთვის და შეიძლება იყოს მოსაწყენი, თუნდაც დამთრგუნველი, იმ შემთხვევაში, თუ ცა მუდმივად მოღრუბლულია.

არც ისე გლუვია

საბავშვო ოთახისთვის თეთრი ნაჭრის დივანი, რა თქმა უნდა, საუკეთესო არჩევანი არ არის, მაგრამ თეთრ კედლებს (განსაკუთრებით შეღებილს ან შელესილს) არაპრაქტიკულ არჩევანს ვერ ვუწოდებთ.

თუ საფარი მაღალი ხარისხისაა, ის მზეზე არ გახუნდება, მასზე მცირე დეფექტები, მტვერი და თითის ანაბეჭდები არ გამოჩნდება.

არა ყველაზე უნივერსალური

მითები იმის შესახებ, რომ თეთრი ფერი არასოდეს არის შემაწუხებელი და აბსოლუტურად ყველას მოსწონს, გადაჭარბებულია. ზოგი ადამიანისთვის ეს ფერი სივრცესთან, სისუფთავესთან და ღრუბლებთან ასოცირდება, ზოგისთვის კი — საავადმყოფოს პალატებთან.

ცნობილი დანიელი დიზაინერი ­— ვერნერ პანტონი, რომელიც ნათელი ფერის ნამუშევრებით არის ცნობილი, ამტკიცებდა: „თეთრი ფერი რომ არ ყოფილიყო, სამყარო კიდევ უფრო ლამაზი იქნებოდა”.

ფერის თერაპიის მიმდევრებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ თეთრი კარგია მხოლოდ სწორი დოზირებით და მისმა ჭარბმა რაოდენობამ, შეიძლება, უარყოფითი „სტერილური” ასოციაციები გამოიწვიოს.

საჭიროებს სხვადასხვა ფაქტურებს

თეთრი ინტერიერი საავადმყოფოს არ დაემსგავსება, თუ ერთ ოთახში თეთრის სხვადასხვა ელფერს გამოიყენებთ და მათ სხვადასხვა ტექსტურის საშუალებით „გამოავლენთ“.

თვალებს დასვენების საშუალებას აძლევს

არსებობს თეორია, რომ ექიმები თეთრ ხალათს უმიზეზოდ არ ატარებენ. ეს ფერი ასოცირდება სისუფთავესთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საავადმყოფოს გარემოში ადამიანებს ნდობით ავსებს, ასევე არ ამძიმებს მათ მხედველობას და ზრდის კონცენტრაციას.

ჩაძინებაში გეხმარებათ

ფერთა თერაპიის სფეროში ასევე ცნობილია, რომ თეთრ სივრცეში დაძინება ყველაზე ადვილია.

უძილობის პრობლემის მქონე ადამიანებს ურჩევენ, მხედველობის არიდან ამოიღონ ყველა გამაღიზიანებელი, რომელიც ხშირად ნათელ ფერებს შეიცავს. საძინებლისთვის ყველაზე ანტისტრესული არჩევანი იქნება თეთრი თბილი ელფერით.

წარმოაჩენს ხელოვნებას

შეგიმჩნევიათ, რომ უმეტეს მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებში კედლები თეთრად არის შეღებილი? ხელოვნების ნიმუშებისთვის იგი ითვლება ყველაზე მომგებიან და ნეიტრალურ ფონად, რომელიც ყურადღებას არ იქცევს. ეს კი საშუალებას გაძლევთ, რომ შედევრზე ფოკუსირდეთ. გარდა ამისა, თეთრ ფონზე ნებისმიერი დეკორატიული ეფექტი კარგად გამოიყურება.

კეთილგანწყობილია ყველა ფერის მიმართ

თეთრი ფერი ნებისმიერ პარტნიორს შეესაბამება: რბილ პასტელურ ელფერებს, ნეიტრალურ ბუნებრივ ტონებს, მდიდარ ფერებსა და თავის ანტიპოდს — შავს.

ის არა მხოლოდ გახდება აგრესიული ფერების ნეიტრალური თანამებრძოლი, არამედ ემოციური სტრესის ხარისხს შეამცირებს და „მყვირალა“ ელფერებს გააკეთილშობილებს.

შეიძლება სხვა ფერებთან მისი განზავება და გაერთიანება

თეთრი ფერის გამოყენებას შეძლებთ ნებისმიერ ფერთა პალიტრასთან. ეს ტონი ხელს შეუწყობს ისეთი ობიექტების შერწყმას, რომლებიც ერთი შეხედვით, არც ისე თავსებადია.

თეთრი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კონტური — საზღვარი ორ ელფერს შორის, რომლის წყალობითაც მათი შეერთება უფრო ნაზი და ნაკლებად კონტრასტული იქნება.

თეთრი ფერი ინტერიერში ყველაზე მრავალფუნქციურია: ის შეიძლება გახდეს ნეიტრალური ფონი, ან მთავარი გმირი, მისი მოსინჯვა ნებისმიერ სტილსა და მასალაზეა შესაძლებელი. თუმცა გახსოვდეთ, თეთრი სულაც არ არის “უნივერსალური” საშუალება და მისი გამოყენება შესაძლოა ყველა სიტუაციაში არ ღირდეს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ჰარმონიული ქაოსი მე-14 სართულზე – მუსია ქებურიას ინტერიერი

Valle Santana — გარემოსთან ინტეგრირებული თავშესაფარი ტყეში