in

როგორ იქმნება ქართული შპალერი – ინტერვიუ ID VISION-ის დამფუძნებელ სალომე მამრიკიშვილთან

ID VISION საქართველოს ბაზარზე ახლად აღმოცენებული კომპანიაა, რომელიც საზოგადოებას  ინტერიერის დიზაინის განუყოფელ, უნიკალურ აქსესუარებთან ერთად, სახასიათო, ქართული წარმოების შპალერსაც სთავაზობს. ID VISION მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და მასთან დაკავშირებული სტიგმების გაქრობაში. ამ და სხვა თემებზე homeis.ge კომპანიის დამფუძნებელს, სალომე მამრიკიშვილს ესაუბრა.

-გვიამბეთ კომპანიის დაარსების შესახებ, ვინ დგას მის უკან?

-კომპანიის დაარსების იდეა გამიჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე წლის წინ, როცა პრატის უნივერსიტეტში ვსწავლობდი(Pratt Institute). ერთ-ერთი  ლექციის დროს ვისწავლე შპალერის შექმნის ტექნიკა. ამის შემდეგ დამოუკიდებლად შევქმენი 3D კედლის ქაღალდი (შპალერი), რომელიც  გამოფენაზე გაიტანეს და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. აქედან დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, გატაცება.

ამერიკაში ყოფნისას იმდენად დაკავებული ვიყავი სადიპლომო ნამუშევრის კეთებითა და მუშაობით, რომ  ვერ ვახერხებდი ამ ხაზით ჩემი იდეეების განხორციელებას. თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე  წლის განმავლობაში ვატარებდი ცდებს ხარისხთან დაკავშირებით – ჩემი ბრენდი იქამდე არ დავაარსე, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ჩვენი მომავალი პროდუქციის ხარისხი უმაღლესი იქნებოდა.

პარალელურად ვარ ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორი.

-გვიამბეთ ID VISION-ის კონცეფციისა და  ხედვის  შესახებ

-ID VISION კედლის ქაღალდთან ერთად ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარს ქმნის. ჯერ იქმნება პატერნი, რომელიც შემდეგ სხვადასხვა მეთოდით იპრინტება ქსოვილზე ან ქაღალდზე. ჩვენი კოლექციები დაყოფილია ოთხ ნაწილად და მომხმარებელს ვთავაზობთ არქიტექტურულ, ყვავილოვან, წყალქვეშა და ტრადიციული ნარატივების მქონე პროდუქციას. მათი შექმნის ინსპირაციას არქიტექტურული ნაგებობებიდან, სხვადასხვა ადგილებიდან და ნივთებიდან ვიღებ, რომლებიც ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენენ.

ჩამოთვლილი კოლექციებიდან, ოთხივე სრულიად განსხვავებული ტექნიკით იხატება და ასევე განსხვავებული ფერების გამა თუ ვიზუალი აქვს. მაგალითად, წყალქვეშა კოლექცია სამგანზომილებიანი ვიზუალითა და საკმაოდ ინტენსიური ფერებით ხასიათდება. თითოეული კოლექცია მუდმივად განახლებადია – მათ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ეგზემპლარი ემატება.

-ქართული წარმოების შპალერს ბაზარზე იშვიათად ვხვდებით. გვიამბეთ შპალერის შექმნის პროცესზე – რის მიხედვით არჩევთ პატერნებს, რა ეტაპებს გადის შპალერის შექმნის იდეა, სანამ რეალიზდება და მომხმარებელს წარედგინება?

-შპალერი პირველ ეტაპზე იხატება ხელით, შემდეგ კოლექციების მიხედვით, სხვადასხვა ტექნიკის  გამოყენებით, იქმნება კომპოზიცია. კოლექციის ესთეტიკიდან გამომდინარე, ვარჩევ სხვადასხვა ფერების გამას. შემდეგი ეტაპი არის ცდების ჩატარება ყველა ფერსა და კომპოზიციაზე, რათა საბოლოო პროდუქტი ჩანაფიქრთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოვიდეს.

ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საბეჭდი მელნის ეკოლოგიური სისუფთავე. გამოყენებული ფურცელი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, რომელიც იქნება სერტიფიცირებული.

-გვიამბეთ ქართველი მომხმარებლის გემოვნებაზე, რა ტენდენციები შეინიშნება ამ მხრივ? აქვთ თუ არა მათ კონკრეტული ნივთებისა და პატერნების მიმართ გამოკვეთილი სიმპატია?

-ID VISION-ის არქიტექტურული კოლექციის პატერნებმა ყველაზე დიდი გამოხმაურება მოიპოვა საქართველოში, ისევე, როგორც მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი დაკვირვებით, ქართველი მომხმარებელი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქციის ხარისხს და მოსწონს ფერების ფართო არჩევანი.

-ქართული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებით ხშირად ვისმენთ სტერეოტიპულ ფრაზას – “ქართული უხარისხოა”. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

-ჩემთვის კარგი პროდუქტი არ განისაზღვრება წარმოების ლოკაციით. ვფიქრობ, მთავარია  იცოდე, როგორ შექმნა კარგი ხარისხის პროდუქტი და  გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ. თუ იღწვი დასახული მიზნის მიღწევისკენ და პროდუქციის სრულყოფილებისკენ, საქართველოშიც ისეთი ხარისხის მომსახურებასა და პროდუქციას შესთავაზებ მომხმარებელს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
რაც შემეხება მე, როგორც გითხარით, მაგისტრატურა პრატის უნივერიტეტში დავამთავრე  ინტერიერის დიზაინის განხრით (Pratt Institute- Masters of Science in Interior design). ამ უნივერსიტეტში ძალიან დეტალურად შევისწავლე ინტერიერის დიზაინის მასალების წარმოების, მათი დეტალური სპეციფიკაციისა და სწორად გამოყენების ტექნიკა,  ამიტომ ვფიქრობ, აშშ-ში რვაწლიანი სწავლისა და მუშაობის გამოცდილება ძალიან მეხმარება  ხარისხიანი პროდუქციის შექმნაში.

-რა შედის ID VISION-ის სამომავლო გეგმებში?

-ძალიან მალე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ვებ-გვერდი, შემდეგი ეტაპი კი ჩვენი ბრენდის სახელისა და პროდუქციის საზღვრებს მიღმა გატანა იქნება. ამერიკაში სწავლისას და მუშაობისას დამიგროვდა საინტერესო კონტაქტები, გავიცანი ადამიანები, რომელთაც ჩემი ნამუშევრების მიმართ დაინტერესება გამოხატეს. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ში მდებარე რამდენიმე მაღაზიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ვფიქრობ, ID VISION-ის პოპულარიზაციისთვის ეს მომავალი ნაბიჯები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იქნება. ასევე, მუდმივად დაგვემატება ახალი კოლექციის პატერნები და  ინტერიერის დიზაინის ისეთი აქსესუარები, როგორებიცაა განათებები, ხალიჩები და ა.შ.

#რაშენდება: პარკ ორთაჭალა

ჭკვიანი სახლის 7 მოწყობილობა, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ