ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარე კაფე, რომელზეც NS Studio-მ იმუშავა, გეომეტრიული ფორმების, ნეიტრალური ტონებისა და არსებული გარემოს დაბალანსებული შერწყმით ხასისათდება.
პროექტის კონცეფცია შთაგონებულია ადგილმდებარეობითა და კომპლექსის ირგვლივ არსებული გამწვანებული გარემოთი. ინტერიერის მინიმალისტური ხასიათითა და ვიტრაჟებს მიღმა რეკრეაციის სიმბიოზით იქმნება მშვიდი და სასიამოვნო გარემო ვიზიტორთათვის.

სივრცის გეგმარება კაფის ყოველდღიურ რიტმზეა მორგებული. მასშტაბური, მოძრავი ვიტრაჟები ერთგვარ საზღვარს ქმნის შიდა და გარე სივრცეებს შორის და ამავდროულად, საჭიროების სემთხვევაში, აერთიანებს მათ. სწორედ ამ იდეას ემსახურება ორმხრივი ბარიც, რომელიც თანაბარი პრაქტიკულობით ფუნქციონირებს როგორც ყოველდღიურ რეჟიმში, ისე სხვადასხვა ღონისძიების დროს. ნაწილობრივ ღია სამზარეულო (show kitchen), სივრცეს კიდევ უფრო აცოცხლებს და სტუმრებს კულინარიული პროცესის თანამონაწილედ აქცევს.
სივრცის ფერთა გამა ძირითადად ნეიტრალური ტონებისგან შედგება – თეთრი ფერი, უჟანგავი მეტალის ამრეკლი ფაქტურები, ბუნებრივი ხის ზედაპირები და აქცენტირებული ლურჯი ტონები. ჩამოთვლილი ფერების რაციონალური გადანაწილებით პროექტის ავტორებმა მიიღეს გარემო, რომელიც მის ირგვლივ არსებულ თვალწარმტაც ბუნებასა და ზღვის ხედებთან გაერთიანებით საბოლოო იერსახეს იღებს.

პროექტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბუნებრივ განათებას. უხვი მზის სხივების საშუალებით კიდევ უფრო ნათელი და ჰაეროვანი ხდება ინტერიერის სივრცე, რაც აძლიერებს ინტერიერის სტილისტურ კავშირს ზღვასთან.
ტერასასის პალიტრა თბილ, ბუნებრივ ტონებშია გადაწყვეტილი, რათა გარე ავეჯი მაქსიმალურად ორგანულად შერწყმოდა გამწვანებასა და კომპლექსის საერთო არქიტექტურას.
NS Studio-ს მიერ შექმნილი პროექტი ნათლად აჩვენებს თუ როგორ შეიძლება, მინიმალისტური დიზაინის, ფუნქციური დაგეგმარებისა და გარემოსადმი მგრძნობიარე მიდგომის შერწყმით შეიქმნას სივრცე, რომელიც ვიზიტორებს ერთდროულად კომფორტულ, ესთეტიკურ და ბუნებასთან ჰარმონიულ გამოცდილებას სთავაზობს. ინტერიერის თითოეული დეტალი საერთო კონცეფციას ემსახურება და ზღვისპირა ობიექტის უნიკალურ ხასიათს თანამედროვე დიზაინის ენით წარმოაჩენს.















