in ,

კედლის მხატვრობა როგორც სივრცის დეკორირების ტრენდული ხერხი – ქეთევან ლობჯანიძის გამოცდილება

ქეთევან ლობჯანიძე პროფესიით თეატრის დეკორატორ-მხატვარია. როგორც თავად გვიამბობს, ნ.ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლისა და ა. ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ იგი საკმაოდ ბევრს ფიქრობდა, თუ როგორ გაეგრძელებინა საკუთარი კარიერული გზა და დაეკმაყოფილებინა ხატვისადამი უდიდესი ლტოლვა. ამ მხრივ საკმაოდ ბევრი ინტერესის წყარო გააჩნდა – ეს იყო კერამიკაზე ხატვა, ხელნაკეთი ნივთები, ტილოზე ნამუშევრები და უამრავი სხვა სფერო, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან. თუმცა, საბოლოო ჯამში, ქეთევანი დღეს ინტერიერისა და ექსტერიერის კედლების მოხატვით არის დაკავებული. წლების წინ, როდესაც ამ მიმართულებით დაინტერესდა, ეს სფერო საქართველოში იმდენად განვითარებული არ იყო, თუმცა ინტერიერის დიზაინის უმთავრესი ტენდენციების გათვალისწინებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში სულ სხვა სურათი გვაქვს და ქეთევანის მორიგმა გატაცებამ საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო. სწორედ ამ თემაზე გაესაუბრა მას ჟურნალი Homeis.ge.

ქეთევან, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის ადრეული წლების შესახებ. როდიდან დაიწყეთ ხატვა და როგორ გადაიზარდა თქვენი გატაცება პროფესიაში?

დავიბადე მრავალშვილიან ოჯახში. დედა პროფესიით პედაგოგია და ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული შვილებისათვის სრულფასოვანი განათლების მიცემასა და პროფესიის დაუფლების საკითხში. მის თვალთახედვას არ გამოჰპარვია ჩემი ხატვისადამი სიყვარული ბავშვობის ასაკიდან და მისი დიდი აქტიურობით  დაიწყო  ჩემი პირველი ნაბიჯის გადადგმა ხელოვნების სფეროში. საბაზო განათლება ხატვის მიმართულებით მაშინდელ “პიონერთა სასახლეში” მივიღე, შემდგომ იყო ხელოვნების სკოლა და მცირე გამოფენები. ეს ყველაფერი მაძლევდა სტიმულს, მუდმივად განვვითარებულიყავი.

მე გაუცნობიერებელი ასაკიდან ვხატავ. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე, რისი საშუალებაც იმ მომენტში მქონდა. თავდაპირველად ვცადე საკუთარ ტანსაცმელსა და ჩანთებზე ინდივიდუალური ესკიზების შექმნა. შემდგომ ჩავთვალე, რომ უფრო მასშტაბური სახე უნდა მიმეცა ამ ყველაფრისთვის და სახლის კედლებზე ჩავატარე ექსპერიმენტი, რამაც ახლობლებსა და მეგობრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ დამებადა იდეა, რომ ჩემი გატაცება სხვა დონეზე ამეყვანა. შედეგად, სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი და გამოხმაურებებმაც არ დააყოვნა. ასე ვაქციე კედლების მოხატვა ჩემს ახალ საქმიანობად.

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში საკმაოდ ტრენდულია სივრცეების მოხატვა. თუმცა, მაშინ, როდესაც თქვენ ეს საქმიანობა წამოიწყეთ, საქართველოში ეს მიმართულება ნაკლებად იყო განვითარებული. გვიამბეთ თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ.

პროფესიით ვარ თეატრის დეკორატორ-მხატვარი და ვფიქრობ, ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ახლანდელ გატაცებაზე.  ინტერიერისა და ექსტერიერის თეორიული დაგეგმარების ცოდნა ძალიან დამეხმარა დამკვეთისათვის მიმეცა ზუსტი რჩევები ამა თუ იმ დეკორაციის შერჩევისას, მასშტაბების გათვლასა და ფერების შედგენაში. 2015 წელს, როდესაც ჩემს პირველ პროექტს შევეჭიდე, კედლის მხატვრობა პოპულარულ სფეროდ არ მიიჩნეოდა, მაგრამ გარისკვად ნამდვილად ღირდა. პირველი იყო საბავშვო ბაღის პროექტი, რომელმაც მთლიანად ჩამითრია ამ სფეროში, აღმოჩნდა ძალიან აზარტული და საინტერესო. მას შემდეგ უამრავი ნამუშევარი მაქვს შექმნილი ამ მიმართულებით.

რა სპეციფიკასთან არის დაკავშირებული კედლის მხატვრობა? რა ეტაპებისგან შედგება ეს პროცესი?

ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რა გზით წავალთ ამა თუ იმ პროექტზე მუშაობის პროცესში, არის უშუალოდ ის სივრცე, რომელზეც მიწევს მუშაობა. შემდეგი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი დამკვეთთან ურთიერთობაა. პირველ რიგში, ხდება მისი იდეის გაანალიზება და სივრცის კვლევა, შესწავლა, შემდგომ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და კონცეფციის შედგენა. დამკვეთის სურვილების დეტალურად გაცნობის შემდეგ დგება ესკიზი ანუ ეგრეთწოდებული “ჩონჩხი” და შემდგომ უკვე ვიწყებთ ტექნიკურ საკითხზე ზრუნვასა და მომზადებას, რასაც ალბათ მარტო ვერ შევეჭიდებოდი, ამიტომ ეს მხარე მთლიანად მინდობილი მაქვს ჩემს მეუღლეზე, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, რადგან ეს ყველაფერი დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს.

რას გვეტყვით დამკვეთთან ურთიერთობის თავისებურებებზე? რა გამოცდილება მიიღეთ ამ მხრივ?

როგორც უკვე აღვნიშნე, დამკვეთთან ურთიერთობა ჩვენს სფეროში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველა შემთხვევა განსხვავებულია და მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. ბუნებრივია, ბევრად მეტი თავისუფლება გვაქვს, როდესაც ვმუშაობთ კომერციული სივრცეების შექმნაზე. ყველაზე მეტად დამკვეთი ჩართულია მაშინ, როცა მის პირად საცხოვრებელ სივრცეზე ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია იმ ადამიანის ხასიათისა და პირადი სამყაროს გათვალისწინება, ვისთვისაც იქმნება ეს კონკრეტული სივრცე. საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა ისეთ დამკვეთთან მუშაობა, რომელიც არ უშინდება ახალ გამოწვევებს. სწორედ ეს დამოკიდებულებაა გადამწყვეტი ჩვენი სფეროს განვითარებისთვის.

ვისაუბროთ თქვენი მომსახურების ფინანსურ მხარეზე. როგორ ხდება თქვენი ნამუშევრების შეფასება?

ჩვენი სამუშაოს ღირებულების დადგენა ხდება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. ეს არის ობიექტის ადგილმდებარეობა, კვადრატულობა და თავად ნახატის სპეციფიკა. შესაბამისად, ყველა პროექტი ინდივიდუალურად ფასდება.

1930-იანი წლების საოჯახო ბინის რენოვაცია ბარსელონაში

როგორ შევარჩიოთ ნახატები ინტერიერისთვის? – რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია