in

ხის მასალა ინტერიერში – Homeis.ge-ს რჩეული პროექტები საქართველოდან

ინტერიერში ხის გამოყენება სივრცეს ბუნებრიობასა და სიმსუბუქეს სძენს, რისი წყალობითაც სახლში საოცრად მყუდრო გარემო იქმნება. თანამედროვე დიზაინში ხის მასალა სივრცის სხვადასხვა ნაწილში ხშირად გვხვდება. ეს ტენდენცია, უპირველესად, იმითაა გამოწვეული, რომ XXI საუკუნეში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამავე დროს, საკმაოდ პოპულარულია მინიმალისტური სტილითა და სკანდინავიური შტრიხებით შექმნილი ინტერიერი, რომლის უმთავრესი ელემენტი სწორედ ხეა. დღეს იმ რჩეულ პროექტებს გაგაცნობთ საქართველოდან, რომლებშიც ხის მასალა დომინირებს.

სახლი კაკლებში 

კაკლების დასახლებაში მდებარე სახლში ხის მასალა დომინირებს. იგი საცხოვრებლის ყველა ნაწილშია გამოყენებული. სივრცის ერთიანობას ღია ხისფერი პარკეტი განსაზღვრავს, რომელიც თბილ და დადებით გარემოს ქმნის. კედლებზე განთავსებული ხის პანელები ინტერიერის მთლიანობას განაპირობებს. გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოში გვხვდება ხის სასადილო მაგიდა; ხითაა გაფორმებული ტელევიზორის სადგამი და სამზარეულოს ავეჯიც. ხის კიბეები მეორე სართულზე ადის, სადაც სკანდინავიური მინიმალიზმი მეორდება, რაც, საერთო ჯამში, სახლის გამორჩეულ იერსახეს განაპირობებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი დიღომში 

„იდააფ არქიტექტორების“ ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია „სახლი დიღომში“, რომელიც ორიგინალური ხელწერითა და მიმზიდველი იერსახით გამოირჩევა. პროექტს განსაკუთრებულობას სძენს ჭარბად გამოყენებული ხის მასალა, რომელიც იატაკზე, კედლებზე, კარსა და ავეჯზე გვხვდება. განსხვავებულ აქცენტებს ქმნის „იდააფ არქიტექტორების“ მიერ ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ავეჯი. ხის გამოყენებით შექმნილი, ორიგინალური ფორმებით გამორჩეული ინტერიერი მნახველის ყურადღებას დანახვისთანავე იპყრობს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა სკანდინავიური და იაპონური შტრიხებით 

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე დავით ხიდურელის სახლი ნებისმიერს მონუსხავს. მისი ინტერიერი ბუნების ჰარმონიული გაგრძელებაა. ძირითად ტონალობად თეთრი ფერია შერჩეული, რომელიც ბუნებრივი მასალითაა გაფორმებული. ხის ფაქტურის დომინირებით, იაპონურ და სკანდინავიურ სტილთა სინთეზით ჰარმონიული, ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერი იქმნება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ინტერიერი კრწანისში  

ინტერიერის დიზაინის სტუდია „WOM“-ის ამ ნამუშევარში გამოყენებულ ბეტონის კონსტრუქციას კედლებსა და ავეჯზე არსებული ხის აქცენტები აბალანსებს. კედლებსა და კარზე ხის პანელებია განთავსებული, რაც სივრცის ხასიათს განსაზღვრავს. ხის მასალა განსაკუთრებით ჭარბადაა გამოყენებული სამზარეულოში, სადაც ჩაშენებული კარადა, სამზარეულოს კუნძული და ავეჯი მთლიანად ხისგანაა დამზადებული. სწორედ ბუნებრივი მასალის სიუხვე განაპირობებს სივრცის ორიგინალურობასა და ინდივიდუალურობას.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ვერაზე

ირმა გოგიაშვილის მიერ შექმნილი ინტერიერი ნათელი, ჰარმონიული და მყუდროა. სახლის კონცეფცია ღია ტონებისა და ხის მასალის აქტიურად გამოყენებას ეფუძნება. ბინაში განთავსებული ავეჯი და კარები ხისგანაა დამზადებული. ღია ხისფერ იატაკს სივრცეში სითბო და დადებითი განწყობა შეაქვს. დომინანტური სითეთრე ბუნებრივი მასალითა და მიმზიდველი დიზაინობიექტებითაა დაბალანსებული, რაც, საერთო ჯამში, სადა, მშვიდ და ესთეტიკურად დახვეწილ ინტერიერს ქმნის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ნათელი ბინა კაკლებში  

ელენე ბერაძის პროექტში ხის მასალა აქტიურადაა გამოყენებული. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული სამზარეულოს კუთხეა, რომელიც მთლიანად ხისგანაა დამზადებული. სივრცის მთლიანობას ხაზს უსვამს ხის კარი, კედლის პანელები და ოთახებს შორის განთავსებული ხის ტიხარი, რომელსაც ინტერიერში სკანდინავიური შტრიხები შეაქვს. დანარჩენ ოთახებში არსებული ხის ავეჯი და აქსესუარები სახლის საერთო ხასიათსა და განწყობას ჰარმონიულად ერწყმის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბუნებრივი მასალით შექმნილი ინტერიერი კრწანისში

„კერე დიზაინის“ ნამუშევარი ასევე ბუნებრივი მასალითაა შექმნილი, რის გამოც მასში სიმშვიდე და ჰარმონია მძაფრად იგრძნობა. კედლები თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ჭერზე გამოყენებული ხის კონსტრუქციები და ავეჯი კი სახლის ყველა ზონაში გვხვდება. ღია ხისფერი იატაკი ბინას მდიდრულ, საინტერესო და ორიგინალურ იერსახეს ანიჭებს. ინტერიერის კონცეფცია, რომელიც ბუნებრივი, მყუდრო და მშვიდი გარემოს შექმნას გულისხმობდა, სწორედ ხის ფაქტურის დომინირებითა და ზომიერების დაცვით განხორციელდა. სივრცეს მეტ მყუდროებას სძენს მინიმალისტური სტილი და სკანდინავიური აქცენტები.

იხილეთ პროექტი დეტალურად

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სამზარეულოს გეგმარების ძირითადი პრინციპები — სალომე მეტრეველის რჩევები

არქიტექტურა, როგორც მნიშვნელოვანი მისია და უკეთესი გარემოს შექმნის სურვილი