in ,

30 კვ/მ “ხრუშჩოვკის” სრული რედიზაინი დიღმის მასივში – ანანო მეგრელიშვილის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ანანო მეგრელიშვილი Concept Design Studio-ს დამფუძნებელია. ეს არის პროფესიონალი დიზაინერებისგან შემდგარი სტუდია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს ბაზარზე და მთავარ მიზნად ისეთი სივრცეების შექმნას ისახავს, რომელშიც დამკვეთები თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობენ.

პროექტი, რომელზეც დღეს გიამბობთ ე.წ. “ხრუშჩოვკის” ტიპის ბინის ტრანსფორმაციას წარმოადგენს. სივრცე ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომელთა მთავარი სურვილი ბინის სრული ტრანსფორმაცია და კარდინალური ცვლილებების მიღება იყო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დამკვეთი, ანა სარალიძე, დამწყები ინტერიერის დიზაინერია. სწორედ ამიტომ, ის აქტიურად იყო ჩართული საკუთარი საცხოვრებლის დიზაინის შექმნაში Concept Design Studio-სთან ერთად.

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, მან დამკვეთისგან ორი უმთავრესი დავალება მიიღო: ბინაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო იზოლირებული საძინებელი ოთახი, ხოლო სველ წერტილში ცალკე მდგომი აბაზანა უნდა განთავსებულიყო. შესაბამისად, ანანო მეგრელიშვილმა სწორედ ამ მითითებების გათვალისწინებით დაიწყო დიზაინის კონცეფციაზე ფიქრი.

პირველ რიგში, დავიწყე სივრცის გააზრება. ვინაიდან ბინას მხოლოდ ორი ბუნებრივი განათების წყარო აქვს, ეს მეტად ართულებდა დავალებას. თუმცა, საბოლოოდ, ერთი ფანჯარა დავტოვე საძინებელში, ხოლო მეორე, რომელსაც აივანი აქვს, მისაღებში დარჩა. კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბინაში პასტელური და სადა ფერები შევიმუშავეთ. როგორც ცნობილია, „ხრუშჩოვკის“ ტიპის პროექტს საკმაოდ დაბალი ჭერი აქვს, ამიტომ კედლები და ჭერი ერთი ფერის საღებავით შევღებეთ, რათა ზღვარი კედლებსა და ჭერს შორის ვიზუალურად დაგვეკარგა. ამას გარდა, იქ, სადაც შესაძლებელი იყო, გავითვალისწინე დამატებითი სათავსოები ჭერამდე, რამაც სივრცის ვიზუალურად გაზრდის საშუალება მოგვცა,”ანანო მეგრელიშვილი

მისაღები სივრცის ფართი 15,93 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ვინაიდან სამზარეულოს განთავსება ამავე ოთახში ხდებოდა, ანანომ სწორება თავიდანვე ჩასაშენებელ მაცივარსა და ტექნიკაზე გააკეთა, რამაც სივრცის დაზოგვისა და ესთეტიკურობის თვალსაზრისით, დიდი როლი ითამაშა.

საძინებელი სულ რაღაც 6 კვადრატული მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდერობის ადგილი ფაქტობრივად არ არსებობდა. თუმცა, ანანომ აქაც იპოვა გამოსავალი და მან საწოლისა და გარდერობის კომბინირებული დიზაინი შეიმუშავა, რაც ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტა აღმოჩნდა.

„ამ პროექტზე მუშაობისას უამრავ სირთულეს წავაწყდით, მაგრამ განსაკუთრებულად გამოვყოფდი ორ მთავარ გამოწვევას: პირველ რიგში, ეს იყო ფართის სიმცირე. საკმაოდ რთული იყო, გამეთვალისწინებინა დამკვეთის მოთხოვნები და ამავდროულად თითოეულ სანტიმეტრს „გავფრთხილებოდი“. ასევე დიდი გამოწვევა იყო ჭერის სიმაღლეც.

მეორე პრობლემა უშუალოდ რემონტის დროს აღმოჩენილი არასწორი და ძალიან ძველი სანტექნიკური გაყვანილობა, ელექტრობის ქსელები და სხვა კომუნიკაციები იყო. საჭირო გახდა ამ ყველაფრის სრულად გამოცვლა. ასევე სრულად განახლდა კარ-ფანჯარა და ახალი, მუქი ფერის ალუმინით  ჩანაცვლდა,” ანანო მეგრელიშვილი

რენოვაციის შემდგომ

ცალკე აღნიშვნის ღირსია აბაზანა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საერთო ფართი 4.21 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ანანო მეგრელიშვილმა შეძლო დამკვეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება და აქ ცალკე მდგომი აბაზანა განათავსა. კედლების მოპირკეთების მხრივ გამოყენებულია ჭრელი კერამოგრანიტისა და თეთრი ფერის ფილების კომბინაცია, რაც მეპატრონეების სურვილს სრულად მოერგო.

რაც შეეხება ინტერიერში გამოყენებულ ავეჯს (როგორც რბილი, ასევე მყარი), ის სრულად საქართველოშია დამზადებული სპეციალური დაკვეთით და შესაბამისად, იდეალურად შეესაბამება მოცემული სივრცის ზომებს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ პროექტში ანანო მეგრელიშვილმა დასახულ მიზანს მიაღწია და შექმნა სრულიად განახლებული სივრცე, რომელიც დამკვეთის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

პროექტის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი

დიზაინ სტუდია: Concept Design Studio

ბინის საერთო ფართობი: 30 კვ/მ

მდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი

შესრულება: 2021 წელი

 

 

როგორ გავაფორმოთ ბუხარი მარტივად?

ჰელე მარდალი – რბილი და მკვეთრი ფორმების დიზაინერი