in

ესთეტიკისა და ფუნქციურობის სინთეზით შექმნილი პროექტები — ინტერვიუ მარიამ ყარყარაშვილთან

მარიამ ყარყარაშვილი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. ახალი სივრცის შექმნისა და გარდაქმნის ინტერესი მას ბავშვობიდან ჰქონდა. პატარა ასაკიდან საკუთარ ოთახსა და საცხოვრებელს სხვადასხვა ნივთებითა და აქსესუარებით აწყობდა. მისი შემოქმედებითი თავისუფლება კი იმ გარემოს დამსახურებაა, რომელშიც გაიზარდა. მშობლები საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას შეზღუდვების გარეშე აძლევდნენ და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებაში ეხმარებოდნენ. საკუთარ პროფესიულ არჩევანს განსაკუთრებით მამას უმადლის,  რომელსაც მისი წარმატების სჯეროდა და ყოველთვის მხარს უჭერდა.  დღეს უკვე არაერთი საინტერესო პროექტის თანამონაწილეა, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო არქივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დიზაინის. ჩვენთან საუბრისას ის თავის განვლილ გზასა და შემოქმედებას იხსენებს და ქართულ არქიტექტურასა და არსებულ პრობლემებზე მოსაზრებებს გვიზიარებს.

მარიამ, როგორ გაიხსენებდით თქვენს ბავშვობას? ადრეული ასაკიდან დაინტერესებული იყავით არქიტექტურითა და დიზაინით?

ბავშვობაში თამაშისას ძირითადად სახლებს ვაშენებდი და ინტერიერებს ვაწყობდი, ყველაფერს ვიყენებდი, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. ოთახში ჩემს პირად სივრცეს  სხვადასხვა საშუალებით, დეკორითა და ჭურჭლით ვრთავდი. მახსოვს, ხანდახან არამყარი კონსტრუქცია დაშლისას მიტყდებოდა. პატარა ვიყავი, როდესაც ერთ ზაფხულს, ჩვენი ნათესავების ეზოში თივის ზვინში გავაკეთე დიდი ფუღურო, შევიტანე პატარა სკამები და მაგიდა,  დავკიდე ხელნაკეთი ჭაღი, მოვაწყვე “ბუხარი”, მეტი რეალიზმისთვის კი ჩუმად გამოვიტანე სახლიდან ასანთი და ბუხარი დავანთე… ასე დავწვი თივის ზვინი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ამგვარი ოინების მიუხედავად, მშობლები არ აპროტესტებდნენ ჩემეული თამაშის სტილს. სრული თავისუფლება მქონდა, რომ საკუთარი თავი გამომეხატა.

ჩემს პროფესიას მამას ვუმადლი, ადრეული ასაკიდან არქიტექტორობა გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ მოგეხსენებათ, წლების წინ ეს საქმიანობა შთამომავლობით გადასაცემ პროფესიად მიიჩნეოდა. ვინაიდან არ ვარ არქიტექტორების ოჯახიდან, დედას ეშინოდა, რომ წარმატებას ვერ მივაღწევდი და არ მიწონებდა გადაწყვეტილებას. მამა კი ჩემი მხარდამჭერი იყო.

თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი

როგორ განვითარდა შემდგომში თქვენი პროფესიული გზა?

სკოლის ასაკიდან შემიყვარდა  ხაზვა  და  ხატვა. სხვადასხვა სასკოლო თუ რეგიონულ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას.  დიდ სიამოვნებას მანიჭებდა დეტალების ხაზვა და რთული ფორმების გამოყვანა. ხატვის გაკვეთილებს  ბატონ რობერტ ჩოჩელთან გავდიოდი, რომელმაც შუქ-ჩრდილის როლის მნიშვნელობა კარგად დამანახა. სკოლის დამთავრების შემდგომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც არქიტექტურულ გეგმარებაში დავიცავი დიპლომი ბატონ ზაზა სვანაძესთან.

უნივერსიტეტის დასრულებისთანავე საინტერესო შემოთავაზება მივიღე ერთ-ერთი უცხოური კომპანიისაგან, რომელსაც ფილიალი ჰქონდა საქართველოში ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სამუშაო პირობებით. 3D პროგრამაში ვაწყობდით ქალაქების ზუსტ მოდელებს. იმ პერიოდში მსგავს პროგრამაში მუშაობა დიდი იშვიათობა იყო, ამიტომ მსურველებს ახალ ტექნოლოგიას ვასწავლიდით და მალევე ვასაქმებდით. ამასთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა, მემუშავა იმ დროისთვის ყველაზე დიდ დეველოპერულ კომპანიაში (Axis), რომელმაც საქართველოში პირველმა დანერგა მომხმარებელთა სერვისის სამსახური. „აქსისმა“ ჩემს პროფესიულ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. პროექტებზე მუშაობის პარალელურად, მუდმივად მიწევდა დამკვეთებთან ურთიერთობა, რამაც გამიუმჯობესა კომუნიკაციის უნარი და ინტუიცია, თუ როგორი დიზაინი შეიძლება შესთავაზო განსხვავებული ტიპის ადამიანებს. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ კომპანიასთან მითანამშრომლია და ინტერიერის დიზაინზე მიმუშავია. ვიყავი დეველოპერულ კომპანია „M2“  დიზაინ ჯგუფის ხელმძღვანელიც, სადაც ძალიან დიდი პროექტები მებარა და ჩემს კოლეგებთან ერთად უამრავი ბინის მოწყობა-განხორციელება შევძელი.

წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი სახელმწიფო უწყებებთან. გამოვყოფდი აღსრულების ეროვნული ბიუროს პროექტსა და საქართველოს სახელმწიფო არქივის ინტერიერს. ამჟამად ვსაქმიანობ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში, სადაც მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების ინტერიერებზე ვიმუშავე. თბილისში დავაპროექტე აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერიერი
საქართველოს ეროვნული არქივი

განსაკუთრებულად აღვნიშნავდი ცნობილ საერთაშორისო საპროექტო კომპანია „UNStudio“-სთან თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინტერიერის დიზაინზე. ასევე საპროექტო კომპანია „მიდამოსთან“ ერთად ვმუშაობ საზოგადოებრივ ინტერიერებზე.

ფოტო: გიორგი მამასახლისი
ფოტო: გიორგი მამასახლისი
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო: გიორგი მამასახლისი

ვისაუბროთ თქვენს პროფესიაზე. როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს არქიტექტურისა და დიზაინის მთავარი ამოცანა? 

არქიტექტურა პროექტირებისა და შენების ხელოვნებაა. თანამედროვე არქიტექტურა ეხმიანება ყოფით მოთხოვნებს, ინტერიერზე  მუშაობა კი ფსიქოლოგობის ტოლფასია, რადგან ერთისთვის კარგი ინტერიერი სხვისთვის, შესაძლოა, ძალიან არაკომფორტული იყოს. ამიტომ ყოველთვის ვფიქრობ ადამიანის ფსიქოტიპზე. არქიტექტურა ცოცხალი ორგანიზმივითაა, მუდმივად ვითარდება და ჩვენც ამ განვითარებას უნდა ავუწყოთ ფეხი. ვფიქრობ, თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი მორგებული უნდა იყოს გარემოს და აერთიანებდეს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებს.  „ჭკვიანი სახლის“ სისტემები სულ უფრო პოპულარული ხდება, ამავდროულად, მოთხოვნა იზრდება სამშენებლო მასალების ეკოლოგიურობასა და  ბუნებრიობაზე, თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი კი ამ ყოველივეს უნდა მოიცავდეს.

ამბროლაურის აეროპორტი

რას იტყოდით ქართულ არქიტექტურასა და დიზაინზე? რა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას და განვითარების რა ეტაპზეა ეს სფერო?

დღეს ქართული არქიტექტურისთვის მთავარი გამოწვევა არის ის მძიმე ქაოსური არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომელიც პოსტ-საბჭოთა პერიოდმა დაგვიტოვა. ამის გამო თანამედროვე ქართველ არქიტექტორებს საკმაოდ მძიმე და რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ხშირ შემთხვევაში ბეწვის ხიდზე გავლა გვჭირდება იმისათვის, რომ ოქროს შუალედი დავიცვათ, რათა ეს ქაოსი როგორმე მოწესრიგდეს. ჩემი აზრით, გამოსავალი განვითარებაშია, უფრო მეტი მსოფლიო მაგალითი უნდა გავითვალისწინოთ და კომუნიკაცია გვქონდეს არქიტექტურის  მომიჯნავე ყველა იმ დისციპლინის სპეციალისტთან, რომელთა  გარეშეც  პროექტი ვერ შედგება.

ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს  ბევრი გემოვნებიანი არქიტექტურული სტუდია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ამ მხრივ დიდი პროგრესია ჩვენს ქვეყანაში. არაერთ პროფესიონალს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი თავი მსოფლიოს გააცნოს. ახალ თაობას ადვილად მიუწვდება ხელი ისტორიულ თუ თანამედროვე მასალებზე, რაც იმედია, კიდევ უფრო დადებითად აისახება ქართულ არქიტექტურაზეც.

კლინიკა “კარავი”

დავუბრუნდეთ თქვენს შემოქმედებას. როგორია თქვენი მუშაობის პროცესი, რა არის ამ დროს მთავარი და რისგან ღებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?   

პროექტზე მუშაობისას ყოველთვის ვითვალისწინებ გარემოს და დიდ ყურადღებას ვაქცევ სივრცის ფუნქციურ დატვირთვას. ჩემთვის დიზაინი, პირველ რიგში, სივრცით მოსარგებლე  ადამიანის კომფორტზეა ორიენტირებული. წინასწარ ვსაზღვრავ ხალხის მოძრაობის ტრაექტორიას, როგორია მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი თუ ჩვევები. მგონია, რომ უმთავრესია ნივთს პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდეს, როდესაც კომფორტის საკითხი გადაჭრილია, ფორმისა და ფერის შერწყმით ერთიან, დასრულებულ იერსახეს იღებს დიზაინი.

პროექტირება და მშენებლობა დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს, ამ დროის განმავლობაში კი თითოეული პროექტი საკუთარი იდენტობის ნაწილი ხდება. განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს საბავშვო სივრცეებზე მუშაობა, ამ დროს ვისვენებ და თითქოს ბავშვის თვალით ვუყურებ სამყაროს. თავად სამი შვილი მყავს და კარგად მესმის მათი საჭიროებები, ფუნქციური და ერგონომიული საკითხები. ვცდილობ, ესთეტიკა პრაქტიკულობას შევუხამო და მეტად ფუნქციური და ზღაპრული გავხადო ბავშვების გარემო.

კლინიკა “რეიმანი”

გაგვიზიარეთ თქვენი მიმდინარე გეგმები

ბევრს ვმუშაობ პროექტებზე და საკუთარ თავზე, მინდა ყოველთვის თანამედროვე მიღწევების პულსაციას ვგრძნობდე. მუდმივად ვეძებ სიახლეებს, ამიტომ არ ვამბობ უარს ბევრ საქმეზე. ერთდროულად რამდენიმე პროექტს ვაკეთებ და დაღლის მიუხედავად, დიდ სიამოვნებას ვიღებ ამით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოფისი

დაბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდა კოლეგებს? 

ჩვენი პროფესია დიდ შრომასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ როდესაც პროექტი ჩანაფიქრის იდენტურად რეალიზდება, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. ახალგაზრდებს ვურჩევდი, არ უღალატონ ცხოვრებისეულ პრინციპებს, აკეთონ საქმე სიყვარულითა და პასუხისმგებლობით, მიიღონ სიამოვნება პროცესით და რაც მთავარია, დატკბნენ შედეგით.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სანტექნიკოსის გამოძახება – 7 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ამ მომსახურებას გაგიწევთ

ფსიქოთერაპევტის სამუშაო სივრცე მინიმალისტური დიზაინით — ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი