in

როგორ დავამონტაჟოთ მოლდინგები საკუთარი ხელით?

დღეს მოლდინგები აქტიურად გამოიყენება კედლების გასაფორმებლად, ხარვეზების დასამალად ან უბრალოდ დეკორის სახით. მოლდინგები ქმნიან მრავალფეროვან რელიეფურ და მოცულობით ფორმებს და სივრცე ჰარმონიაში მოჰყავთ. მათი დამონტაჟება საკმაოდ მარტივია, მონტაჟის სპეციფიკასთან გამკლავება კი თითქმის ყველას შეუძლია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა დაამონტაჟოთ მოლდინგები საკუთარი ხელით, ექსპერტების დახმარების გარეშე.

სანამ უშუალოდ მონტაჟის ეტაპზე გადახვალთ, გაითვალისწინეთ, რომ წებოს შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უხარისხო წებოს შემთხვევაში, შესაძლოა მასალის კედელზე დამაგრება ვერ მოხერხდეს, ან ძალიან მალე დაზიანდეს. წებოს შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია და უმეტესად მასზეა დამოკიდებული შესრულებული სამუშაოს ხარისხიც.

მოლდინგების დამაგრება რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

ბაზის მომზადება

მასალა უნდა დამონტაჟდეს მხოლოდ ძალიან სწორ, ბრტყელ და მშრალ ზედაპირზე. ბაზა უნდა გაიწმინდოს მტვრის მცირე ნაწილაკებისგანაც, რადგან მტვერი გავლენას ახდენს შეწებების ხარისხზე. დამატებითი უსაფრთხოებისთვის ეფექტურია პრაიმერის ერთი ან ორი ფენის გამოყენებაც. ეს გააუმჯობესებს მასალის წებოვნების ხარისხს და შეამცირებს წებოს საჭირო რაოდენობასაც.

ზოგჯერ ადამიანებს მოლდინგების დამაგრება შპალერზე სურთ, რაც შესაძლებელია, მაგრამ ექსპერტების მიერ რეკომენდებული არ არის, რადგან შპალერი ყოველთვის ვერ უძლებს მოლდინგის ზეწოლას. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, გვირჩევენ, რომ შპალერზე შედარებით მსუბუქი მასალისგან დამზადებული მოლდინგები დავამონტაჟოთ, როგორიც ვერ იქნება, მაგალითად, თაბაშირი და ხე, მაგრამ შეიძლება იყოს პოლიურეთანი და სხვა.

მონიშვნების გაკეთება

მომზადებული ტერიტორია უნდა იყოს მონიშნული, ანუ მასზე უნდა გაევლოს ხაზები, რომლებზეც შემდგომში წებოს წაუსვამთ. ვერტიკალური მონიშვნების გაკეთების უმარტივესი გზაა სახაზავის გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ “თვალის ზომით” მონიშვნა იშვიათად იძლევა კარგ შედეგს. ეცადეთ, საწყისი და საბოლოო წერტილები იყოს ერთმანეთის ზუსტად პირისპირ, ხოლო ზომები და დისტანციები მაქსიმალური სიზუსტით გამოყოფილი.

მონტაჟი

სამუშაოს დაწყებამდე 24 საათით ადრე მოლდინგების მოთავსება რეკომენდებულია ოთახის ტემპერატურაზე, რათა მასალა კარგად შეეგუოს ჰაერსა და ტემპერატურას. ამ პროცესის გავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივ სეზონზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტალაციის ხარისხი დაზარალდება.

მოლდინგების დამონტაჟება უნდა დაიწყოს კუთხეებიდან. მასალა უნდა დაიჭრას 45 გრადუსიანი კუთხით, რაც უზრუნველყოფს ზუსტ შეერთებებს. კუთხეების დაჭრა ხდება სპეციალური საჭრელების გამოყენებით, თუმცა შესაძლებელია უკვე დაჭრილი მოლდინგების შეძენაც.

ამგვარად მომზადებული მასალა უკანა მხრიდან იფარება წებოს საფარით, ემაგრება წინასწარ გაკეთებულ მარკირების ხაზებს ძლიერად დაჭერით. მოლდინგზე შეგიძლიათ რაიმე მძიმე ნივთის მოთავსება იქამდე, სანამ წებო იდეალურად არ გაიყინება.

საბოლოო ეტაპი

იმის გამო, რომ მოლდინგები წებოთი იფარება, ხშირად მათზე ნაკვალევი ან ლაქები რჩება, შესაბამისად, მონტაჟის შემდეგ საჭიროა მათი კარგად გაწმენდა. ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად, რათა მასალა არ დაზიანდეს. წებოს ნაწილაკების მოშორება შეგიძლიათ სპეციალური ხსნარების დახმარებით.

როგორც ხედავთ, მოლდინგების დამონტაჟება საკმაოდ მარტივი პროცესია, საჭიროა მხოლოდ შესაბამისი წებოს შეძენა და წინასწარი მონიშვნების დიდი სიზუსტით გაკეთება, საბოლოოდ კი ხარისხიან და ესთეტიკურ შედეგს მიიღებთ.

ნამაი ვაკე — ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც GEFF-ის A კლასის ხარისხი მიენიჭა

Shanghai Tower – მსოფლიოში “ყველაზე ლამაზი ცათამბჯენის” სახელით ცნობილი ნაგებობა