ზოგჯერ სახლი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ არის. ის მოგონებების, მოგზაურობების, შთაბეჭდილებებისა და ცხოვრებისეული გემოვნების ერთგვარი არქივია. სწორედ ასეთი ისტორია აქვს დოლაბაურის უბანში მდებარე ამ სახლს, რომელიც ძველი შენობის ადგილას აშენდა და დღეს მისი მფლობელების ხედვას, ინტერესებსა და სამყაროს აღქმას ასახავს.
პროექტის შექმნის პროცესში მთავარი ამოცანა იყო არა რომელიმე კონკრეტული არქიტექტურული სტილის გამეორება, არამედ სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის ელემენტების ერთიან, ჰარმონიულ სივრცედ შეკვრა. სახლის მფლობელები, პროფესიით ადვოკატი და ფსიქოთერაპევტი, შმაგი გაბულდანი და ანნა ზედგინიძე, უკვე წლებია არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს განსაკუთრებული ინტერესითა და სიყვარულით ეკიდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პროფესია არ არის, სივრცეების შექმნა მათთვის ერთგვარ შემოქმედებით პროცესად იქცა, რომელიც ყოველი ახალი მოგზაურობის შემდეგ ახალი იდეებით ივსება.

სახლის არქიტექტურულ სახეში ერთმანეთთან ბუნებრივად თანაარსებობს ევროპული კლასიკური პროპორციები, ხმელთაშუაზღვისპირეთის სიმსუბუქე, აღმოსავლური დეტალების სითბო და აზიური მინიმალიზმის ელემენტები. ეს მრავალფეროვნება შემთხვევითი არ არის ის ასახავს თბილისს, ქალაქს, რომლის იდენტობაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურის თანაცხოვრებამ ჩამოაყალიბა.
ფლობელებმა ჩაფიქრებული სახლის არქიტექტურულ კონცეფციას არქიტექტორ ირაკლი ზამბახიძესთან თანამშრომლობით შთაბერეს სული, ხოლო ინტერიერის დიზაინზე ანნამ და შმაგიმ თავად იმუშავეს. თითოეული დეტალი – ავეჯის არჩევიდან ფერთა პალიტრამდე – მათი პირადი გემოვნებისა და ცხოვრების სტილის გაგრძელებაა. ამიტომ ინტერიერი ერთდროულად ეკლექტიკურიცაა და მშვიდიც; განსხვავებული გავლენებით შექმნილი, თუმცა მთლიანობაში შეკრული და დაბალანსებული.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივ სინათლესა და სივრცის შეგრძნებას. მაღალი ვიტრაჟული ღიობები, თაღოვანი ფორმები და ღია ინტერიერი დღის განმავლობაში მუდმივად ცვალებად ატმოსფეროს ქმნის. მზის შუქი სხვადასხვა კუთხით ავსებს ოთახებს და სახლს დღის თითოეულ მონაკვეთში განსხვავებულ ხასიათს სძენს.
ინტერიერში თანამედროვე მასალები და კლასიკური ელემენტები გვერდიგვერდ გვხვდება. მონოლითური ბეტონის კიბე, რეტრო ესთეტიკის სამზარეულო, ბუნებრივი ტექსტურები და ხელით შერჩეული ავეჯი ქმნის გარემოს, სადაც კონტრასტები არა დაპირისპირებაში, არამედ დიალოგში იმყოფება.
როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ხარისხი იყო. სახლი აშენდა მაღალი სტანდარტების დაცვით, როგორც კონსტრუქციული, ისე საინჟინრო და ინტერიერის შესრულების კუთხით. მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ვიზუალური შედეგი, არამედ სივრცის გამძლეობა, კომფორტი და ხანგრძლივი სიცოცხლე.
საბოლოოდ, ეს სახლი ერთ კონკრეტულ სტილს არ მიეკუთვნება. ის უფრო მოგზაურობების, გამოცდილებებისა და შთაბეჭდილებებისგან შექმნილი პირადი არქიტექტურული ნარატივია, სახლი, სადაც ევროპის, აღმოსავლეთისა და აზიის გავლენები ერთმანეთს ხვდება და თბილისური მრავალფეროვნების თანამედროვე ინტერპრეტაციად იქცევა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული უძრავი ქონება ამ ეტაპზე გასაყიდად არის გამოტანილი. დამატებითი დეტალების ხილვა შესაძლებელია სააგენტოს ბმულზე.



























