in

მწვანე გადახურვის ზოგადი პრინციპები – ირაკლი გოგოხიას გიდი

Alliance Group
Alliance Group

მწვანე გადახურვის მოწყობა ფართოდ არის გავრცელებული. ურბანული გარემოს მზარდი გავრცელების ფონზე, უფრო მეტად ხდება საჭირო მწვანე სივრცეების ხელოვნურად გაშენება.

მწვანე გადახურვა თავის თავში გულისხმობს გამწვანებული ზედაპირის მოწყობას რაიმე სივრცის თავზე. შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია, დაგეგმვის სტადიაზე, გათვალისწინებული იყოს ის ძირითადი ტექნიკური, ტექნოლოგიური და სტრუქტურული გადაწყვეტები, რაც აუცილებელია უსაფრთხო და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის.

მწვანე გადახურვის მოწყობის დაგეგმვასა და ეტაპებზე Teamtwo-ს თანადამფუძნებელი, ირაკლი გოგოხია გვიზიარებს რჩევებს:

მწვანე გადახურვის მოწყობის დაგეგმვა უნდა გავყოთ ორ ეტაპად. პირველი ეტაპია კონცეპტუალური. ჩვენ  წინასწარ უნდა გვქონდეს განსაზღვრული, როგორი ტიპის იერსახის ან მახასიათებლების გადახურვას ვაწყობთ. ამით ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ რა ტექნიკური დეტალები უნდა გავითვალისწინოთ.

მწვანე გადახურვა შეიძლება იყოს მხოლოდ ბალახის შრე, მცირე ზომის ბუჩქები და სხვა მცენარეები, საშუალო და დიდი ზომის ხეები.

გასათვალისწინებელია ისიც, სახურავი ბრტყელია თუ ქანობიანი (მწვანე გადახურვის მოწყობა შეიძლება ქანობიან  გადახურვაზეც). მხოლოდ ბალახის საფარს შედარებით მცირე მოცულობის მიწა ყოფნის, მცირე ზომის ბუჩქებსა და მცენარეებს მეტი მოცულობა სჭირდებათ, საშუალო და დიდი ზომის ხეებს კი – შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი.

მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ გამწვანების კონცეპტუალურ ტიპს, აუცილებელია დაგეგმვაში შესაბამისი სპეციალისტის (დენდროლოგი) ჩართვა, რომელიც მოგვცემს რეკომენდაციებს, რა მოცულობის/სიღრმის მიწა დასჭირდება ჩვენ მიერ შერჩეულ მცენარეს; ის აგრეთვე მოგვცემს რეკომენდაციებს მის მოვლასა და შემდგომ, ექსპლუატაციაზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე კლიმატური პირობები და ორიენტაცია ბუნებრივი განათების/ქარის მიმართ (სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა პირობები სჭირდება).

ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადახურვაზე მოწყობილი გრუნტის არასაკმარისი სიმაღლე, რომელიც არ შეესაბამება დარგული მცენარეების მოთხოვნილებას.

მას შემდეგ, რაც განისაზღვრება საკმარისი სიმაღლე, გრუნტის ფენისთვის აღნიშნული მონაცემები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სტრუქტურულმა ინჟინერმა, რადგან სტანდარტული გადახურვისგან განსხვავებით, მწვანე გადახურვას მეტი დატვირთვა აქვს სტრუქტურულ ნაწილზე.  შესაბამისად, ეს ფაქტორი გათვალისწინებული უნდა იყოს წინასწარ (თუ უკვე მოწყობილ გადახურვაზე  იგეგმება მწვანე გადახურვის მოწყობა, რომელიც საწყის ეტაპზე არ იყო გათვლილი მწვანე გადახურვის მოწყობაზე, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია სტრუქტურულ ინჟინერთან, რათა დარწმუნდეთ, რომ კონსტრუქცია გაუძლებს დატვირთვას).

მას შემდეგ, რაც დაგეგმვის პირველ ეტაპს (კონცეპტუალური და სტრუქტურული)
დავასრულებთ, გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. აღნიშნულ ეტაპზე ხდება შესაბამისი შრეების მოწყობა, რაც საჭიროა მწვანე გადახურვის მოწყობისთვის.

პირველ რიგში, დავიწყოთ გადახურვის სტრუქტურით: მაგ. რკინა ბეტონის ფილა, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ჰორიზონტალური სიბრტყეა და საჭიროებს ჰიდროსაიზოლაციო დამუშავებას (როგორც სტანდარტული ბრტყელი გადახურვა, შესაბამისი მცირე ქანობით, წყლის ორგანიზებული გადადინებით და შემდგომ შეკრებით წყალმიმღებ დგარებში). განსხვავებით ბრტყელი, სტანდარტული გადახურვისგან, გამწვანებული გადახურვის შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფილის ჰიდროსაიზოლაციო ფენით დაფარვა მოხდეს მაქსიმალურად ხარისხიანი მასალით და კვალიფიციური შესრულებით.

თუ ბრტყელ გადახურვაზე სახურავის რესტავრაცია შედარებით მარტივია, მწვანე გადახურვის შემთხვევაში, მოგვიწევს მთლიანი შრეების მოხსნა და მიწის ამოღება, რაც დააზიანებს დარგულ მცენარეებს და გამოიწვევს გაზრდილ დანახარჯებს.

ფილის ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობის შემდეგ იწყება უშუალოდ მწვანე გადახურვის შრეების მოწყობა.

პირველი ფენა, რაც უნდა გამოვიყენოთ, ეს არის სპეციალური მემბრანა, რომელიც განკუთვნილია ჰიდროსაიზოლაციო ფენის მცენარეების ფესვთა სისტემისგან დასაცავად.

ბევრი მცენარის ფესვს, განსაკუთრებით საშუალო და დიდი ზომის ხე მცენარეებს, შეუძლია დააზიანოს როგორც ჰიდროსაიზოლაციო ფენა, ისე – სტრუქტურაც.
აღნიშნული ფენა უნდა მოეწყოს მთლიან სიბრტყეზე და კედლებზეც, მინიმუმ იმ დონემდე, სანამდეც მოეწყობა გრუნტის ფენა.

შემდეგი ფენა არის ე.წ. გეოტექსტილი. გეოტექსტილის შემდეგ ეწყობა სპეციალური სადრენაჟე/საწრეტი მემბრანა, რომლსაც გააჩნია ე.წ. ჭიქები და მისი დანიშნულებაა წყლის დაგროვება, რათა გრუნტმა შეინარჩუნოს ტენიანობა (წყლის ის რაოდენობა რაც არ ჩაეტევა ჭიქებში სპეციალური სადინარებით დაიწრიტება). აღნიშნული მემბრანის ჭიქების ზომა დამოკიდებულია მცენარის ტიპებზე და მიწის მოცულობაზე.

მეორე გავრცელებული შეცდომაა აღნიშნული მემბრანის ნაცვლად, სტანდარტული კედლის სადრენაჟე მემბრანის გამოყენება.

შენიშვნა: მეორე ფენაში, რაც ზემოთ ვახსენეთ, გეოტექსტილის მოწყობა საჭიროა, რათა მემბრანამ არ დააზიანოს პირველი ფესვთა სისტემისგან დამცავი შრე.

სადრენაჟე საწრეტი მემბრანის შემდეგ აუცილებელია მოეწყოს მეორე ფენა – გეოტექსტილი, რათა ჩაყრილმა გრუნტმა არ შეავსოს მემბრანის ჭიქები, რომელიც ვეღარ შეძლებს საკმარისი წყლის დაგროვებას. გეოტექსტილი სპეციალური გამფილტრავი  მატერიალია, რომელიც ატარებს წყალს, თუმცა, არ ატარებს გრუნტის ნაწილაკებს.
აღნიშნული შრეების მოწყობის შემდეგ შეგვიძლია სივრცე შევავსოთ შესაბამისი გრუნტით, რაც საჭიროა მცენარეების ან ბალახის ფენის მოსაწყობად.

ეს არის ის უმთავრესი დეტალები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ მწვანე გადახურვის მოწყობას გეგმავთ. ახლა, როცა უკვე იცით, თუ რა ზოგადი პრინციპები უნდა იყოს დაცული და რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ამ სფეროში, დასახული გეგმის სისრულეში მოყვანა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

დიზაინერ ბელენ დომეკის რანჩოს ტიპის სახლი ტოლედოში

ბუნებრივი მასალებით მოწყობილი ბინა წყნეთის გზატკეცილზე – ილია ზაქარაიას ნამუშევარი