in

ქართული გალერეები, სადაც მხატვრების ნამუშევრებს ბიუჯეტურ ფასად შეიძენთ

ინტერიერის დიზაინის შექმნა და სრულყოფა ხანგრძლივი და ემოციური პროცესია. ის სივრცეები, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენთან ერთად იზრდება, იხვეწება, იცვლის სახეს და სულ უფრო და უფრო მეტად გვერგება. ამ პროცესში დიდ როლს აქსესუარები, ხელოვნების ნიმუშები, ნახატები და დიზაინის სხვადასხვა ელემენტები ასრულებენ, რომლებიც ჩვენს სახლებს ემოციებით, მოგონებებითა და სახასიათო შტრიხებით ავსებენ. ბევრისთვის ნახატების ქონა მიუწვდომელ ფუფუნებასთან ასოცირდება, თუმცა რეალურად, შესაძლებელია თქვენი ინტერიერის დიზაინი ნამუშევრებით სრულიად მისაწვდომ ფასად გაამდიდროთ. homeis.ge გთავაზობთ 4 გალერეას, სადაც ხელოვნების ნიმუშებს ბიუჯეტურ ფასში შეიძენთ.

The Why Not Gallery

The Why Not Gallery თბილისში, დავით აღმაშენებლის #150-ში მდებარე გალერეაა, რომელიც საკუთარ პლატფორმას ქართველი ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის აქტიურად იყენებს. გალერეის მრავალფეროვან, შთამბეჭდავ კოლექციაში ბევრი ნახატია წარმოდგენილი, რომლებიც ინტერიერის დიზაინის ნებისმიერ ტიპს შესძენს უნიკალურ იერს. გალერეაში წარმოდგენილი ეგზემპლარების შეძენა მათი ფიზიკური სივრცის გარდა ონლაინაცაა შესაძლებელი, The Why Not Gallery-ის მაღაზიის ვებ-გვერდზე.

Pictor – პიქტორი

პიქტორი თანამედროვე ქართველი მხატვრების ესკიზების და ჩანახატების ციფრული გალერეაა, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს სხვადასხვა თაობის თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედების საზოგადოებისთვის გაცნობაში. მათი გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი ინტერიერისთვის შეიძინოთ ნახატები, რომლებიც აუცილებლად წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენენ როგორც ოჯახის წევრებზე, ასევე სტუმრებზე.

Mygallery • მაიგალერი

მაიგალერი ონლაინ პლატფორმაა საქართველოში მოღვაწე მხატვრებისთვის. მათ ფეისბუქ გვერდსა და ვებ-გვერდზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ ამა თუ იმ არტისტზე ინფორმაციის მიღება, მათი შემოქმედების ახლოდან გაცნობა. გამოფენის გარდა, მაიგალერიში ამ უნიკალური ნახატების შეძენაც შეგიძლიათ.

Mimo Art Studio & Gallery

Mimo Art Studio & Gallery თბილისში მდებარე კიდევ ერთი საინტერესო გალერეაა, რომელშიც თქვენი ინტერიერის დიზაინისთვის შესაფერისი ესთეტიკის მქონე ნახატს აუცილებლად შეარჩევთ და შეძლებთ, ის ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ. Mimo Art Studio & Gallery მიხეილის წინამძღვრიშვილის #25-ში მდებარეობს.

გარეკანზე: რეზო ემელიანე ადამიას ნამუშევარი “შემოდგომა პარიზში და მდუმარე სენა”

ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე – ახალგაზრდა მეპატრონის მიერ შექმნილი ინტერიერი

Shutter House – თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის შერწყმა ერთ სივრცეში