in

ნაწრთობი მინა – რა უპირატესობები აქვს მას სტანდარტულთან შედარებით?

მინა პოპულარული მასალაა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში და ავეჯისა თუ დეკორატიული ნივთების წარმოებაში. თუმცა, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე ისაა, რომ არის შედარებით სუსტი მასალა, რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილე და მოვლა სჭირდება, რათა თავიდან ავირიდოთ მისი დამსხვრევა ან დაზიანება.

მრავალი ექსპერიმენტისა და კვლევის შედეგად, შეიქმნა მინის ისეთი სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მასალის ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და ის ნაწრთობი მინის სახელითაა ცნობილი.

ნაწრთობ მინას ხშირად ყველაზე უსაფრთხო მინასაც კი უწოდებენ, რადგან მისი დამსხვრევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა დამსხვრევის შემთხვევაშიც კი ის მცირე ზომის შუშებად იშლება, რაც ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ ტიპის მინას ხშირად გამოიყენებენ ინტერიერში, მათ შორის მაგიდების გასაკეთებლად, ყველაზე ხშირად კი სააბაზანოს ნაწილში ვხვდებით, საშხაპე კაბინების, ვიტრინებისა და კარ-ფანჯრების სახით.

ნაწრთობი მინა ხუთჯერ უფრო ძლიერი მასალაა სტანდარტულთან შედარებით და მისი გამოყენებისას აუცილებელია მწარმოებლების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.

მინა არსებობს რამდენიმე სახის. ის შეიძლება იყოს როგორც მთლიანად გამჭვირვალე, ასევე ნაწილობრივ დაბურული ან მქრქალიც და მისი დიზაინი მხოლოდ თქვენს ინდივიდუალურ სურვილებზეა დამოკიდებული. ამ განსხვავებების ხარჯზე, მინის ღირებულება სხვადასხვაგვარია და ექსპერტები გვირჩევენ, რომ მისი შეძენისას თანხების დაზოგვას მოვერიდოთ, რათა გვქონდეს ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიები.

რას გულისხმობს მინის წრთობა?

წრთობა არის მინის დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს მასალის გაძლიერებას თერმული ან ქიმიური მოქმედებებით. ჩვეულებრივ, მინა თბება მაღალ ტემპერატურაზე და დაუყოვნებლივ ცივდება, რის ხარჯზეც იცვლება მისი ფიზიკური თვისებები, შიდა ფენებში წარმოიქმნება ძაბვა, გარე შრეებში კი ხდება შეკუმშვა და მასალა გაცილებით ძლიერი ხდება. ნაწრთობი მინის წარმოება საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც ხორციელდება თანამედროვე კომპიუტერებით კონტროლირებად საწარმოო სივრცეებში.

რა თვისებები აქვს ნაწრთობ მინას?

წრთობის შემდეგ მინა ინარჩუნებს სინათლის გამტარობის ფუნქციას და აქვს გამჭვირვალე თვისებები. ამავდროულად, მისი სიძლიერის მახასიათებლები მნიშვნელოვნად იზრდება. ნაწრთობი მინის მდგრადობა 5-6-ჯერ აღემატება სტანდარტული მინისას და უძლებს 6-10-ჯერ უფრო მეტ დატვირთვას.

ვიზუალური განსხვავებები ნაწრთობ და სტანდარტულ მინას შორის არ არის, რა თქმა უნდა, თუ ნაწრთობი მინის დიზაინი თქვენი ინდივიდუალური სურვილების ხარჯზე არ იცვლება.

რა უპირატესობები აქვს ნაწრთობ მინას?

ნაწრთობი მინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მისი უნარი, რომ გაუძლოს უკიდურესად დაბალ ან მაღალ ტემპერატურას ( -150 გრადუსიდან 300 გრადუსამდე). ეს საშუალებას იძლევა, რომ მინა გამოყენებული იქნას ტერასებზე, ბაღებში, აბაზანასა და საუნებში.

სტანდარტული მინისგან განსხვავებით, ნაწრთობი მინა არ იმსხვრევა დიდი ზომის ნაწილებად. ამ შემთხვევაში წარმოქმნება მკვეთრი ფრაგმენტები მომრგვალებული კიდეებით, რომლებიც ადამიანს ვერ დააზიანებს. გამძლეობის თვალსაზრისით, ნაწრთობი მინა შეგვიძლია ფოლადსაც კი შევადაროთ.

კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ წრთობა მინას 5-ჯერ უფრო მდგრადს ხდის ვიბრაციების მიმართ. ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია თუ მასალის გამოყენება მაღალ სიმაღლეზე იგეგმება.

ამას გარდა, ნაწრთობ მინას აქვს ხმის იზოლაციის ფუნქციაც. მაღალი ხარისხის მინა არ ატარებს ხმას და იდეალურია ოფისების ან სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისთვის.

როგორ ხდება მინის წრთობა?

დღესდღეობით მინის წრთობის ორი მეთოდი გამოიყენება: თერმული და ქიმიური. პირველი უფრო პოპულარული და პროდუქტიულია, მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება მცირე სისქის მქონე მასალისთვის.

თერმული გამკვრივების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად. წრთობის შემდეგ მინის დაჭრა, გაბურღვა ან სხვა მსგავსი გზით დამუშავება შეუძლებელია. ამიტომ, ჭრა, მოხრა და სხვა სამუშაოები ხორციელდება მის მაღალ ტემპერატურაზე მოთავსებამდე.

სასურველი ფორმის მიღების შემდეგ, მინას ათავსებენ სპეციალურ ღუმელში, რომელშიც ტემპერატურა 600 გრადუსამდე აღწევს. მინას ღუმელში 3-5 წუთის განმავლობაში ტოვებენ, შემდეგ კი დაუყოვნებლივ გადააქვთ სპეციალურ მაცივარში, სადაც ტემპერატურა 20 გრადუსამდე ეცემა. მიღებული მასალის სიძლიერის მახასიათებლები და გამკვრივების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ხორციელდება ეს პროცედურა.

ქიმიური წრთობის დროს, მასალა მოთავსებულია 400 გრადუსამდე გახურებულ კონტეინერში, რომელიც შეიცავს კალიუმის ნიტრატს. მაღალი ტემპერატურის გავლენით კალიუმის იონები ცვლის მინის შემადგენლობაში შემავალ ნატრიუმის იონებს.

როგორია ნაწრთობი მინის ღირებულება?

ნაწრთობი მინის ღირებულება განსხვავდება მისი დიზაინის, ხარისხისა და სისქის მიხედვით. 10მმ სისქის მინის ღირებულება დაახლოებით 300 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ავეჯის დამზადება გსურთ.

ასე რომ, თუ სახლში მინის კედლების, მოაჯირების, საშხაპეების ან სხვა მსგავსი დეტალების შექმნა გსურთ, ნაწრთობი მინის გამოყენება ერთადერთი გამოსავალია. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნაწრთობი მინა უნდა იყოს თერმულად დამუშავებული ყველა საჭირო პირობისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ მისი შერჩევა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.

გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი?

სახლი ტბის პირას – Catalina Poblete+Guillermo Hevia García-ს პროექტი