in

ინტერიერით გადმოცემული მრავალფეროვანი ინდივიდუალიზმი – ინტერვიუ ნინო ყავლაშვილთან

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ნინო ყავლაშვილი დღეს საკუთარი შემოქმედებისა და საინტერესო პროფესიული გამოცდილების შესახებ Homeis.ge-ს მკითხველს უამბობს და განვლილ კარიერულ გზას იხსენებს…

ნინო, მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე. პროფესიისადმი ინტერესი ამ პერიოდს ხომ არ უკავშირდება?  

ბავშვობაში ახლო შეხება მქონდა ხელოვნებასთან. იმ დროს გავრცელებული იყო სხვადასხვა წრეზე სიარული. მეც აქტიურად ვიყავი გატაცებული ხატვით, მუსიკით, მუსიკალურ კარიერაზეც კი ვფიქრობდი. თუმცა, ერთგვარი გარდატეხა მე-8 კლასში მოხდა, როდესაც ხაზვის გაკვეთილზე პირველად აღმოვჩნდი და სახაზავსა და ფანქარს სხვა თვალით შევხედე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არქიტექტორობა მინდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქართველი არქიტექტორი, შოთა ყავლაშვილი, ჩემი წინაპარია (ის ბაბუაჩემის ბიძაშვილი იყო), ბავშვობაში არქიტექტორებთან ურთიერთობა არ მქონია. 90-იან წლებში სანათესავო წრესთან ასე არ ვურთიერთობდით. დედაჩემი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა, ორი-სამი წლისა, როდესაც მამა გარკვეული პერიოდი საინჟინრო მიმართულებით მუშაობდა, მაგიდაზე მიმოფანტულ მის ნახაზებს დიდი ინტერესით დავტრიალებდი. შესაძლოა, ჩემი პროფესიული გადაწყვეტილება გენეტიკურადაც არის განპირობებული და ღრმა ბავშვობაში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებთანაცაა დაკავშირებული. ჩემი ოჯახი ყოველთვის ახლოს იყო ხელოვნებასთან, ამიტომ, ჩემს გადაწყვეტილებას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. თუმცა, ღელავდნენ, რამდენად გავუმკლავდებოდი საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ქალი არქიტექტორების შესახებ. მეც ხშირად შემიმჩნევია: გოგო არქიტექტორს ეჭვის თვალით უყურებენ, უნდობლობით ეკიდებიან მის პროფესიულ ცოდნას. ამის გამო, მუდმივად გიწევს დაამტკიცო, რომ პროფესიაში მამაკაცის თანასწორი ხარ. ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ ეხება.  ლეგენდარულ ზაჰა ჰადიდსაც, რომელიც ჩემი იდეალია, მთელი ცხოვრება ამ სტერეოტიპთან ბრძოლა უწევდა.

საცხოვრებელი სახლი თხინვალაში

როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა? 

სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის მიმართულებაზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დასრულების მერე მცირე პაუზა ავიღე, მინდოდა კარგად გავრკვეულიყავი, რომელი მიმართულება უფრო მაინტერესებდა. უცხოეთში წასვლაზეც ვფიქრობდი. იმ პერიოდში აქტიურად ვმუშაობდი. მაგისტრატურაზე ორი წლის წინ ჩავაბარე, ურბანულ მიმართულებაზე. იმდენად შრომატევადი და რთული აღმოჩნდა სწავლისა და სამსახურის შეთავსება, რომ სწავლამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ნებისმიერ საქმეს, რომ დროებით ისევ სწავლის შეჩერება გადავწყვიტე. 2014 წლიდან ჩემი ძირითადი საქმიანობის სფერო ინტერიერის დიზაინია და პროექტებსაც ამ მიმართულებით ვასრულებ.  ცხადია, არქიტექტურაზეც ვმუშაობ, თუმცა ამ განხრით, დეველოპერული ბაზრიდან გამომდინარე, შემოქმედებითაც ნაკლებად თავისუფალი ხარ. თავმოყვარე არქიტექტორი ყველაფერს ვერ და არ გააკეთებს. შემოქმედებითად თავისუფალი გარემო უფრო მეტად ინტერიერის დიზაინში ვიპოვე. აქ ნაკლები შეზღუდვაა, ამიტომ თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერშიც დამკვეთის ინტერესებს ითვალისწინებ, ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებაც გეძლევა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის კურსიც გავიარე. მაინტერესებდა, ისეთ რამეს თუ ვისწავლიდი, რაც აქამდე არ ვიცოდი. მგონია, რომ ნებისმიერი სასწავლო პროგრამა რაღაც საინტერესოს გმატებს, რასაც შემდეგ პრაქტიკაში იყენებ. ამ კურსიდანაც საკმაოდ ფართო თეორიული ცოდნა მივიღე და არაჩვეულებრივი ადამიანებიც გავიცანი. გარდა ამისა, ონლაინპლატფორმებიდანაც დღემდე ვიღებ უდიდეს ინფორმაციას სიახლეების, ტენდენციების, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის შესახებ. ინტერნეტი უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, ამიტომ, ვფიქრობ, თანამედროვე ეპოქაში პროფესიული განვითარება ძალიან მარტივია. დღეს ინტერნეტის საშუალებით ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. პირადად მე  არაერთ პროექტზე დისტანციურად მიმუშავია. რაც ადრე წარმოუდგენელი გვეგონა, დღეს უკვე შესაძლებელია.

ჩემი კარიერის განმავლობაში მუდმივად თავისუფალი გრაფიკი მაქვს, თუმცა, სტუდენტობისას მომსახურების სფეროშიც ვმუშაობდი. სამეურნეო ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე ერთ-ერთ კომპანიაში, რომელმაც პრაქტიკული ცოდნა შემძინა. 2017 წლიდან საკუთარი სტუდია გავხსენი, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდი ახლახან განვაახლეთ, ამიტომ ჯერჯერობით ფართო აუდიტორიისთვის დახურულია, თუმცა, ძალიან მალე ახალი ფორმატით ღია სივრცეშიც გამოჩნდება.

რა პრობლემებს ხედავთ ქართულ არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის სფეროში? 

ვფიქრობ, უპირველესი პრობლემაა განათლება. ხშირად გვხვდება კურსები, რომლებიც ინტერიერის დიზაინის შესწავლას გვთავაზობს. მათი გავლის შემდეგ ადამიანს დიზაინერის კვალიფიკაცია ენიჭება. ეს არა მგონია, სწორი იყოს. სულ იმას ვამბობ, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ პროგრამული ცოდნა არ არის, ამის მიღმა უამრავი ნიუანსია. რა თქმა უნდა, ასეთი კურსები უნდა არსებობდეს. უბრალოდ, ვისურვებდი, ისინი მეტად ამზადებდეს ადამიანს ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებით, რადგან დიზაინერებმა მხოლოდ ვიზუალიზაციის დამუშავება არ იცოდნენ. ალბათ, რაღაც მექანიზმით უნდა რეგულირდებოდეს ეს სისტემა, რადგან შემდგომ თავად კურსდამთავრებულებსაც ექმნებათ პრობლემები დამკვეთთან. არაერთი დამკვეთი მოდის ჩემთან ცუდი გამოცდილებით და თავიდან უწევს პროექტის შესრულება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პლატფორმა საკმაოდ საინტერესო, დატვირთულ და შემეცნებით კურსებს ქმნის.

ვფიქრობ, მეორე პრობლემა ერთფეროვნებაა – როდესაც ერთი კონკრეტული პროდუქტი პოპულარული ხდება, ბაზარზე ანალოგიური მასალა და ნივთები ჩნდება და ერთფეროვნება იქმნება.

რას ფიქრობთ, როგორი სტილია დღეს უფრო პოპულარული?

მგონია, რომ ამ მხრივ უფრო მრავალფეროვნებაა. ხუთი წლის წინ ინდუსტრიული სტილი იყო მოდაში. ჩემი იმდროინდელი ნამუშევრების 80%-ც სწორედ ამ სტილშია შესრულებული, რადგან ასეთი იყო დამკვეთის მოთხოვნა. ახლა გავრცელებულია დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ტრენდი არის ის, რაც მე მსიამოვნებს, შესაბამისად, სხვადასხვა სტილის სინთეზს ხშირად ვხვდებით. მაგალითად, საკმაოდ მოთხოვნადია სკანდინავიური სტილი, ნეოკლასიკური მიმართულებაც აქტიურად შემოდის, ბოლო პერიოდში ინტერიერში ხშირად იყენებენ მოლდინგებსაც. უნდა ითქვას, რომ ინდუსტრიული სტილი დღემდე მოთხოვნადია. ამ მრავალფეროვნების წყალობით, საინტერესო სივრცეები ჩნდება.

ბინის ინტერიერი

თქვენი დაკვირვებით, დამკვეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორ შეიცვალა ეს სფერო ბოლო პერიოდში?

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამ პროფესიისადმი დამოკიდებულება ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა. ადამიანებმა გაიაზრეს, რომ ეს პროფესია ისეთივე მნიშვნელოვანი და საჭიროა, როგორც ექიმისა თუ ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტისა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება იაფი ნამდვილად არ არის, საშუალო და ზედა სეგმენტი აქტიურად მოგვმართავს. უკვე ყველას კარგად ესმის, რომ დიზაინი მხოლოდ ფერების შერჩევა არ არის. სწორად დაგეგმარებული ინტერიერი ბევრ ზედმეტ ხარჯს გვარიდებს თავიდან და ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს კომფორტს გვიქმნის. საათივით აწყობილი გარემო ყველაფერზე მოქმედებს – ჩვენს განწყობაზე, ენერგიაზე, ხედვასა და პროდუქტიულობაზე.

დამკვეთებიც განსხვავებული დამოკიდებულებით მოდიან. თუ ადრე მხოლოდ საკუთარი აზრის დაცვას ცდილობდნენ, დღეს ჩვენს რჩევებს ითვალისწინებენ და ბოლომდე გვენდობიან. მათ ესმით, რომ დიზაინში გადახდილი თანხა სწორი ინვესტიციაა და არა – უაზროდ გადაყრილი ფული.

ინტერიერის დიზაინი ადამიანის ანატომიას უკავშირდება და გეგმარებაც ამის მიხედვით იქმნება. მაგალითად, სამზარეულოს შემთხვევაში, აუცილებელია ოქროს წესის დაცვა – ყველაფერი მარცხნიდან მარჯვნივ უნდა იყოს გადანაწილებული. ამ თანმიმდევრობის დაცვა მნიშვნელოვანია. თავდაპირველად უნდა დაპროექტდეს მაცივრის, მოსამზადებელი სივრცის, ნიჟარისა და გაზქურის ზონები, რათა ადამიანზე ზუსტად მორგებული სივრცე შეიქმნას. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რამხელა განსხვავებაა არასწორად და სწორად დაგეგმარებულ სამზარეულოებს შორის. სწორედ ასეთი ნიუანსების გათვალისწინებით იქმნება ინტერიერი, რომლის სწორად დაპროექტებაში სპეციალისტი გვეხმარება.

როგორ აღწერდით თქვენს შემოქმედებით პროცესს?

ჩემი ყველა ნამუშევარი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, როგორც ფუნქციურად, ისე დიზაინის მხრივ. მიმუშავია რესტორნის, სასტუმროსა და ინდივიდუალური სახლების ინტერიერზე. თითოეული მათგანი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სხვადასხვა დიზაინერის ნამუშევარია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს პროექტებში მთავარი მოქმედი გმირი ადამიანია. შესაბამისად, განსაზღვრული ხელწერა არ მაქვს, პიროვნებიდან გამომდინარე, განსხვავებულ გარემოს ვქმნი. ვფიქრობ, დიზაინში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალიზმია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად გესმის დამკვეთის და მასზე მორგებულ სივრცეს აპროექტებ. ჩვენი პროფესია მთლიანად ფსიქოლოგიაზეა აწყობილი, ამიტომ მუშაობის პროცესში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დამკვეთთან ურთიერთობას. ვცდილობ, ადამიანი ბოლომდე გავიცნო. შემდეგ ისე ხდება, რომ ყველას ვუმეგობრდები და სასიამოვნო ურთიერთობები გვიყალიბდება.

რესტორანი “გასტროლოფტი”

მუშაობისას ყველაფრისგან ვიღებ შთაგონებას, უპირველესად, ცხადია –უშუალოდ დამკვეთისა და იმ სივრცისგან, რომელზეც ვმუშაობ. ობიექტზე ხშირად მივდივარ. ბევრჯერ მომხდარა, რომ შუა პროცესში ახალი იდეა გამჩენია და გეგმაც შემიცვლია. უბრალო ნივთებმა, მუსიკამ და გარემომაც შეიძლება მომცეს შთაგონება, რომელიც შემდეგ იდეად ყალიბდება, იდეა კი პროექტში ხორციელდება.

გვესაუბრეთ თქვენს გამორჩეულ პროექტებზე.

არქიტექტურული ნამუშევრებიდან მინდა გამოვყო ინდივიდუალური საცხოვრებელო სახლის პროექტი წყნეთში. ასევე, სასტუმრო ყაზბეგში – „Northgate“, სადაც ძველი ფოსტის შენობის ექსტერიერი განვაახლე. მგონია, რომ საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა. ვინაიდან შენობა ასიმეტრიულია, ხშირად გამიგია, რომ თურმე სწორედ ექსტერიერით იქცევს ყურადღებას. ძველ შენობას ასიმეტრიული მინაშენი ჰქონდა. კონსტრუქციის ნაწილების ჰარმონიზაციის მიზნით, ასიმეტრიას ასიმეტრია დავუმატე, რითაც საინტერესო ფორმის ნაგებობა მივიღეთ. ჩემთვის ეს პროექტი იმითაც გამორჩეულია, რომ დამკვეთებისგან თავიდანვე სრული ნდობა მქონდა, რამაც პროექტის დროულად დასრულებას ხელი შეუწყო.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წყნეთში
სასტუმრო ყაზბეგში – „Northgate“

ინტერიერის დიზაინის მიმართულებით საინტერესო იყო რესტორანზე მუშაობა. ეს კონკრეტული შემთხვევა განსხვავებულ მიდგომას მოითხოვდა, რადგან მრავალი ტიპის ადამიანის გათვალისწინება მიწევდა ისე, რომ ყველასათვის კომფორტული სივრცე შემექმნა. მგონია, რომ გამომივიდა.

მიმდინარე პროექტებიდან მინდა აღვნიშნო ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ახალგაზრდა წყვილისთვის, რომელსაც სამი გოგო ჰყავს. ჩემთვის გამოწვევაა სამი განსხვავებული ასაკისა და ინტერესების მქონე პრინცესისთვის ისეთი საძინებლის შექმნა, რომელშიც თავს კარგად იგრძნობენ და რომელიც კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ინტერესებსა და მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები. 

უპირველესად, მინდა, რაც შეიძლება მალე მოვახერხო და ფართო აუდიტორიას განახლებული სახით წარვუდგინოთ ჩვენი სტუდიის ვებგვერდი, რომელზეც ყველა ნამუშევარს ერთად მოვუყრი თავს. ამავე დროს, თანამშრომლების დამატებასაც ვგეგმავ. თუ დრო დამრჩა, მინდა ინტერიერის დიზაინის შემსწავლელი კურსიც შევქმნა, რომელიც ყველა იმ ნიუანსსა და პრაქტიკულ ცოდნას შესთავაზებს სტუდენტს, რომლებიც, მიმაჩნია, რომ დღეს მსგავს პროგრამებს აკლია.

“გასტროლოფტი” – მეორე ფილიალი, მიმდინარე

დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს?

აუცილებლად იზრუნონ თვითგანვითარებაზე. არ არსებობს ისეთი რამ, რაც არ გამოვა, მთავარია მონდომება. ხშირად შეიძლება უთხრან, რომ, რაღაც არ გამოვა, მაგრამ ყოველთვის გადაამოწმონ, ინტერნეტში მოიპოვონ ინფორმაცია. ახლა ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი. სასურველია, მუდმივად ეცნობოდნენ სიახლეებს, იფართოებდნენ ვიზუალურ თვალსაწიერს, ეცნობოდნენ სხვადასხვა თემატურ ჟურნალს, ონლაინგამოცემებს, საინტერესო ვებგვერდებს. ამის დახმარებით, საინტერესო იდეები თავადაც დაებადებათ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოუსმინონ დამკვეთს, რადგან სწორედ ის არის ჩვენი გზამკვლევი. ამიტომ ნუ მოერიდებათ, დასვან შეკითხვები და მრავალჯერ გადაამოწმონ ინფორმაცია, რათა სასურველი შედეგი მიიღონ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

La Casa Morla — მყუდრო სახლი ჩილეს პატარა სანაპირო ქალაქში

ნაკლები ხმაური. მეტი იდეები!