in

ნულოვანი დანახარჯის კონცეფცია არქიტექტურაში

Alliance Group
Alliance Group

მსოფლიო ეკონომიკური აქტივობები, ბუნებრივად, დამოკიდებულია გლობალურ ეკოსისტემაზე. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები ნედლი მასალის სიმცირით შეიძლება შეიზღუდოს. ზოგიერთი მასალის, მაგალითად გარკვეული მეტალისა და მინერალების მარაგი კაცობრიობას ჯერ კიდევ დიდხანს ეყოფა, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი ნედლეული, როგორიცაა წიაღისეული საწვავი და წყალი, მსოფლიოს ბევრ წერტილში იწურება და მიუწვდომელია.

სამშენებლო ინდუსტრიას პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე უდიდესი გავლენა აქვს. მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად განხორციელებულ პროექტებზე სამშენებლო მასალების, წყლისა და ენერგიის უდიდესი რესურსი იხარჯება, თუმცა არც ისე ეფექტურად – ამ პროცესს ძალიან დიდი დანახარჯი მოჰყვება, ცათამბჯენების, საცხოვრებელი კომპლექსებისა თუ სხვა არქიტექტურული პროექტების მშენებლობისას იყრება და ფუჭდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მასალა, რაც ძალიან ვნებს ჩვენი პლანეტის როგორც ეკონომიკურ, ასევე ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც უკვე სავალალო მდგომარეობაშია.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ნულოვანი დანახარჯის კონცეფცია, რაც გამოყენებული მასალის გადამუშავებასა და ახლიდან გამოყენებას გულისხმობს, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინშიც დამკვიდრდეს. ნულოვანი დანახარჯის კონცეფცია წრიულია – მასალა მოიპოვება, მუშავდება, იქცევა პროდუქტად და გამოყენების შემდეგ კვლავ გადამუშავების ეტაპს უბრუნდება. ამ წრიული გეგმის მიყოლისა და პოპულარიზაციის შემთხვევაში ბევრად გამარტივდება ბიზნეს მოდელები, ეკონომიკა მდგრადად განვითარდება და რაც მთავარია, დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად შემსუბუქდება.

ნულოვანი დანახარჯის იდეის ცნობადობის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ არქიტექტურული სტუდიების რიცხვიც,  რომლებიც წრიულ კონცეფციას მისდევენ და გადამუშავებული მასალით ასრულებენ პროექტებს. ასეთია, მაგალითად, სტუდიო „Malka Architecture”-ს მიერ შექმნილი „Cheops Observatory Residence”, რომელშიც გამოყენებული ყველა საშენი მასალა გადამუშავებულია.

ნულოვანი დანახარჯითაა, ასევე, შესრულებული სასტუმროTepoztlán”, არქიტექტურული სტუდია “Taller Carlos Marín + Pasquinel”-ს პროექტი, რომელიც გარშემო არსებულ ბუნებას სრულიად ესადაგება და ქმნის ჰარმონიულ კომპოზიციას. 

იმ სტერეოტიპს, რომ გადამუშავებული მასალით აგებული შენობები ულამაზოა, სრულიად ამსხვრევს ასევე არქიტექტურული სტუდია “azab”-ის პროექტი “Ready-Made Apartment”, რომელიც სივრცული, მინიმალისტური სახლია და მაცხოვრებლებს სრულიად ეკომეგობრულ გარემოში აძლევს ცხოვრების საშუალებას.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულია ლინდა ბერგროთის (Linda Bergroth) ნულოვანი დანახარჯის ბისტროს პროექტი, რომელზეც რამდენიმე არქიტექტორმა იმუშავა, რათა პროექტი სრულიად ეკომეგობრული ყოფილიყო.

ნულოვანი დანახარჯის კონცეფცია არქიტექტურის მომავალია, ვინაიდან ეკომეგობრული პროექტი დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

წყარო: Archdaily

სამზარეულოს ზედაპირის ტიპები და მათი მახასიათებლები

“A” ფორმის ხის კაბინა კალიფორნიაში – იანა პრიდალნას კონცეპტუალური პროექტი