in

ოფისის სამზარეულო და მოსასვენებელი ზონა ფერადი აქცენტებით – თორნიკე ჭიკაძისა და ნიკიტა ტიმოშენკოს ნამუშევარი

საოფისე სივრცე, რომელზეც ახალგაზრდა არქიტექტორ-დიზაინერებმა – ნიკიტა ტიმოშენკომ და თორნიკე ჭიკაძემ – იმუშავეს, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. მისი ფართობი 55 მ2-ია.

ნიკიტა და თორნიკე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე აქტიურად შეუდგნენ პროფესიულ საქმიანობას. მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ, ორიგინალურ პროექტებზე იმუშაონ, რათა საინტერესო გამოცდილება დააგროვონ. ერთ-ერთი ასეთი პროექტის შესახებ დღეს გიამბობთ.

ნიკიტა ტიმოშენკო
თორნიკე ჭიკაძე

დამკვეთის („Blueorchard“) დავალება იყო ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც, სტანდარტული ოფისისგან განსხვავებით, დასვენებისთვისაც იქნებოდა განკუთვნილი და რომელშიც მოსასვენებელი სივრცისა და ოფისის სამზარეულოს კონცეფციები გაერთიანდებოდა.

დამკვეთს სურდა, სივრცე რაც შეიძლება გამჭვირვალე და სრულყოფილად ათვისებული ყოფილიყო. მას თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის მაქსიმალურად მყუდრო გარემო უნდა შეექმნა. მთავარი გამოწვევა ყრუ კედლები და უფანჯრო სივრცე აღმოჩნდა, ამიტომ, გარემოს შეგრძნების გასაზრდელად, იგი ორ ნაწილად გაიყო.

პირველ ნაწილში შედის სამზარეულო, რომელიც კომპანიისთვის დამახასიათებელი ლურჯი ფერითა (Ultramarine Blue) და დიდი, მაღალი ბარის მაგიდით გაფორმდა. იგი თანამშრომლების შეკრების საყვარელ ადგილად იქცა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამზარეულო სხვადასხვა ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც კომფორტულ და მყუდრო გარემოს ქმნის.

სამზარეულოს ავეჯი თეთრ ტონშია გადაწყვეტილი, რომელიც საოცრად მიმზიდველად გამოიყურება აქცენტირებულ ლურჯ ფერთან ერთად. ყურადღებას იქცევს კედლის დეკორი, რომელიც ლურჯადაა მოხატული და მუქი ფერის სავარძლები. ოთახს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ორიგინალური დიზაინის სანათები, რომლებიც ამ ზონის ხასიათს განსაზღვრავს. ხის კონსტრუქციის წყალობით, სივრცის ორივე ნაწილში თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს.

თანამშრომლებზე მორგებული გარემოა შექმნილი მეორე ნაწილშიც, სადაც რბილი ავეჯი გვხვდება. აქ განტვირთვა შესაძლებელია ტელევიზორის ყურებით, წიგნის კითხვით ან, უბრალოდ, ერთმანეთთან კომუნიკაციით. მთავარ განწყობას კედლებსა და ჭერზე დამონტაჟებული საინტერესო განათება ქმნის. კონტრასტული ფერების – წითლისა და შავის  – დივნებზე გამოყენება ოთახს დახვეწილ, ელეგანტურ და მოხდენილ იერს სძენს.

სივრცეში გამჭვირვალობის შესაქმნელად პროექტის ავტორებმა სხვადასხვა სახის განათება გამოიყენეს, რომლებიც გარემოს განსხვავებული ასპექტების წარმოჩენას უწყობს ხელს.

ნიკიტა ტიმოშენკოსა და თორნიკე ჭიკაძის თქმით, პროექტის მთავარი დიზაინ ელემენტი ხის ფანერაა. ფანერისვე სტელაჟი ასრულებს მთავარ როლს სივრცით ზონირებაში: იგი გამყოფ ნაწილს ქმნის და საშუალებას იძლევა, მასზე სხვადასხვა დეკორი და მცენარე განთავსდეს. მასალა ბუნებრიობითა და ტალღისებრი ტექსტურით გამოირჩევა, რომელშიც გაერთიანებულია დიზაინში გამოყენებული ფორმები და დეტალები.

საბოლოოდ, დამკვეთისა და პროექტის ავტორების ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგად, დასახული მიზნები სრულყოფილად განხორციელდა: შეიქმნა საინტერესო, ფუნქციური და მყუდრო სივრცე, რომელიც იდეალური გარემოა როგორც ეფექტური მუშაობისთვის, ისე – სასიამოვნო დასვენებისთვისაც. 

პროექტის ავტორი: ნიკიტა ტიმოშენკო, თორნიკე ჭიკაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Office Pros“

რბილი ავეჯი, სკამები, მაგიდები: „RIM“, „Ahrend“

განათება: “Medusa Architecture & Design”

სამზარეულო და ფანერის თაროები: „GIOF“

სანტექნიკა: „იდეალი“, „Hansgrohe“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ნიკიტა ტიმოშენკო

მომხიბლავი ვინტაჟური სახლი შვედეთში

ეკოლოგიურად პასიური სახლი მალიორკაზე