in ,

პატარა ფართის ათვისების იდეალური მაგალითი – სტუდია Tinatin-ის ნამუშევარი სარაჯიშვილის ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ეს ბინები შექმნილია ტურისტების მისაღებად. პროექტის ავტორების თანახმად, დიზაინზე მუშობისას მათთვის მთავარი იყო სტუმრებისთვის კომფორტული და საინტერესო გარემოს შექმნა.

როგორც სტუდია Tinatin-ში აღნიშნავენ, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა გამორჩეულად საინტერესო  და საპასუხისმგებლო იყო, ვინაიდან არქიტექტურიდან გამომდინარე, შენობის მაღალი ჭერი, დიდი ნათელი ფანჯრები და ძველი თბილისის ხედები უკვე ქმნიდა პროექტის განსაკუთრებულ ხასიათს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პროექტის ავტორებს უნდა შეენარჩუნებინათ და უკეთ წარმოეჩინათ არქიტექტურის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. სწორედ ამ მიზნით დიზაინ სტუდიამ შეძლებისდაგვარად აღადგინა ყველა ის ელემენტი, რომელიც რესტავრაციას ექვემდებარებოდა. ამ პროცესის ფარგლებში განახლდა ძველი კარი, რომელიც შეიღება და დაუმონტაჟდა იგივე ანჯამები და სახელური.

იგივე პრინციპით განახლდა დარაბები. თუმცა, ამ შემთხვევაში დარაბების ფერი შეიცვალა და ისინი მკვეთრი ლურჯი ფერით შეიღება. იატაკი მოიხვეწა და იგივე ფერის ლაქით დაიფარა.

ერთ-ერთ ბინაში განთავსებულია ყვითელი სამზარეულო, რომლის ფერიც მცირე ზომის ოთახს ახალისებს და სივრცის მარტივ დიზაინს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. მისაღები ოთახი და საძინებელი გაერთიანებულია და ძველი ორნამენტებიანი ჭერით ქმნის ერთ დიდ სივრცეს.

ბინა ლურჯი ფილებით სულ რაღაც 28 კვადრატული მეტრია. ამ სივრცეში განთავსებულია სამზარეულო, აბაზანა, საძინებელი და მცირე სასადილო სივრცე. ოთახებს შორის გამოყენებულია დაბალი ტიხარი, რომელიც სამზარეულოს სივრცეს გამოყოფს საძინებელი სივრცისგან. ტიხრის სიმაღლის შემცირებით ორივე სივრცეში შენარჩუნებულია ბუნებრივი განათება.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

როგორ შევურიოთ დეკორის ორი სტილი ერთ სახლში?

ტყესა და ზღვას შორის მოქცეული ულამაზესი პროექტი აჭარაში – მწვანე კონცხი ბოტანიკო