in

როგორ მოვარგოთ ინტერიერის დიზაინი შინაურ ცხოველებს?

jack russel puppy on white carpet
Banner M2
Banner M2

ბევრი ჩვენგანისთვის ჩვენი შინაური ცხოველები ოჯახის წევრებს წარმოადგენენ და მათთვის ჩვენს სახლებში ფართო და სრულფასოვანი სივრცის გამოყოფა მუდამ პრიორიტეტულია, თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენი ინტერიერის დიზაინის ხარჯზე ხდებოდეს. ცხოველების მფლობელები ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს მნიშვნელოვან კითხვას  – „როგორ მოვარგო სახლი ჩემს შინაურ ცხოველს?“ Homeis.ge წარმოგიდგენთ მსოფლიოში აღიარებული ინტერიერის დიზაინერის, ემა სიმს-ჰილდიჩის რჩევებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

დიზაინერი ემა სიმს-ჰილდიჩის აზრით, პირველი, რაზეც ცხოველების მფლობელებმა უნდა იზრუნონ, სახლის იატაკია. მაგალითად, მარყუჟის ტიპის შალის ხალიჩა ძალიან პრობლემატურია ისეთ სახლში, სადაც ცხოველებიც ბინადრობენ, რადგან კლანჭების ჩამოსმით ის ძალიან მარტივად ფუჭდება. ზოგადად, ცხოველებიან სახლში ხალიჩების იატაკზე მოთავსებისგან თავის შეკავება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილებაა – ხალიჩები ინტერიერს ალამაზებენ, თუმცა ისინი შინაური ცხოველების ბეწვს, ჭუჭყსა თუ მტვერს მარტივად იწოვენ. შეგიძლიათ, ხალიჩები მოათავსოთ კედლებზე, რაც საკმაოდ ტრადიციული ინტერიერის დიზაინის სტილს შესძენს თქვენს სახლს და სიმყუდროვის განცდასაც შემოიტანს.

ბუნებრივი ქვის იატაკი სახლში საუცხოოდ გამოიყურება, თან, ვიზუალურ დადებით მხარეებთან ერთად, ის ძალიან მარტივი გასაწმენდია. ემა-სიმს ჰილდიჩი რეკომენდაციას უწევს ქვის ფილების მწარმოებელ კომპანიას „Artisans of Devizes” და გვირჩევს, რომ შეძლებისდაგვარად ავარიდოთ თავი მუქი ფერის ფილების გამოყენებას. ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ მუქ ფერზე ცხოველების ტალახიანი ფეხების ანაბეჭდები ნაკლებად გამოსაჩენი იქნება, მაგრამ პირიქით – ეს ფერი უფრო გამოკვეთს ჭუჭყს, მითუმეტეს, როცა ტალახი შრება.

თუ შინაური ცხოველები გყავთ, იფიქრეთ ხის იატაკის დაგებაზეც, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მისი საპნითა და წყლით წმენდა ხშირად მოგიწევთ – ხის მასალას მალევე ეტყობა ჭუჭყი და მტვერსაც მარტივად იგროვებს. ამასთან ერთად, ემა სიმს-ჰილდიჩი გვირჩევს, რომ თუ ხის იატაკზე შევაჩერებთ არჩევანს, ზედა ფენა აუცილებლად სქელი გვქონდეს, რათა ცხოველების კლანჭებმა ის მარტივად არ დაკაწროს.

შინაურ ცხოველებს სჩვევიათ რომელიმე სავარძლის ან ტახტის ამოჩემება და მათი თავიანთ პირად სივრცედ მონიშვნა, ამიტომ ჭკვიანურია, თუ ავეჯს გამძლე და ვიზუალურად ლამაზ ქსოვილს გადავაკრავთ, ეს მას დაზიანებისგან დაიცავს. ემა სიმს-ჰილდიჩი ფიქრობს, რომ სელი ყველაზე კარგი და არც ისე ძვირადღირებული გამოსავალია ასეთი სიტუაციიდან – სელის ქსოვილი ძაღლებისა და კატების ბეწვს მარტივად არ იკრავს და თან საკმაოდ გამძლეა.

“The Why Not Gallery” ქართული ხელოვნების სადარაჯოზე – ინტერვიუ ელენე კაპანაძესთან

ვარდისფერი ტონები სამზარეულოს დიზაინში – იდეები ინსპირაციისთვის