in

ხალხმრავალ პარკად ქცეული დავიწყებული აეროპორტი – Mosbach Paysagistes-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ტაიჩუნგში, ტაივანში მდებარე ყოფილი აეროპორტის შენობა და მიმდებარე ტერიტორია ფრანგული ლანდშაფტის არქიტექტურული სტუდიის,  Mosbach Paysagistes-ის პროექტით ნამდვილ ეკოლოგიურ ოაზისად -პარკ “Phase Shift”-ად გადაიქცა. თავდაპირველი აეროპორტის გეგმის გამოყენებით სტუდიამ შექმნა ინსტალაციები, მინდვრები და მაქსიმალურად გამოიყენა ძველი პროექტის დადებითი მხარეები.

ფილოსოფოსი რუდოლფ შტაინერის (Rudolf Steiner) „12 შეგრძენის პრინციპის“ მიხედვით არქიტექტორებმა 12 განსხვავებული მინდორი შექმნეს, რომელთან თითოეული ერთ რომელიმე შეგრძნებას ეძღვნებოდა. მაგალითად, აქ გვხვდება „ყნოსვის მინდორი“ სადაც ძალიან მძაფრი სურნელის მქონე ყვავილებია დარგული. ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ „მეტყველების მინდორი“, სადაც მდებარეობს ტბა, რომელიც ლანდშაფტის არქიტექტორებმა სპეციალურად ისე შექმნეს, რომ მას ექოები გამოეცა. ამ უნიკალური კონცეფციის საშუალებით ტაივანური პარკი დამთვალიერებს გარშემო არსებულ ბიოსამყაროს ახლიდან აღმოჩენასა და საკუთარი შეგრძნებების გამძაფრებაში ეხმარება.

Mosbach Paysagistes-მა ბუნება სტრატეგიულად გააერთიანა მზის ენერგიაზე დამოკიდებულ ტექნოლოგიასთან და ამით პარკი „Phase Shift“ გახადა ბუნებრივი, სუფთა ჰაერის მქონე ჯანსაღი სივრცე, რაც უმნიშვნელოვანესი იყო ტაიჩუნგისთვის, ვინაიდან ეს ქალაქი ძალიან დატვირთულია ტრანსპორტითა და სამრეწველო კომპანიებით და, შესაბამისად, მისი ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. ქალაქის „მწვანე ფილტვად“ წოდებული პარკი 200-ზე მეტ მცენარის სახეობას მოიცავს და პროექტის მიხედვით, მასში მალე 10,000-ზე მეტი ხე გაიზრდება.

არქიტექტორებმა ბევრი იფიქრეს მცენარეების სახეობების შერჩევაზე, ვინაიდან მათ განსაკუთრებული მისია ჰქონდათ დაკისრებული – ტაიჩუნგის ბუნებრივი ჰავა ძალიან ნესტიანია, ამიტომ ჰაერის ტენიანობის დონის შესამცირებლად მათ ისეთი ხეები, ბუჩქები თუ ყვავილები შეარჩიეს, რომლებიც ჰაერიდან სითხეს იწოვენ. ამისთვის არქიტექტურულმა სტუდიამ ზედმიწევნით შეისწავლა პარკის ტოპოგრაფია და მიწაში წვიმის წყლის შესაგროვებელი ფორიანი მოწყობილობებიც დაამონტაჟა.  კოღოების საწინააღმდეგო ულტრახმოვანი დანადგარების, ჰაერის გამწმენდი ტექნიკისა და სხვა უამრავი თანამედროვე ხელსაწყოს მეშვეობით პარკი ტაიჩუნგის ნამდვილი მხსნელი გახდა.

პარკი „Phase Shift“ ასევე მოიცავს რამდენიმე შენობას, რომელთა შორისაცაა კაფე და კულტურული ცენტრი. ეს და სხვა შენობები ხასიათდება მოკრძალებული, ბადისებრი სტრუქტურის მქონე ნაცრისფერი ზედაპირით, რომლებიც ღამით სინათლეს ირეკლავენ და ფეხით მოსიარულეებს გზის გაგნებაში ეხმარებიან.

ფოტოები: Mosbach Paysagistes

ვილა “Fifty-fifty” – Studioninedots-ის მწვანე პროექტი

5 წესი ინტერიერის ფარდებით გალამაზებისთვის