in

როგორ უნდა მოხდეს ფორტეპიანოს ტრანსპორტირება სწორად

ფორტეპიანო ძალიან მძიმე, გაბარიტული და ამავე დროს, ფაქიზი ინსტრუმენტია. მისი გადატანა გარკვეულ გამოცდილებას და სიფრთხილეს საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე აუცილებელ პირობას, რომელიც დაცული უნდა იყოს ამ აღნიშნული ინსტრუმენტის გადატანის დროს, რათა ის არ დაზიანდეს და არ დაკარგოს ჟღერადობა. გახსოვდეთ, ამ ინსტრუმენტის გადატანა მხოლოდ პროფესიონალების საქმეა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ყველა საჭირო წესი ზედმიწევნით გეცოდინებათ, უფრო მარტივად შეძლებთ პროცესის გაკონტროლებას.

  • ფორტეპიანოს გადატანის პირველი ეტაპი შედგება მოსამზადებელი სამუშაოებისგან, რაც გულისხმობს ინსტრუმენტის ნაწილების მოხსნას: ქვედა და ზედა ხუფები სპეციალური სამაგრებით ადვილად იხსნება, ასევე კლავიშების დამცავი საფარიც შეიძლება მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კარგად უნდა დაფიქსირდეს და კლავიშებსა და მის შორის ნაჭერი, პლედი ან რაიმე სხვა ტიპის ქსოვილი მოთავსდეს, რათა სახურავის კლავიშებზე ზემოქმედება გამოირიცხოს. განსაკუთრებით ფაქიზია დამრტყმელი მექანიზმი და მისი მოხსნა არაა რეკომენდირებული.

  • ამის შემდეგ ხდება შეფუთვა. ინსტრუმენტი განსაკუთრებით რეაგირებს ტემპერატურულ რყევებსა და ნესტზე. შესაბამისად, პირველ რიგში, ერიდეთ მის გადატანას ზამთარში და შეეცადეთ ის კარგად შეფუთოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდი, ლეიბები, საბნები, პლედები ანუ ყველაფერი რაც მის კორპუსს დაზიანებისგან დაიცავს და რაც მთავარია, ტემპერატურის ცვლილებას მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ინსტრუმენტის დიდი ხნით გარეთ დატოვება არ არის მიზანშეწონილი.
  • გაეცანით ინსტრუმენტის ინსტრუქციას და მონაცემებს. გადამზიდავების რაოდენობა ფორტეპიანოს წონაზეა დამოკიდებული. საშუალოდ, 45 კილოგრამზე ერთი ადამიანი იანგარიშება. აუცილებლად შეისწავლეთ ის ტრაექტორია, რომელიც უნდა გაიაროს ინსტრუმენტმა გადატანის დროს: კარის ღიობები, გასავლელი საფეხურების გამძლეობა და ა.შ.

  • კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული ინსტრუმენტის დაწოლილ მდგომარეობაში ტრანსპორტირება და ჩატანის დროს დახრის დიდი კუთხის შექმნა. ჩატანისას დეკა მოაჯირისკენ უნდა იყოს მიბრუნებული. ამ პირობების დაცვას პროფესიონალი გადამტანები თავად უზრუნველყოფენ, თუმცა თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ, პროცესი ორმაგად ეფექტური იქნება. ასევე ყურადღება გაამახვილეთ ტრანსპორტზე, კარგი იქნება თუ მას ჰიდრავლიკური ამწევები ექნება.
  • ახალ ადგილზე მოთავსების შემდგომ, ოთახში, სადაც ინსტრუმენტი დაიდგმება, მიზანშეწონილია ფანჯრების გამოღება გარე ტემპერატურის დასაბალანსებლად. უმჯობესია, რამდენიმე დღე არ დაუკრათ ინსტრუმენტზე და არ გაწმინდოთ მასზე წარმოქმნილი კონდესატი, ვინაიდან ის თავად უნდა გაშრეს. ნუ მიამაგრებთ მოხსნილ ელემენტებს. აცადეთ ინსტრუმენტს ახალ გარემოსთან ადაპტირება.

  • ბოლო ეტაპზე კი (ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში) მოიწვიეთ ოსტატი, რომელიც ფორტეპიანოს თავიდან ააწყობს, ვინაიდან გადატანის შემდგომ ინსტრუმენტს სათანადო ჟღერადობა არ ექნება.

როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა: დიზაინერ აირენ განთერის გამოცდილება

გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი „პარკ ორთაჭალა“ შენდება