in

პრიზმის ფორმის სახლი არგენტინაში – La Base Studio-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

Casa Mendoza არგენტინაში, ბუენოს აირესში მდებარეობს და ულამაზესი ლანდშაფტითა და ხმაურიანი ქუჩებით არის გამორჩეული. სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ამავე ადგილას, მწვანე ფერდობებს შორისაა ჩაფლული, გადატვირთული ქუჩებისა და ჩიხებისგან განცალკევებით. მისი საერთო ფართობი 241 კვადრატული მეტრია და პროექტი არქიტექტურულ სტუდია La Base Studio-ს ეკუთვნის, რომელმაც მასზე მუშაობა 2022 წელს დაასრულა.

მიწის ნაკვეთი 1970-იანი წლებიდან სამოქალაქო ინჟინერს ეკუთვნოდა. პირვანდლი სახლი აშენებული იყო კონსტრუქციით, რომელიც ეყრდნობოდა ტრადიციული ქვის კედლების სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორები ამგვარი სტრუქტურის მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ, შენობამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა, მისი ნაწილი დაინგრა და მიწისქვეშა სივრცე დაემატა.

დღეს შენობას გარედან ორ დიუმიანი მყარი ხის ღობე აკრავს, რომელიც პრიზმის მსგავსად, ყოველი მხრიდან მეორდება და გისოსებს ქმნის. ფასადი, რომელიც ქუჩის მხარეს დგას, კრამიტით არის დაფარული. მთლიანობაში სახლი არის ძალიან კომპაქტური და მოიცავს სამ სართულს, თითოეულ მათგანს კი განსხვავებული და ძალიან საინტერესო ურთიერთობა აქვს ლანდშაფტთან.

სახლს სარკეების მაგვარი კედლები აქვს, რომელზეც ეზოში არსებული მცენარეების სიმწვანე ირეკლება. პირველი სართული მჭიდროდ არის დაკავშირებული მიმდებარე ეზოსთან, მაგრამ ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ურთიერთობა საკმაოდ ბუნდოვანია. ამ სართულზე ინტერიერი პრაქტიკულობასა და ფუნქციურობაზეა ორიენტირებული.

ზედა სართული კიდევ უფრო კონფიდენციალური სივრცეა, რომელიც მაქსიმალურად არის დაცული ქუჩის ხმაურისგან. ამ სართულზე სამი ოთახია განთავსებული. ერთიანი იატაკის ხარჯზე, ოთახები ერთ მთლიანობას ქმნიან. ეს ნაწილიც ეზოს უკავშირდება, რომელიც ქუჩასა და სახლს შორის გარდამავალ როლს თამაშობს.

მასალის სახით, ძირითადად ხეა გამოყენებული, რომელსაც უხვად ვხედავთ იატაკის საფარსა და კედლებზე. იმავე მასალისგანაა დამზადებული გისოსებიც. მიუხედავად იმისა, რომ სახლი მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული , შიდა სივრციდან ბუენოს აირესის ხედები შესანიშნავად ჩანს. პროექტის მთავარი კონცეფცია სწორედ კონტრასტის დაცვაა არგენტინის ხმაურიან ქუჩებსა და საცხოვრებელი სახლის მყუდრო ინტერიერს შორის.

აღსანიშნავია, რომ სახლის თითოეული კვადრატული მეტრი მაქსიმალურად არის ათვისებული, რაც განაპირობებს იმას, რომ პროექტში თითქმის ვერ ნახავთ დერეფნებსა და ცარიელ სივრცეებს. სწორედ სივრცის ათვისების მიზნით არის დამატებული სათამაშო ოთახი მესამე სართულზე და სარდაფი მიწისქვეშა ნაწილში.

არქიტექტურული სტუდია: La Base Studio

ფოტოები: Cristóbal Palma

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

იატაკის მოხვეწა – 5 კომპანია საქართველოდან, რომელიც ამ მომსახურებას გაგიწევთ

თანამედროვე აბაზანის დიზაინი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის