in

რბილი იატაკის ძლიერი და სუსტი მხარეები

იატაკი ინტერიერის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეს გვინდა გესაუბროთ რბილი იატაკის საფარზე, რომელიც ევროპაში საკმაოდ ტრენდულია, მაგრამ ჩვენთან დიდი მოთხოვნით ჯერ-ჯერობით არ სარგებლობს. თუ თქვენ არ შეგაშინებთ მისი ყოველდღიური მოვლა და შედარებით მაღალი ფასი (ხარისხიანი მოდელების ერთი კვადრატულის ფასი 15 დოლარიდან იწყება), მაშინ ის ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება.

რბილი იატაკი (ე.წ. კოვროლინი) რამდენიმე ფენისგან შედგება: ძირითადი, შუალედური – უმეტესად ლატექსის ფენისა და ბეწვისგან. ის მრავალ ფერთა და სტრუქტურულ გამაშია წარმოდგენილი. არსებობს ხელოვნური და ბუნებრივი.

ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევა რბილი იატაკის ფილებზეც, რომლებიც სხვა დადებით თვისებებდთან ერთად, დაგებისას მინიმალურ დანახარჯებს მოითხოვს. მასზე მრავალი დიზაინერული ექსპერიმენტის მორგება და დაზიანებული ადგილის ლოკალურად აღდგენაა შესაძლებელი.

რბილი იატაკის ძლიერი მხარეები:

  • კარგად ინარჩუნებს ოთახის სითბოს;
  • გამოირჩევა ხმის კარგი საიზოლაციო თვისებებით (ზედგამოჭრილია საბავშვო ოთახებისთვის);
  • სასიამოვნოა შეხებისას (განსაკუთრებით სასიამოვნოა მასზე ფეხშიშველი სიარული);
  • ადვილი დასაგებია;
  • სხვა ზედაპირებთან შედარებით, ნაკლებად ტრამვულია;
  • ექსპერტების მტკიცებით, რბილი იატაკი იკრავს მტვერს და ასეთი ოთახი ჩვეულებრივთან შედარებით 30 პროცენტით უფრო ნაკლებ მტვრის ნაწილაკებს შეიცავს;
  • წარმოდგენილია ფერთა ფართო გამაში.

რბილი იატაკის სუსტი მხარეები:

  • არ გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით;
  • მგრძნობიარეა ნესტისადმი და შესაბამისად, მისი მხოლოდ მშრალი წმენდაა შესაძლებელი
  • ადვილად იკრავს სუნსა და ლაქებს. მიდრეკილია გახუნებისკენ;
  • საჭიროებს სისტემატიურ მოვლას (ორ დღეში ერთხელ მტვერსასრუტი და წელიწადში ორჯერ მშრალი ქიმ. წმენდა);
  • როგორც ყველა ხალიჩას, გააჩნია ალერგიულობის შედარებით მაღალ მაჩვენებელი.

რომ შევაჯამოთ, რბილი იატაკი რამდენადაც ლამაზი და კომფორტულია, იმდენად სკურპულოზურ და შრომატევად მოვლას საჭიროებს. მისი დაგება ადამიანების მაღალი დენადობის ოთახებში არ არის რეკომენდირებული, თუმცა საძინებელ და განსაკუთრებით საბავშვო ოთახში ის ძალიან კომფორტულია და მისი მოვლისთვის დახარჯული ენერგიის ანაზღაურება იმ დადებითი ემოციით ხდება, რომელსაც მისი გამოყენებით ვიღებთ.

Stack-cube House – TOUCH Architect-ის პროექტი ტაილანდში

გარემოზე ზრუნვა თანამედროვე არქიტექტურაში – Foster + Partners-ის პრაქტიკა