in

თავლის რენოვაციის შედეგად მიღებული სახლის პროექტი – Objekt Architecten-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

Object Architecten-ის ეს პროექტი წარმოადგენს ფლამანდიური მინდვრების შუაგულში მანამდე არსებულ სახლზე და მიმდებარე თავლაზე მუშაობის შედეგს. მეპატრონეებთან და მათ პენსიაზე გასულ მშობლებთან ერთად, კომპანიამ არსებული ფერმა ორ სახლად გადააქცია, რომელთაგან ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფარია. ამ განახლების დროს, დიზაინერები ცდილობდნენ, მიმდებარე ტერიტორიის ტიპურ ფლამანდიურ სოფლის ხასიათზე რაც შეიძლება ნაკლებად ემოქმედათ.

თავდაპირველი ნაგებობების თითქმის ყველა გარე კედელთან ერთად შენარჩუნებულ იქნა არსებული სახურავების ფორმა და უწყვეტობა. უკვე არსებული სახლი მოხუცთა თავშესაფრად გადაკეთდა, ახალი ფართი კი მიმდებარე ბეღლების საზღვრებში განთავსდა. ეს უზრუნველყოფს საკმარის კონფიდენციალურობას ორივე ოჯახისთვის, გარე სივრცისა და ხედების კომპრომისის გარეშე.

ახალი ფართის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს შესასვლელი დარბაზი, რომელიც მოქმედებს, როგორც სხვა სივრცეების დამაკავშირებელი კვანძი. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებლებს აქვთ ცალკე შესასვლელი, ორივე ობიექტს შორის შექმნილია შიდა კავშირი დახურული გარე ოთახის მეშვეობით. არსებული სახლის დახრილი სახურავი ისე გაფართოვდა, რომ იგი ახალი ნაწილის პერპენდიკულარულად არის განლაგებული. სახურავის ქვეშ არსებული სივრცე საძინებელ ოთახებს, აბაზანასა და რამდენიმე ფართო სათავსოს იტევს.

გარდა ამისა, მოხუცთა თავშესაფართან პირდაპირი კავშირია უზრუნველყოფილი, რათა გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში მაცხოვრებლებს პირველ სართულზე არსებულ საძინებელთან სწრაფი წვდომის საშუალება ჰქონდეთ. მეორე მხარეს, სახურავი ეყრდნობა თავდაპირველ გარე კედელს, რაც ახალ მაცხოვრებლებს, ცუდი ან ძალიან ცხელი ამინდების შემთხვევაში, გადახურული გარე ტერიტორიით უზრუნველყოფს. საძინებლებს ერთი გრძელი ღამის დარბაზი აკავშირებს.

თავდაპირველი სახლისა და ბეღლის გარე იერსახე უცვლელი დარჩა. კლასიკური აგური და სახურავის ფილები ფერმის ავთენტურ ხასიათს წარმოაჩენს. ახალ ფართს ამშვენებს დიდი ფანჯრები, რომლებიც ბრინჯაოსფერი ალუმინით არის გაფორმებული. ბეტონის სტრუქტურული ელემენტები და ყავისფერ-წითელი იატაკის ფილები, სივრცის მთლიანობის დარღვევის გარეშე, აუცილებელ კონტრასტს ქმნის. ძველი ელემენტების ბრუტალური და უხეში ხასიათი ახალი საცხოვრებელი ობიექტის დელიკატურ და სუფთა იერს აძლიერებს.

ახალი სახლისთვის გაპრიალებული ბეტონის იატაკი შეირჩა. მოსასვენებელ ზონაში, სადაც მოსასვენებელი სივრცე და სათამაშო მოედანია განთავსებული, კონტრასტული მუხის პარკეტი დაიგო. სახლის ცენტრში ვხვდებით ხასხასა ლურჯი ფერის ბირთვს, რომლის ერთ მხარეს საპირფარეშო, გარდერობი და კიბეა განლაგებული, ხოლო მეორე მხარეს – სამზარეულო და საკუჭნაო. სამზარეულოს მომრგვალებულ კუნძულს, რომელიც ბუნებრივი ხის ტონშია მოპირკეთებული, ატმის ფერის ზედაპირი აქვს. სპილენძის აქცენტებთან ერთად, ეს ოთახის თანამედროვე და მდიდრულ იერს ერთგვარი მთლიანობის განცდას ანიჭებს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

სართულის დაშენებით შექმნილი ახალი სივრცე თბილისში – R312 architect-ის ნამუშევარი

მშენებლობის რა ეტაპზე ჯობია ბინის შეძენა – “ნამაი ვაკე” გირჩევთ