in

12.0 — მონოლითური რეზიდენცია სოფელ კანჯარის შუაგულში

Alliance Group
Alliance Group

ინდოეთის სოფელ კანჯარის შუაგულში აშენდა რეზიდენცია გიგანტური საცხოვრებელი ფართით, რათა შესაძლებელი გამხდარიყო დიდი შეკრებების მოწყობა და სივრცეში რამდენიმე საძინებლის დატევა. ეს არის ერთსართულიანი მონოლითური ნაგებობა, რომელიც მინისა და ბეტონისგან შედგება. მთლიან სახლს ფარავს შებრუნებული ფილა, რომელიც შიდა ფასადიდან დაახლოებით 12 ფუტით (3 მეტრი) არის დაშორებული. სწორედ ასე გაჩნდა სახლის სახელიც — 12.0. ყველა შიდა სივრციდან ლანდშაფტის მაქსიმალური ხილვადობისთვის გამოყენებულია ღია დაგეგმარება.

რეზიდენცია ინტეგრირებულია აყვავებულ, მწვანე ეკოსისტემასთან. სახლში არის შიდა ეზო, რომელიც მოქმედებს როგორც ბუფერი სახლის ნახევრად პრივატულ და პრივატულ საძინებლებს შორის. ეს სივრცე, მიუხედავად მცირე ფართობისა, ქმნის ბალანსს თავშეყრისა და დასვენების ადგილებს შორის და აქტივობებს შორის საჭირო სიცარიელეს წარმოშობს.

აქტივობების მიხედვით, სახლი 3 ნაწილად არის დაყოფილი — შეკრების, დასასვენებელი და კომუნალური ზონები.

თავშეკავებულ ინტერიერში კომფორტული და ნეიტრალური ფერების პალიტრაა გამოყენებული. მთლიან იატაკზე დაგებულია სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილი ტერაცოს ფილები, ხოლო ავეჯის დიზაინისთვის ლურჯი და ქლიავისფერი პასტელური ფერებია შერჩეული. შიდა მშრალ სამზარეულოს აქვს პარამეტრული ჭერი, რომელიც ჭადრის ხის მორებით არის შექმნილი და ეს არის ერთადერთი რთული ელემენტი სივრცის სრულიად მინიმალისტური დიზაინის ფონზე. ეს ჭერი შედგება 750-ზე მეტი ხის ნაწილისგან, რომელთაგან თითოეული განსხვავებული ზომისაა.

სახლის თითოეული სივრცე, ალუმინის სავენტილაციო ჟალუზების მეშვეობით, ჯვარედინი ვენტილაციით არის უზრუნველყოფილი.

ლანდშაფტი დაპროექტებულია როგორც ეკოსისტემა, დაახლოებით 110 სახეობის ხით და 150-ზე მეტი სახეობის ბუჩქითა და მიწის საფარით. მიწა გზის დონიდან 1.5 მეტრით დაბლაა და უზარმაზარი წვიმის წყლის რეზერვუარის გაკეთების შემდეგ, აქ შესაძლებელი გახდა 4.5 მილიონი ლიტრი წყლის შენახვა. ეს მეპატრონეებს ხარჯების დაზოგვაში, ასევე მთელი წლის განმავლობაში პლანტაციების მორწყვისთვის საჭირო რესურსის შექმნაში დაეხმარა. მთლიანობაში, ნაკვეთზე განთავსებულია სანერგე მეურნეობა, უზარმაზარი ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები (რომლებიც 20-ზე მეტი ოჯახისთვის არის საკმარისი), წვეულებისთვის განკუთვნილი ცენტრალური გაზონი და უღრანი ტყე.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რამდენად ეფექტურია დეკორატიული რადიატორი თბოგამოცემის კუთხით?

სამუშაო სივრცე საძინებელში — რამდენიმე შთამაგონებელი იდეა