in

როგორ შევამოწმოთ ახლადდამონტაჟებული წყალგაყვანილობის სისტემა სახლში

დღეს გვსურს ვისაუბროთ ახლადდაყენებული წყალგაყვანილობის სისტემის შემოწმებისა და ხელოსნებისგან შესრულებული სამუშაოს ჩაბარების შესახებ. ეს აუცილებელი ეტაპია სარემონტო სამუშაოების პროცესში, ვინაიდან მისი უგულებელჰყოფის შემთხვევაში, შესაძლებელია არა მარტო თქვენი, არამედ მეზობლების რემონტიც ხელმეორედ გასაკეთებელი გაგიხდეთ.

წყალგაყვანილობის სისტემის შემოწმება ხდება ორ ეტაპად:

1.პირველი, საბაზისო ეტაპი

შემოწმება წყალგაყვანილობის სიტემაში არსებული სამუშაო წნევის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც დაახლოებით 3 ატმოსფეროს შეადგენს. საბაზისო შემოწმება გამოავლენს მილების გადაბმების უხეშ ხინჯებს.

მის ჩასატარებლად ყველა მილი დროებითი ლუქით იკეტება და სისტემა წყლით ივსება. როგორც წესი, სტანდარტული 3 ატმოსფეროიანი შემოწმებით დგინდება ყველა უხარისხო გადაბმის ადგილი.

2.მეორე ეტაპი

ამ ფაზაზე ხდება სისტემაში წყლის ნამატი წნევის ჩატუმბვა. ამისთვის საკმარისია სისტემაში ეტაპობრივად 10 ატმოსფეროს ჩატუმბვა. ჯერ 3 ატმოსფერო, შემდეგ 5 და ბოლოს 10.

სისტემაში წყლის ნამეტი წნევის შემქმნელ ინსტრუმენტს ატმოსფერული ტუმბო ეწოდება და მას 40 ატმოსფერომდე შეუძლია მილებში წნევის აყვანა.

სისტემის დატუმბვის შემდეგ წნევა 10 წუთის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ და ამ დროის მანძილზე კარგად დავათვალიეროთ ყველა მილი და გადაბმა. თუ 10 წუთის განმავლობაში მხოლოდ 0.5 ატმოსფერო წნევა დაეცა, ეს დასაშვები კლებაა და სისტემის ჰერმეტულობაზე მიანიშნებს.

10 წუთის გასვლის შემდეგ მილი აუცილებლად კარგად უნდა დათვალიერდეს, ვინაიდან შესაძლებელია პატარა წვეთებისა ან მიკრო ბზარების არსებობა, რომლებიც წყლის ლაქებითა და უმნიშვნელო სისველით გამოვლინდება, მაგრამ ამავე დროს წნევას არ დააგდებს. ეს გრძელვადიანი ეფექტი საბოლოოდ მოჭიმული იატაკის ან კედლის გაჟღენთვას იწვევს.

თუ სისტემაში მიკრო გაჟონვა შეამჩიეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ  გაჟონვის შეკეთება სისტემაში არსებული წნევის პირობებში, ვინაიდან ის შეიძლება გასკდეს და დაგაზიანოთ. ასევე აუცილებლად შეამოწმეთ, რომ არანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ონკანი არ იყოს დაერთებული მაღალი წნევით შემოწმების დროს, ვინაიდან შესაძლოა მაღალმა წნევამ ისინი დააზიანოს.

ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე – Material Editors-ის პროექტი

სასტუმროს ნომრის მსგავსი ინტერიერის დიზაინი ბინაში – MWAI-ს პროექტი