in ,

საბჭოთა პერიოდის შენობის ახალი სიცოცხლე პეკინის გამზირზე – “ხმალაძე არქიტექტორების” ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

შენობა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, პეკინის გამზირზე მდებარეობს, საბჭოთა პერიოდშია აგებული და მისი რეკონსტრუქცია სულ ახლახან განხორციელდა. დღეს აქ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასტუმრო Episode Hotels მდებარეობს, ერთ-ერთი თვალსაჩინო  და წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ესთეტიკური ფასეულობის არმქონე  საბჭოთა შენობა გადაიქცეს ქვეყნის ერთ-ერთ მოწინავე, ტექნოლოგიური ინოვაციით აღჭურვილ სასტუმროდ. აღნიშნულ პროექტზე იმუშავა “ხმალაძე არქიტექტორების” გუნდმა არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მეთაურობით.

შენობა რეკონსტრუქციამდე

გუნდისთვის დიდი გამოწვევა იყო შენობის რეკონსტრუქციის პროცესი. ეს ნაგებობა აშენდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, რის გამოც, ის მოითხოვდა ბევრ ტექნიკურ ჩარევასა და სრულად გამაგრებას იმისთვის, რომ დღევანდელი სტანდარტებისთვის მოგვერგო. დამატებით სირთულეს წარმოადგენდა მისი ლოკაცია, რადგან მნიშვნელოვანი იყო, რომ რეკონსტრუქციას ქალაქის ცენტრში ჩაევლო  უმტკივნეულოდ, ისე , რომ პროცესში ვიზუალურად არ დაგვეზიანებინა ქალაქის იერსახე,” – გვიამბობს “იუნიქ დეველოპმენტის” გუნდი, რომელმაც სრულად განახორციელა აღნიშნული პროექტი.

შენობა რეკონსტრუქციის შემდეგ. ფოტო: ბილი ბილიხოძე

რეკონსტრუქციის პროცესში ძირითად ამოცანას წარმოადგენდა თანამედროვე დიზაინის, პირველი ტექნოლოგიური სასტუმროს შექმნა რეგიონში, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებდა სრულიად ახალ გამოცდილებას სტუმარმასპინძლობის სექტორში. Episode-ში მოსულ სტუმარს შეუძლია რეგისტრაციის სრული პროცესი გაიაროს დამოუკიდებლად,  კიოსკის ან აპლიკაციის  საშუალებით. ასევე აპლიკაცია სტუმრებს სთავაზობს ყველა საჭირო ხელსაწყოს ნავიგაციის გასამარტივებლად და დამატებითი სერვისების მისაღებად. სასტუმრო  სრულად ერგება როგორც  ქართველი, ისე უცხოელი ნომადებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების სეგმენტს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მარტივად გაიარონ რეგისტრაციის პროცესი, დაისვენონ კომფორტულად, არ ჰქონდეთ შეზღუდვა თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად დასვენებაზე, გააჩნდეთ მშვიდი სამუშაო სივრცე ახლოს და რაც მთავარია, მწვანე გარემო შთაგონებისთვის.

პროექტის ავტორებისთვის პრიორიტეტული იყო ხელმისაწვდომი ნომრების შექმნა, თუმცა ეს არ გულისხმობდა კომპრომისს კომფორტის ნაწილში – აქ მოიაზრებოდა  ნაკლები არასაჭირო ნივთის განთავსება ოთახში.

ბიზნესმოდელიდან გამომდინარე, ინტერიერის დიზაინის დაგეგმვის პროცესში მთავარი გასათვალისწინებელი იდეა იყო, შეგვექმნა  ჩვენი სტანდარტი, რაც გულისხმობდა ნაკლებად მოსავლელი მატერიისა და ზედაპირების გამოყენებას, ასევე ადგილობრივად დაგვემზადებინა ისეთი საწოლის მოდელი, რომელიც მოერგებოდა როგორც ორ ადგილიან, ისე ერთ ადგილიან ლოგინს ერთდროულად, ეს ყველაფერი გაამარტივებდა სასტუმროს პერსონალის ოპერირებას და მათი რაოდენობის ოპტიმიზაციას. მთელ სასტუმროში ავეჯი  დიზაინის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებდა ექსკლუზიურად დამზადებას, რამაც საშუალება მოგვცა, დაგვესაქმებინა ადგილობრივი ხელოსნები,” – აცხადებენ Episode-ის დამფუძნებლები.

ინტერიერის მთავარი კონცეფცია მდგომარეობდა იმაში, რომ კონტრასტული ფერებითა და მასალებით, ფუნქციურად  გამოყოფილიყო სივრცეები, როგორებიც არის მაგალითად, კიოსკი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის რეგისტრაციის, სასტუმროდან გასვლისა და ნომრის დაჯავშნის დავალებებს. ასევე, ფუნქციურადაა გამოყოფილი საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი, ბარი, სპორტდარბაზი, ატრიუმი. მსგავსი კონცეფციით გაიმიჯნა საძილე ზონა და ჰოლი ერთმანეთისგან ნომრის ნაწილშიც.

შენობის ერთ ერთ გამორჩეულ დეტალს წარმოადგენს მწვანე სივრცე, რომლის მისაღებად  პროექტის ავტორებს მოუწიათ ნაგებობის შუაგულის “ამოჭრა” (სადაც ადრე ძველი სააქტო დარბაზი იყო განთავსებული), რის ხარჯზეც მიღებულ იქნა პატარა, იზოლირებული ოაზისი სასტუმროს შიგნით, რომელმაც არქიტექტორებს საშუალება მისცა, გაეზარდათ ოთახების რაოდენობა და დაემატებინათ ბუნებრივი განათება.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ამ მხრივაც საკმაოდ ბევრმა სირთულემ იჩინა თავი, ვინაიდან შენობას საკმაოდ არასტანდარტული აგებულება ჰქონდა.

ინტერიერის დაგეგმარების კუთხით დიდ გამოწვევებს შევეჩეხეთ, რადგან ვერ ვახერხებდით ოთახების სტანდარტიზებას. მიუხედავად ყველაფრისა, შევძელით ისეთი ინტერიერის დიზაინის შექმნა, რომელიც ადაპტირებადი იქნებოდა შენობასთან ყველა სიტუაციასა და ყველა ფორმაზე, როგორც ავეჯის, ისე ყველა სხვა მასალის მხრივ. საბოლოო ჯამში, თითოეულ ოთახს ცალ-ცალკე მოვუფიქრეთ გადაწყვეტა. ჩვენ სასტუმროში იშვიათად გადააწყდებით იდენტური კონფიგურაციის ნომრებს.”

როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, არსებული შენობის კონსტრუქციის გათვალისწინებით, რამდენიმე ნომრის ხედი უყურებდა ე.წ. ყრუ კონსტრუქციულ კედელსა და სასტუმროს ტექნიკური კომუნიკაციებს ნაწილს, რაც ბუნებრივია, საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ამ გამოწვევასთან გამკლავება არქიტექტორების ჯგუფმა საინტერესო ტექნიკით შეძლო. ამ ადგილზე შეიქმნა ნომერზე მიკუთვნებული მწვანე სივრცეები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მყუდრო პრივატულ ზონებს წარმოადგენს სასტუმროში და ქალაქის ცენტრიდან მოწყვეტის განცდას იძლევა.

პროექტის ბიზნესმოდელიდან და ბრენდიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ოთახზე მიბმული დამატებითი სარგებლის – საერთო სამუშაო სივრცის არსებობაც, რომელიც როგორც სამუშაო, ისე networking ზონას წარმოადგენს სასტუმროში. ამ სივრცის პოპულარიზაციას პროექტის ავტორებმა ორი გადაწყვეტით შეუწყვეს ხელი – პირველი: ოთახების დიდ ნაწილში არ განთავსდა სამუშაო  მაგიდები, ხოლო co-working ზონაში სრულად იქნა ათვისებული სივრცე სხვადასხვა ფორმისა და სტილის სამუშაო ადგილებით. ამას გარდა, შენობაში გამოყოფილია ორი ტექნოლოგიურად სრულად აღჭურვილი შეხვედრების ოთახი და ორი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც მარტივად ადაპტირებადია ყველა ფორმატზე.

 

არქიტექტურული სტუდია: „ხმალაძე არქიტექტორები

მთავარი არქიტექტორი: გიორგი ხმალაძე

არქიტექტორი: თინათინ შერაზადიშვილი

ინტერიერის დიზაინერი: მაკო ბაღიშვილი გოშაძე

ფოტოები: ქეთო ჯანაშია, LAP Studio

გაერთიანებული სამზარეულო-მისაღები -7 პრაქტიკული რეკომენდაცია

როგორ შევარჩიოთ კონდიცირების სისტემა ბინისთვის სწორად