in

#სადვიცხოვრო: ბინა არგონავტების თემატიკით შთაგონებული ინტერიერით პლეხანოვზე

ნინო ჩიჩუა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში” კვლევებისა და ხარისხის დირექტორის პოზიციას იკავებს. ამას გარდა, მას აქვს საკუთარი კომპანია “კა ელემენტი”, რომლის პროფილი მარკეტინგული კონსულტაცია და ღონისძიებების მართვაა. ნინო ასევე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და ის უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობს მარკეტინგის მიმართულებით.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ყველა სამსახურში, სადაც მეკავა მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია, ინტერიერის დიზაინთან და მოწყობასთან მქონდა აქტიური შეხება, ფაქტობრივად, ჩემი ფუნქციის დიდ ნაწილს ასრულებდა. ჩემი საქმიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება მარკეტინგს, სერვისის სფეროს, customer experience-ს. როგორც ცნობილია, მარკეტინგული მიქსის 7(P)-ს ერთ-ერთი კომპონენტია – ფიზიკური გარემო, ანუ სერვისის მიწოდების სივრცე/ადგილი, სადაც ხდება პროდუქტის შექმნა და ინტერაქცია მომხმარებელთან, იქნება ეს რესტორანი, ბანკი, იუსტიციის სახლი, სადაზღვევო კომპანია, კლინიკა, თუ სასტუმრო. მარკეტინგის პრინციპებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგული მიქსის 7-ვე კომპონენტი იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული, შესაბამისად, ფიზიკური სივრცე, სადაც შემოდის მომხმარებელი და მოიხმარს პროდუქტს, უნდა იყოს ერგონომიული ანუ მასზე მორგებული, კომფორტული და სასიამოვნო. სივრცეების მოწყობის კუთხით წლების მანძილზე დამიგროვდა გამოცდილება (იუსტიციის სახლები, კლინიკები, ბანკები, ჩემი ბინა…) და რამდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე, ჩემით გამეკეთებინა ინტერიერის დიზაინი, მეფიქრა დიზაინის კონცეფციასა და იდეაზე.”

ამის შემდეგ ნინომ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, გიორგი ნიორაძემ, გადაწყვიტეს შეეძინათ პატარა ბინა ძველ თბილისში, რომელსაც გაარემონტებდნენ და უცხოელ სტუმრებზე გააქირავებდნენ. იმ დროისთვის გიორგის ბინების airbnb-ის პლატფორმაზე გაქირავებისა და მართვის დიდი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ ამ დეტალმა მისცა მათ გაბედულება და თამამად შეუდგნენ დასახული გეგმის განხორციელებას.

ასე შეიძინეს ნინომ და გიორგიმ 45 კვ/მ ფართობის მქონე ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 2019 წელს. ვინაიდან სივრცე იყო სრულად სარემონტო, პროექტის ავტორებმა ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალეს. თავიდან გაკეთდა იატაკი, კედლები, ჭერი, ფანჯრები… რაც შეეხება გეგმარებას, ის თითქმის უცვლელი დარჩა და მოხდა მხოლოდ აბაზანის გადიდება საძინებლის ხარჯზე.

“მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბინის გადაკეთება გაცილებით რთული და ხარჯიანია, ვიდრე ახალი ბინის რემონტი, ამ სივრცის უპირატესობა იყო მაღალი ჭერი, სქელი კედლები, კარგი გეგმარება და ძველი თბილისური ეზო. ზოგადად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს იზიდავთ საქართველოს ისტორია და მრავალსაუკუნოვანი კულტურა. ეს სიძველეები, მათთვის უნიკალური და უცხოა. აქედან გამომდინარე, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სწორედ ასეთ ძველ უბნებში მდებარე ძველ სახლებს,”- გვიამბობს ნინო

ამის შემდეგ უკვე დადგა ეტაპი, როდესაც ინტერიერის კონცეფცია უნდა მოეფიქრებინათ. ნინოს სურვილი იყო, რომ ისეთი სტილის აპარტამენტი შეექმნათ, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ბაზარზე არსებული ვარიანტებისგან. ამასთანავე, ბინას აუცილებლად უნდა ჰქონოდა რაიმე საქართველოსთან დაკავშირებული შტრიხი, რომელიც მისი “კონკურენტული უპირატესობა” იქნებოდა.

იყო ბევრი იდეა, თუმცა საბოლოოდ, დიზაინის კონცეფციად შევარჩიე მითი მედეაზე და არგონავტებზე. შემდგომ უკვე მოსაფიქრებელი იყო, თუ როგორ გამომეხატა ეს იდეა დიზაინში. ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე, რომ შემექმნა მხატვრობა ჭერზე ისე, როგორც ეს ძველ შენობებშია ფლორენციაში, რომში, ბარსელონაში… ჭერის დიზაინს მივყევით და ასე შეიქმნა მთელი ბინის ინტერიერიც. მხატვარ-რესტავრატორი 2 თვეზე მეტი მუშაობდა ჭერის მხატვრობაზე. არ გვქონია არანაირი რენდერი ან ესკიზი და არც პროფესიონალი დიზაინერისთვის მიგვიმართავს. მთელი რემონტის პერიოდში მამაჩემი გვეხმარებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო”, – იხსენებს ნინო 

საძინებელი ოთახის ჭერზე გვხვდება მედეასა და იასონის პირველი ამბორის გამომხატველი ნამუშევარი.

მისაღები ოთახის მოხატულობა კი გადმოსცემს სურათს, სადაც გემი “არგო” მოაპობს შავი ზღვის ტალღებს და იასონი ელადის რჩეულ მებრძოლებთან ერთად, საქართველოსკენ მოიჩქარის ოქროს საწმისის დასაუფლებლად.

არგონავტების თემატიკიდან გამომდინარე, სივრცის სახელიც მარტივად მოიფიქრეს. აპარტამენტი “არგო” – ასე ეწოდება ორიგინალური ინტერიერის მქონე ბინას, რომელიც ეკლექტური დიზაინით ხასიათდება.

“ბინა არის ბუნებრივად კარგად განათებული და ამ მხრივ შესაძლებლობას იძლევა, სტუმარმა მაქსიმალური კომფორტი და სიამოვნება მიიღოს. რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ვფიქრობ, ის საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავია. ამ ბინის შექმნის მთავარი იდეა, არ იყო მხოლოდ ლამაზ ინტერიერზე და სტუმრის კომფორტზე ზრუნვა, არამედ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ის, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს უკეთ გაეცნო ქვეყანა, ჩვენი კულტურა, ისტორია და ამ მხრივ მიღებული შთაბეჭდილებები ამ ბინიდანაც წაეღო.  სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბინაში განთავსებული სხვადასხვა ნივთები, აქსესუარები და დეტალები, არგონავტების თემატიკით მოხატული ჭერი, ილუსტრირებული წიგნები  საქართველოს ისტორიისა და თბილისის ღირსშესანიშნაობების შესახებ, ქართული სამზარეულოს რეცეპტები, ქართველი მხატვრების ალბომები, კედელზე განთავსებული ოქრომკედით (ქართული უნიკალური ქარგვის ტექნიკა) შესრულებული ნაქარგობები,” – ნინო ჩიჩუა

აღნიშნული ბინის დაქირავება შესაძლებელია airbnb პლატფორმის მეშვეობით.

 

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ფოტოგრაფი: გიორგი მოსიაშვილი 

ტური ადამ ლევინისა და ბეჰატი პრინსლუს სახლში

როგორ შევიტანოთ ინტერიერში 70-იანი წლების სტილი