in

#სადვიცხოვრო: რაჭის ბუნებაში ჩაფლული სახლი სოფელ კომანდელში

ამ სახლის დიასახლისი, ირმა გოგიაშვილი განათლებით კონფლიქტოლოგია. მან ამ მიმართულებით მაგისტრის ხარისხი კალიფორნიაში, მონტერეის საერთაშორისო მეცნიერებების ინსტიტუტში, მიიღო. როგორც თავად გვიამბობს, იგი 18 წლის მანძილზე იმყოფებოდა ემიგრაციაში და მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ფინანსების, ოპერაციების და პროექტების განხრით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ირმა საქართველოში დაბრუნდა 2018 წელს, გარდა საკუთარი პროფესიული საქმიანობისა, ის იმ აქტივობებით დაკავდა, რაც მისთვის სიამოვნების წყაროს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება ინტერიერის დიზაინი აღმოჩნდა.
მე ყოველთვის მიზიდავდა ხელოვნება, ოჯახიც და გარემოცვაც ძირითადად ხელოვანების სფეროდან მყავდა. ამას გარდა, ვხატავ და ყოველთვის მაინტერესებდა არქიტექტურა და დიზაინი,” – გვიამბობს ირმა
ამ ხნის მანძილზე ირმამ 3 სხვადასხვა სახლის რენოვაციის პროექტი განახორციელა. დღევანდელ სტატიაში კი მის ბოლო პროექტზე გიამბობთ, რომელიც რაჭაში, სოფელ კომანდელში მდებარეობს.

როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, ეს ნაკვეთი მისმა შვილმა, ბესომ დიდი ბაბუისგან მიიღო მემკვიდრეობით. აქ მდგარი ძველი სახლი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მეპატრონეებს რაჭასთან დიდი სიყვარული აკავშირებთ, ირმამ და მისმა შვილმა 3 წლის წინ აქ ახალი სახლის აგება გადაწყვიტეს და ეს ამოცანა ერთობლივი ძალებით განახორციელეს.

სახლის მშენებლობისას ძალიან ბევრ სირთულეს წავაწყდით. ნაკვეთი არის დაქანებული და მოგვიწია ტერასების აშენება. ასევე დაგვჭირდა მუშახელისა და მასალების თბილისიდან ტრანსპორტირება. ამასთანავე, მშენებლობის პროცესი პანდემიის პერიოდს დაემთხვა, რამაც ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა,” – ირმა გოგიაშვილი.
სახლს, რომლის საერთო ფართობი 220 კვადრატულ მეტრს შეადგენს, აქვს საკმაოდ მოსახერხებელი გეგმარება. პირველ სართულზე გვხვდება გაერთიანებული მისაღები-სამზარეულოს ზონა, რომელიც მსუბუქ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა აქვე შეინიშნება ისეთი მკვეთრი აქცენტებიც, როგორიც არის აგურის ბუხარი და ბეტონის ჭერი, რაც სივრცეს ეკლექტურ იერს სძენს.

 

სახლში ასევე გვხვდება 3 ძირითადი საძინებელი, რომლებსაც საკუთარი სველი წერტილები გააჩნიათ. ამას გარდა, მანსარდაში განთავსებულია დამატებითი საძინებელი, სადაც 2-4 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.

 

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ამ მხრივ ირმამ პროექტი სრულად საკუთარ თავზე აიღო და მიუხედავად შეზღუდული ბიუჯეტისა, ყველა ჩანაფიქრის რეალიზება შეძლო.
ინტერიერს გზადაგზა ვქმნიდი. მინიმალური სტილი მიყვარს, თუმცა ეკლექტურ აქცენტებსაც ვამატებ. მიმაჩნია, რომ სახლის ინტერიერი უნდა იყოს თბილი და კომფორტული, ის სიმყუდროვესა და სიმშვიდეს უნდა სთავაზობდეს მაცხოვრებელს. ბოლო რამდენიმე კვირა უდიდესი ენერგია დავხარჯე იმაზე, რომ შეზღუდული თანხებით მაქსიმალურად კომფორტული და ვიზუალურად მომნუსხველი ინტერიერი შემექმნა. ჩვენთან ძალიან რთულია ხელმისაწვდომ ფასად კარგი ავეჯის პოვნა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ავეჯის კომპლექტი ჩემი დიზაინით გავაკეთებინე, მაგალითად, სასადილო მაგიდები და სკამები, ასევე საწოლები. სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად კი უხვად გამოვიყენე ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ქსოვილები.
ძალიან დიდი ენერგია, ხარჯი, სიყვარული და შრომაა ჩადებული ამ სახლში. გვინდა, რომ ყველა სტუმარმა ისიამოვნოს გარემოთი, დაისვენოს და კარგი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდეს. ყველა ამ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის დიზაინის შექმნის პროცესში.

ვფიქრობ, ცხოვრება პატარა მომენტებისგან და დეტალებისგან შედგება, რომლებიც ან ამდიდრებს, ალამაზებს და აბედნიერებს ჩვენს ყოფას, ან პირიქით. დიზაინიც ასეა ჩემთვის – ყველაზე პატარა დეტალსაც აქვს მნიშვნელობა და ამ პატარა დეტალების ერთობლიობა ქმნის საერთო სურათს. ჩვენი ეს სახლი არის სწორედ პატარა დეტალების ერთობლიობა, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან ჩვენს ინტერიერს,” – გვიამბობს ირმა

საბოლოო ჯამში, ირმამ და მისმა შვილმა შეძლეს შეექმნათ სახლი, რომელიც არის თბილი, კომფორტული და რაც მთავარია, იდეალური დასასვენებლად. დღესდღეობით სახლი გასაქირავებლად არის გამოტანილი და მისი დაქირავება დღიურად არის შესაძლებელი aribnb პლატფორმის საშუალებით.

ფოტოები: გივიკო არახამია

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ერთსართულიანი, მინიმალისტური შენობა ჩეხეთში – ADR-ს ნამუშევარი

Ekstrem – სკამი, რომელიც ერგონომიკას, ფუნქციას, ფერსა და სიხალისეს აერთიანებს