in

საძინებლისთვის გამოუსადეგარი 5 ფერი

დღეს ვსაუბრობთ მიზეზებზე, თუ რატომ არ არის ღია შინდისფერი, ყვითელი და სუფთა თეთრი კარგი არჩევანი დასასვენებელი ოთახისთვის და რატომ ჯობია მათი გამოყენებისგან თავი შევიკავოთ.

ოთახის პალიტრა კომფორტის შექმნაში მნიშვნელოვან, თუმცა არა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ბევრია დამოკიდებული ასევე განათებაზე, პირად პრეფერენციებზე, გარემოზე და დღის რეჟიმზეც კი. არსებობს რამდენიმე ელფერი, რომელიც დიდი ალბათობით დღის დასაწყისში კარგი განწყობის შექმნაში ვერ დაგეხმარებათ და დაძინებაში ხელს შეგიშლით. საძინებელში მაქსიმალურად კომფორტული სივრცის მოწყობისთვის, უმჯობესია თავი შეიკავოთ იმ ფერების გამოყენებისგან, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ.

1. იისფერი

ყველაზე საკამათო ელფერი ინტერიერისთვის. ეს ფერი საკმაოდ რთულია და მხოლოდ მყარი ფსიქიკის ადამიანებისთვისაა მისაღები. ის მეწამული ორი კონტრასტული ფერის – წითლისა და ლურჯის ნაზავია. პირველი ფსიქიკას აღაგზნებს, მეორე კი პირიიქით – ამშვიდებს. სწორედ ეს დეტალი განაპირობებს უარყოფით ეფექტს. ამ ფერმა შესაძლებელია დაძინებაში ხელი შეგიშალოთ, გაღვიძებისას კი ხასიათზე ნეგატიურად იმოქმედოს.

რითი შევცვალოთ?

საძინებლისთვის კარგი იქნება მეწამულთან ახლოს ცისფერი ან ლურჯი პალიტრა. ამოარჩიეთ შერეული და ჩამქრალი ელფერები, ისინი უკეთ განაწყობენ ძილისთვის.

2. სუფთა თეთრი

ეს უმეტესობის საყვარელი ფერია, რომელიც ინტერიერში სკანდინავიური სტილიდან შემოვიდა. თეთრი ფერის გამოყენების ბევრი ხერხი არსებობს. მისი აღქმა ბევრად არის დამოკიდებული ოთახის განათებაზე. გაუნათებელ სივრცეში თეთრი უსიცოცხლოდ გამოიყურება. ამ ფერში შესრულებული ინტერიერები შესაძლებელია ასევე ცივი, დეპრესიული და არაკომფორტული იყოს. აქედან გამომდინარე, აქ სიმყუდროვეზე საუბარი ზედმეტია.

რითი შევცვალოთ?

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არსებობს სხვადასხვა თეთრი. ამოირჩიეთ თეთრი თბილი ქვეტონით, მაგალითად, სპილოს ძვლის ან რძის ელფერი. შესაძლებელია ნეიტრალურ ფერებთან, რუხთან და ბეჟთან კომბინირება. სხვათაშორის, სკანდინავიურ ინტერიერებში კედლები არა ჩვეულებრივ, არამედ რუხი და ყვითელი ტონების ნარევში, ე.წ. „სტოქჰოლმურ თეთრშია“ შეღებილი. ის უფრო თბილი და ვიზუალურადაც სასიამოვნო შესახედია.

3. ღია ყვითელი

რაც უფრო სუფთაა ფერი, მით უფრო კაშკაშა და აქტიურია ის ინტერიერში. ყვითელი მზის შუქთან ასოცირდება და იდეალურად უხდება ოთახებს, სადაც ბუნებრივი განათების ნაკლებობაა. საძინებელში კი ასეთი ფერის გამოყენება სადაოა. ამ ოთახისთვის სუფთა ტონები რეკომენდებული არაა, რადგან ისინი ფსიქიკას აღაგზნებენ და ძილს უშლიან. ინტერიერში გამოყენებული სუფთა ფერები ნეიტრალური ტონებით გაზავებასა და სხვა დეტალების მინიმალურ რაოდენაბას საჭიროებს (საძინებელში არსებული ტექსტილის რაოდენობის გამო ამის რეალიზება ხშირად შეუძლებელია).

რითი შევცვალოთ?

უმჯობესია დამუქების ეფექტის მქონე რთული ფერების არჩევა. ისინი უფრო ელეგანტურად და ძვირფასად გამოიყურება, ზედმეტ ყურადღებას არ იპყრობს და მოდუნებისთვის კარგია. საძინებელში ლამაზად გამოიყურება დამტვერვის ეფექტი, როდესაც ძირითად ფერს რუხს უმატებენ. მეტისმეტად კაშკაშა ყვითლის შეცვლა ორაგულის ან მდგოგვისფერითაა შესაძლებელი. ეს უფრო რთული, ღრმა და მიმზიდველი ტონებია.

4. შავი

შავ ფერში შესრულებული საძინებლის ინტერიერი დრამატული და ღრმაა, მაგრამ ახალი დღის განწყობისა და ფსიქოლოგიური კომფორტის მხრივ ძალიან პრობლემურია. მნახველმა სივრცე შესაძლებელია მოქუფრულ, დამთრგუნველ, სტრესის მაპროვოცირებელ და სასოწარკვეთილების მომგვრელ გარემოდ აღიქვას. შავი ინტერიერი, ისევე როგორც სუფთა თეთრი, კარგ და სწორ განათებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ღრმა ფერიდან ტრაურის ტონად გადაიქცევა.

რითი შევცვალოთ?

აქ კვლავ რთული ფერები დაგვეხმარება. ეს შესაძლებელია რუხის ან ყავისფერის მუქი პალიტრა იყოს. ასევე შესაძლებელია მუქი ელფერების გონივრული დოზირება და ღია ტონებთან კომბინაცია.

5. ღია შინდისფერი

კლასიკური შინდისფერი უფრო მკრთალია, ვიდრე წითელი. მაგრამ საძინებელში ეს ფერი მაინც მძიმე და დამთრგუნველია. ამას გარდა, იმის გამო, რომ ის ფსიქიკის აღმგზნები წითელი ელფერების სერიიდანაა,  მისი საშუალებით მოსადუნებელი ინტერიერის მოწყობა ძალიან ძნელია.

რითი შევცვალოთ?

შესაძლებელია ავიღოთ შინდისფერი, რომელშიც მეტი ყავისფერის ქვეტონი იქნება. ის ნაკლებად კაშკაშა და მეტად ელეგანტურია. გარდა ამისა, შესაძლებელია უფრო ნათელი, პასტელური ფერების გამოყენებაც.

 

ბინა ბაგებში მწვანე აქცენტით – ანნა ნუცუბიძის პროექტი

რას გულისხმობს შუასაუკუნეების ბრაზილიური მოდერნიზმი?