in

სახლი ბიბლიოთეკა – Atelier Branco Arquitetura

Alliance Group
Alliance Group

2014 წლის ზაფხულში, არქიტექტურული ოფისი Atelier Branco-ს დამფუძნებლებმა მატეო არნონემ და პეპ ფონსმა შეიმუშავეს სახლის კონცეფცია, რომელიც ორ მნიშვნელოვან ფუნქციას გააერთიანებდა მაცხოვრებელთათვის – ადგილს სადაც ბუნებაში დაისვენებდნენ და სადაც სიმშვიდეში კითხვას შეძლებდნენ. დამკვეთი, რომელიც ბრაზილიაში პოლიტიკური აქტივისტი იყო, ეხლა კი პოლიტიკის ისტორიის ლექტორია, საჭიროებდა წყნარ სივრცეს სან პაულოს და კამპინას შორის, თავის უნივერსიტეტთან ახლოს, შორს ბრაზილიის მშფოთვარე მეტროპოლიტური ცხოვრებისგან.

არქიტექტორების ნამუშევარში იგრძნობა კენგო კუმას, კრისტიან კერეზის და აირის მატეუსის ოფისის გავლენა. სახლი ქანობიან რელიეფზე მდებარეობს და მისი მზიდი კონსტრუქცია მთლიანად რკინაბეტონის არის, 15 სანტიმეტრიანი ბეტონის გადახურვა 8 გრძელ კოლონას უჭირავს, რომლებიც სამი მხრიდან ვიტრაჟებითაა შემოსაზღვრული, შესასვლელის მხრიდან კი შენობა მთლიანად მიწაშია. მთავარი გზიდან მხოლოდ გადახურვა და ღია ტერასა ჩანს, საიდანაც ჩავდივართ სახლის დონეებზე. ხედები ყველაზე კარგად სწორედ აქედან ჩანს. ტერასაზე პარაპეტის ადგილას განიერი წყლის არხია, სადაც წყალი გროვდება და ესეც ერთგვარი დიზაინის ელემენტია.

200 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი სამი დონისგან შედგება: პირველ, ყველაზე მაღალ დონეზე საძინებლები მდებარეობს, შემდეგ დონეზე ლექტორის სტუდიაა განთავსებული, ყველაზე ბოლო, დაბალ დონეზეა საერთო სივრცე და სამზარეულო, რომელიც წინ მდებარე ტყეს გადაჰყურებს. ეს სივრცე სახლის ყველაზე ნათელი და ხილვადი ნაწილია. მთლიანად მიწაშია მოქცეული დამხმარე სათავსოები და სველი წერტილები, ხოლო აბაზანებში განათება ჭერში მდებარე ღიობებიდან ჩამოდის. სახლის ბეტონის კონსტრუქცია შემსრულებლებმა არქიტექტორების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, ერთ დღეში ჩამოასხეს. ხე, რომელიც პროექტში არის გამოყენებული – Garapeira wood, საკმაოდ იშვიათი ჯიშია. ფასადის ვიტრაჟები კი მე-20 საუკუნის რკინის პროფილების ტექნოლოგიით არის გაკეთებული.

კლიენტის ექსცენტრიულობიდან და შენობის კონტექსტიდან გამომდინარე, ეს სახლი ამ ოფისის განსაკუთრებული ნამუშევარია. რამდენიმე ტექნიკური დეტალი და სწორად შერჩეული მასალა კი პროექტს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

 

ფოტოები: Ricardo Bassetti, Jaqueline Lessa

Chanel -ის შუშის სახლი ამსტერდამში

საზღვაო კონტეინერებით აწყობილი სახლები მეოცნებე სულებისთვის