in

მინიმალისტური დიზაინით შექმნილი სახლი წავკისში — ნინო გოგშელიძის ინტერიერი

სახლი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, წავკისში მდებარეობს. საცხოვრებელი ფართი 250 მ2-ს შეადგენს, ეზო კი 700 მ2-ია. სახლი ნინო გოგშელიძეს ეკუთვნის, რომელიც წლებია, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით საქმიანობს, მაგრამ ბოლო პერიოდში ინტერიერის დიზაინის მიმართულებითაც დაინტერესდა. შესაბამისად, საკუთარი სახლის დიზაინი თავად შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს საქმე განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, მიაჩნია, რომ დავალებას წარმატებით გაართვა თავი და სასურველი შედეგიც მიიღო.

ჩვენი რესპონდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო, სახლი ქალაქის ჩქარი, ქაოსური ტემპისგან შორს აშენებულიყო, თუმცა თბილისთან კავშირიც არ უნდა დაკარგულიყო. ამგვარად, საცხოვრებელი სიმწვანესა და ქალაქის ხედებს გადაჰყურებს.

საცხოვრებლის მშენებლობა მაცხოვრებლების ინტერესებისა და წინასწარ გათვალისწინებული გეგმის მიხედვით შესრულდა. „სამუშაოს თითოეული ეტაპი წინასწარ დაგეგმილი პროექტისა და კონცეფციის დაცვით განხორციელდა. გვყავდა არაჩვეულებრივი არქიტექტორი, რომელთან ერთადაც სამუშაო პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. თითოეულ დეტალს ჩვენ, არქიტექტორი და მშენებელი ერთობლივად განვიხილავდით. მშენებლობის პროცესი არ ყოფილა რთული ჩვენთვის, რადგან მამა მშენებელია, წლებია ამ სფეროში მოღვაწეობს და შესაბამისად, მისი დახმარებით გაგვიმარტივდა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ერთსართულიანი საცხოვრებელი გვსურდა, მეტი მრავალფეროვნებისთვის, სივრცე მაინც ორ დონედ დავყავით  და ბევრი სინათლე ვიტრაჟებით შევქმენით, რამაც მას ესთეტიკურობა და ერგონომიულობა შემატა“,  — აღნიშნავს ნინო.

ინტერიერი სადა, ბუნებრივ ფერებშია გადაწყვეტილი, ზოგიერთ კუთხეში  თამამი აქცენტები და “იუმორიც” კი იგრძნობა, რაც სივრცეს საინტერესოს ხდის, ამავდროულად კი მაცხოვრებლების ხასიათსა და განწყობას კარგად გამოხატავს.

სახლი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია შესრულებული და მას ე.წ. „loft“-ის სტილის დეტალები ჰარმონიულად ერწყმის — საცხოვრებელი ნათელი, ღია სივრცით ხასიათდება და მასში ზონები ტიხრებით, ავეჯითა და სხვადასხვა ობიექტით არის გამოყოფილი.  ბეტონისა და ხის  ელემენტები ურბანულ ესთეტიკასა და მიმზიდველ გარემოს ქმნის.  სივრცეში შესვლისთანავე განსაკუთრებულ ყურადღებას ინტერიერში არსებული მცენარე იქცევს, რომელიც  შიდა და გარე ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს და სახლს სასიამოვნო ატმოსფეროთი ავსებს.

გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო ერთმანეთისგან ორიგინალური დიზაინის ბუხრით გამოიყოფა, რაც ამ ზონებს სიმყუდროვეს მატებს.

მისაღებში მდებარე შავი რბილი ავეჯი მკაცრ და დახვეწილ შტრიხებს სძენს სივრცეს, რასაც ხისფერი იატაკი აბალანსებს. სასადილო ნაწილი მოზრდილი შავი სანათის მეშვეობით მეტადაა გამოკვეთილი. აქ მრგვალი მაგიდა და მიმზიდველი სკამები გვხვდება, რომლებიც საერთო თემატიკას შესანიშნავად ეხმიანება.

დიზაინი საკმაოდ სადა და მინიმალისტურია, ზომიერება და გემოვნება სახლის ყველა ნაწილში იგრძნობა. სივრცე უფუნქციო ობიექტებით არაა დატვირთული. ის, ძირითადად, მოგზაურობის დროს ჩამოტანილილი სხვადასხვა ისტორიის მატარებელი აქსესუარებითა და ნახატებითაა გაფორმებული, რაც სახლს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ყურადღებას იპყრობს მისაღებში განთავსებული აბსტრაქტული ნახატიც, რომელიც ნინოს შექმნილია და სივრცეს ინდივიდუალურ შტრიხებს მატებს. აღსანიშნავია ისიც, რომ  ავეჯის უმეტესობა მაცხოვრებლების დიზაინის, საჭიროებებისა და გემოვნების მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზეა დამზადებული, რაც საცხოვრებელს უფრო ავთენტურსა და სახასიათოს ხდის.

„Loft“-ის ელემენტები თავს იჩენს სამზარეულოშიც, სადაც ნათელი, მოცულობითი სივრცე გვხვდება. ის ბეტონის კედლებით, ხის მასალითა და დომინანტური შავი ფერის ფილებითა და ავეჯითაა მოპირკეთებული.

მთავარ საძინებელში ელეგანტურობა და მინიმალიზმი ნარჩუნდება.  დახვეწილი საწოლი სივრცეს გრაციოზულობასა და მდიდრულ ეფექტს სძენს. ნეიტრალური ფერები, მუქი ტონები და წერტილოვანი განათება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. დიდ ვიტრაჟებს კი სინათლე და მაცოცხლებელი ენერგია შემოაქვს ოთახში.

საბავშვო ოთახი შედარებით ფერადი ინტერიერით ხასიათდება. მუქი მწვანე და ყვითელი ფერთა პალიტრით სივრცეში ხალისიანი და სასიამოვნო განწყობა იქმნება.

სააბაზანო ზონები კომფორტულია და მაცხოვრებლების საჭიროებებზეა მორგებული. ერთ-ერთ მათგანში მწვანე ფილები, მეორეში კი შავი ელემენტები დომინირებს, რომლებიც მთავარ თეთრ ფერს იდეალურად ესადაგება.

ეზო სადა და მინიმალისტურია, თუმცა მცენარეებითა და აუზით ლამაზადაა გაფორმებული. გარე სივრცეში პატარა დასასვენებელი კუთხეცაა მოწყობილი, რაც დამატებით კომფორტს ქმნის. ნინის აზრით, ექსტერიერი მოკრძალებული, თუმცა ძალიან ფუნქციური და მოსახერხებელია: „არ მიყვარს დიდი და გაშლილი ეზოები, სადაც მთლიანად ვერ აღიქვამ სივრცეს და სასურველ ადგილს რთულად პოულობ. ამიტომ ჩვენი ეზო საკმაოდ მოკრძალებულია. ზუსტად იმხელაა, რამდენიც გვჭირდება და ოდნავ მეტიც, რათა სამომავლოდ სხვა იდეების განხორციელებაც შევძლოთ. ეზოში პატარა მეურნეობაც გვაქვს, სადაც ნატურალური ბოსტნეული მოგვყავს. ვიტრაჟული სისტემა კი ისეა მოწყობილი, რომ ეზოს, აუზსა და სახლის შიდა სივრცეს აერთიანებს“.

ნინო გოგშელიძის ინტერიერი მაცხოვრებლების ცხოვრების სტილსა და ხასიათს ზუსტად გამოხატავს. ის იდეალურად ერგება მობინადრეების გემოვნებას და ძალიან მყუდრო, მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

 

გამოყენებული მასალები:

აბაზანის ფილები: „Kerama Marazzi“

შემრევები: „Veneto Design“

კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“

განათება: „ახალი ნათება“, „Brand R“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

შავი პარასკევის სააქციო შეთავაზებები „ICR HOME“-ში

რა არის თერმომდგრადი კარადა და როგორ ეხმარება ის გათბობის ქვაბს მუშაობაში?