in

რომელ უჯრაში ჩავყარო სარეცხი ფხვნილი? – სარეცხი მანქანის დანაყოფების დეტალური განხილვა

თუ ახალი სარეცხი მანქანა იყიდეთ, შეიძლება გაინტერესებთ, რა დანიშნულება აქვს უჯრის თითოეულ დანაყოფს და რაც მთავარია, რომელ მათგანში უნდა მოათავსოთ სარეცხი საშუალებები. შესაძლოა თქვენ წლებია იყენებთ სარეცხ მანქანას, მაგრამ არასწორად. როგორ გავრეცხოთ სწორად?

ეს მარტივია. სტანდარტულ სარეცხ მანქანებს სულ 3 დანაყოფი გააჩნიათ:

  1. პირველი განყოფილება – სარეცხი საშუალებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ტანსაცმლის „წინასწარ რეცხვას“ აპირებთ.
  2. მეორე განყოფილება – სარეცხი საშუალებისთვის, რომელიც მთავარი რეცხვისთვის გამოიყენება.
  3. მესამე განყოფილება – ქსოვილის დამარბილებელის/კონდიციონერისთვის.

სანამ თითოეულ მათგანს დეტალურად განვიხილავთ, გირჩევთ, თქვენი სარეცხი მანქანის სახელმძღვანელო შეამოწმოთ, რათა ნახოთ, როგორ არის განყოფილებები მონიშნული — სხვადასხვა სარეცხ მანქანას განსხვავებული ეტიკეტები გააჩნია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში დანაყოფები მონიშნულია 1, 2 და 3 /ვარსკვლავის/ყვავილის სიმბოლოთი. ასევე აღსანიშნავია, რომ შეიძლება სხვადასხვა სარეცხ მანქანას განყოფილებების განსხვავებული განლაგება ჰქონდეს.

  1. „წინასწარი რეცხვის“ განყოფილება

„წინასწარი რეცხვის“ ციკლი მთავარ რეცხვამდე მიმდინარეობს და ის თქვენი ტანსაცმლის მყარი ჭუჭყისგან გაწმენდაში გეხმარებათ. ეს დანაყოფი უნდა შეივსოს მაშინ, როდესაც ზედმეტად ჭუჭყიანი ტანსაცმლის გასუფთავება გსურთ.

თუ ამ განყოფილებაში სარეცხ საშუალებას არ მოათავსებთ, მაგრამ „წინასწარი რეცხვის“ ციკლს აირჩევთ, თქვენი ტანსაცმელი უბრალოდ ტიპურ „მთავარი რეცხვის“ ეტაპს გაივლის და შეიძლება ისე არ გასუფთავდეს, როგორც თქვენ გსურთ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „წინასწარი რეცხვის“ ციკლის ფუნქცია ყველა სარეცხ მანქანას არ აქვს.

ხშირად ამ განყოფილებას აწერია „1“ ან „I“ და ის სამი უჯრიდან უკიდურესად მარჯვნივ მდებარეობს.

  1. მთავარი რეცხვის განყოფილება

მთავარი რეცხვის განყოფილებას თქვენ იყენებთ თითქმის ყოველ ჯერზე ტანსაცმლის გარეცხვისას. სანამ მასში სარეცხ საშუალებებს მოათავსებთ, უნდა გაითვალისწინოთ, თუ რის გარეცხვას გეგმავთ და წაიკითხოთ პაკეტის უკანა ნაწილზე მოცემული ინფორმაცია, რომ სწორი დოზა შეარჩიოთ.

ამ დანაყოფში შეიძლება მოათავსოთ ფხვნილი ან თხევადი სარეცხი საშუალება. თუმცა, თუ ტაბლეტის ან კაფსულის გამოყენებას აპირებთ, ის სარეცხი მანქანის დოლურაში უნდა ჩადოთ.

ხშირად ამ განყოფილებას აწერია „2“ ან „II“ და ის მარცხენა მხარესაა განთავსებული.

  1. „ქსოვილების დამარბილებელი“ განყოფილება

სარეცხი მანქანის უჯრაში ყველაზე პატარა განყოფილება ქსოვილის დამარბილებლისთვის არის განკუთვნილი.

დამარბილებლის გამოყენება აუცილებელი არ არის, მაგრამ ის თქვენს ტანსაცმელს გლუვს გახდის და სასიამოვნო სურნელსაც შესძენს, თუ სურნელოვან ქსოვილის დამარბილებელს შეიძენთ.

ეს უჯრა ზედმეტად არ უნდა შეავსოთ და თუ დოზირებაში დარწმუნებული არ ხართ, ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას გაეცანით ან შეამოწმეთ, სად არის განყოფილების „ზედა ზღვრის ხაზი“ გავლებული და მას არ გადააჭარბოთ.

ხშირად ამ განყოფილებას აწერია „3“. მასზე ასევე შეიძლება გამოსახული იყოს „ვარსკვლავი“ ან „ყვავილის“ სიმბოლო და ის შუა ნაწილშია მოთავსებული.

რომ შევაჯამოთ, სარეცხი მანქანის უჯრის სამი დანაყოფიდან მარცხენა გამოიყენება სტანდარტული რეცხვის რეჟიმისთვის, შუა – ქსოვილის დამარბილებლისთვის, ხოლო მარჯვენა – წინასწარი რეცხვისთვის.

5 მეთოდი „ვაუ“ ეფექტის შესაქმნელად შპალერის საშუალებით

ბინა დიღომში მშვიდი ფერთა გამით – თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი