in

“შნო” – ლითონისა და ხის ავეჯის მწარმოებელი ქართული ბრენდი

“შნო” – ასე ჰქვია ქართულ ბრენდს, რომელიც პრემიუმ ხარისხის ლითონისა და ხის ავეჯს ამზადებს როგორც ინტერიერისთვის, ასევე – ექსტერიერისთვის. ბრენდმა  ქართულ ბაზარზე ოპერირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ეს დარგი არც თუ ისე განვითარებული იყო. “შნო” უკვე 28 წელია, მომხმარებლებს თანამედროვე, მრავალფეროვან ავეჯს სთავაზობს.

“შნოს” დამფუძნებელი, გივი ნიორაძე პროფესიით ექიმია. 90-იან წლებში 3 შვილის მამა ვერ ახერხებდა, მხოლოდ საკუთარი შემოსავლით ერჩინა ოჯახი. ამავე პერიოდში გივი ხეზე მუშაობდა და ერთხელაც ისე მოხდა, რომ ერთმა უცხოელმა დამკვეთმა მისგან საკმაოდ კარგ ფასად შეიძინა ნამუშევარი. ალტერნატიული შემოსავლის ძიებაში მყოფს კი, გაუჩნდა იდეა, რომ დაეფუძნებინა “შნო”.

ბრენდის გამოცდილებასა და განვითარების ეტაპებზე Homeis.ge კომპანიის დამფუძნებელს, გივი ნიორაძეს გაესაუბრა:

-“შნო” საკმაოდ რთულ პერიოდში შეიქმნა. შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს დრო? რა იყო თქვენი თავდაპირველი მიზანი?

“შნო” იმ პერიოდში დაარსდა, როდესაც ძირეულად მოინგრა და მოიშალა საბჭოთა ეკონომიკა და ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, არაფერი აღარ მუშაობდა. განსაკუთებით ამ დარგში (ავეჯი, ხის დამუშავება, კარ-ფანჯარა) გაბატონებული იყო იმპორტული, განსაკუთრებით იტალიური პროდუქცია. ჩვენ მიზნად დავისახეთ იმპორტულის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება, რაც 2-3 წელიწადში წარმატებით მოვახერხეთ.

– როგორი იყო შნოს საქმიანობის პროფილი თავდაპირველად და როგორ განვითარდით წლების განმავლობაში?

თავდაპირველად, შნო, როგორც საქართველოში თანამედროვე ევროპული კარის ნოვატორი, ძირითადად, მდფ-ის კარისა და ხის ავეჯის მიმართულებით ფუნქციონირებდა კერძო და კორპორატიული შეკვეთების განხრით. ვფიქრობთ, რომ იმ პერიოდში მოვახერხეთ, იმპორტიორების პროდუქციის ჩანაცვლებაც.

2015 წელს ლითონის საამქროს და ფხვნილოვანი სამღებროს დამატების შედეგად გაჩნდა მეტი შესაძლებლობა და დაიბადა იდეა, შეგვექმნა ქართული მზა ავეჯის ხაზი, რომელზეც ახლა უკვე მუდმივად ვმუშაობთ და დაუღალავად ვაახლებთ ასორტიმენტს.

მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ლითონისა და ხის დახვეწილი და თანამედროვე სტილის ავეჯს, როგორც ინტერიერისთვის, ასევე – ექსტერიერისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ დამზადებული კარები კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხარისხის და მდგრადობის გარანტიაა დამკვეთებისთვის.

– რატომ “შნო”?

პირველ რიგში, ქართული სიტყვაა და, ვფიქრობთ, რომ ჟღერადობაც კარგი აქვს. გარდა ამისა, გვგონია, რომ ამ სიტყვის შინაარსი ჩვენს საქმიანობას ძალიან უხდება. ვთვლით, რომ ვამართლებთ ამ სახელს და გვსურს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გავამართლოთ.

– განვითარების გზაზე რა წინაღობები შეგხვდათ?

ბუნებრივია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს კომპანიაზეც მუდმივად აისახებოდა. ასევე მოქმედებდა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი და გადინება საზღვარგარეთ, იმპორტირებულ ავეჯთან მძაფრი კონკურენცია. არსებულმა “ლოქდაუნმა” სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და, შესაბამისად, პროდუქტის რეალიზების საკითხს.

გარდა ამისა, გავიხსენებთ 2005 წელს, როცა ჩვენი პირველი მაღაზიის გასახსნელად ვემზადებოდით, ჩვენი მთელი საწარმო თავისი დანადგარებით, ნამუშევრებითა და მასალებით დაგვეწვა. სწორედ ამ წელს, ფაქტობრივად, ნულიდან მოგვიწია ყველაფრის დაწყება. თუმცა კი, ახალი შემართებითა და ახალი ძალებით, მოვახერხეთ, კვლავაც გაგვეგრძელებინა საქმიანობა.

– როგორ მოახერხა “შნომ” ცნობადობის მოპოვება?

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო 5-7 წელია, რაც “შნომ” რეკლამის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მანამდე რეკლამა, ფაქტობრივად, არ გვქონია – ერთგვარად ჩვენი პროდუქციის პიარი ნაცნობიდან ნაცნობზე გადადიოდა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მომხმარებლის კმაყოფილებიდან გამომდინარე მოხდა. ჩვენი პროდუქცია იმდენად ხარისხიანი აღმოჩნდა, რომ, შეგვიძლია თქვათ, თაობებს გაუძლო. 25 წლის წინ ჩვენთან შეძენილი კარი დღესაც ბევრ ოჯახში ისევ კიდია. მგონი რომ, ამაზე მეტი რეკლამა ალბათ არაფერია.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტურია მსგავსი პროდუქტი ქართველი მომხმარებლების გემოვნების და, აქედან გამომდინარე, როგორია მოთხოვნა?

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება საკმაოდ რელევანტურია ჩვენი პროდუქციისადმი. უნდა აღინიშნოს, რომ მათთან ერთად ჩვენი ხშირი მომხმარებლები საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ჩვენი კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ ქართული წამყვანი სამშენებლო თუ სხვა პროფილის კომპანიები (რედიქსი, აქსისი, არქსტუდია, ანაგი, თიბისი, კრედო, საქართველოს ბანკი, თბილისი ცენტრალი, ფაბრიკა, გერმანული სკოლა და ა.შ.), ასევე საელჩოები, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და სხვა.

– საკმაოდ კონკრენტულ ბაზარზე გიწევთ საქმიანობა და, როგორ ფიქრობთ, რითაა გამორჩეული “შნოს” პროდუქცია?

მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური კადრები, კეთილსინდისიერი და გულითადი დამოკიდებულება როგორც საქმის, ისე – დამკვეთისადმი, რაზეც ერთგული მომხმარებლების და პარტნიორების დიდი რაოდენობით არსებობა მეტყველებს. რაც შეეხება პროდუქციას, შნოს ავეჯი დახვეწილი, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და, რაც მთავარია, ქართულია.

– რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე, ვზრუნავთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი მრავალმხრივი შესაძლებლობების შესახებ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სურვილი გვაქვს, ექსპორტზე გავიდეთ.

ტური ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის ლოს-ანჯელესის სახლში

აქსელ ვერვურდტი – ვარსკვლავების ფავორიტი ინტერიერის დიზაინერი