in

შპალერის საინტერესო ისტორია

შპალერის გამოგონების პატივი ჩინელებს ეკუთვნით. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ცინის დინასტიის პერიოდში მათ კედლებზე ბრინჯის ქაღალდები ჰქონდათ გაკრული. მოგვიანებით ბრინჯი სელის უფრო გლუვმა ბოჭკოებმა შეცვალა, შედეგად, ქაღალდზე ხატვა და ბეჭდვა უფრო ადვილი გახდა. XII საუკუნეში ქაღალდის დამზადების უნარი დასავლეთში აბრეშუმის გზის გავლით გავრცელდა.

დღემდე შემორჩენილი ევროპული შპალერის ყველაზე ადრეული ფრაგმენტი, Christ’s College Cambridge-შია ნაპოვნი, რომელიც 1509 წლით თარიღდება. იგი იორკელი ჰუგო გოესის მიერ არის დამზადებული და დამასკური სტილის ბროწეულის დიზაინი აქვს, რომელიც ისლამური პროტოტიპებიდან მომდინარეობს, მოგვიანებით კი იტალიურ და ესპანურ ქსოვილებშია კოპირებული. ეს არის საკვანძო ნიმუში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვიჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა ტექსტილის დიზაინმა შპალერზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის block print (შპალერზე ან ქსოვილზე ხელით ბეჭდვა).

Block-printing ტექნოლოგიის მიღწევებმა შპალერის ფართო გამოყენებას შეუწყო ხელი. ძვირადღირებულ ქსოვილებზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც მდიდარი ადამიანების კედლებს ამშვენებდა, კოპირებული იყო ღარიბი ოჯახებისთვის განკუთვნილ შპალერებზე. V&A-ს შპალერის მოკლე ისტორიის მიხედვით, „შპალერს არასოდეს მოშორებია ლაქა, რომ ის ოდესღაც იაფ იმიტაციას წარმოადგენდა“. მაგრამ ამ შეხედულებას ეჭვქვეშ აყენებს ინტერიერის სამყაროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენები.

შპალერის მწარმოებლების პირველი გილდია საფრანგეთში 1599 წელს შეიქმნა.1785 წელს პირველი შპალერის საბეჭდი მანქანის გამოგონების შედეგად, ფრანგები ინდუსტრიაში დომინირებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი იყო ჟან-ბატისტე რევეილონი, რომელსაც სამეფო მოწმობა ჰქონდა და პარიზში, თავის ქარხანაში არისტოკრატებისთვის მდიდრულ და ძვირადღირებულ შპალერებს აწარმოებდა. მათზე ყვავილები, გედები, ფრინველები და ცხოველები იყო გამოსახული.

დაახლოებით იმავე დროს, ჩინელები ეწეოდნენ როგორც მოსაპირკეთებელი ქსოვილების, ისე ბრინჯის შპალერების ექსპორტს, რომლებიც აღმოსავლური ყვავილების, ფრინველებისა და პეიზაჟების გამოსახულებებით იყო გაფორმებული. ჩინური სტილი პოპულარული გახდა და მალე ეს დიზაინი ევროპელებმა დააკოპირეს.

ხაოიანი შპალერი, რომელიც 1680 წლით თარიღდება, დიდი ხნის განმავლობაში უგემოვნობის განსახიერება იყო. პირველი ნიმუშები ხავერდის იაფ შემცვლელს წარმოადგენდა.

ასეთი ფუფუნება ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 1712 წელს დედოფალ ანას დროს შემოღებულ იქნა ქონების გადასახადი შპალერზე და ის ძალაში დარჩა 124 წლის განმავლობაში. შპალერის მარკების (ან სხვა რამის) გაყალბება 1806 წლისთვის სიკვდილით დასჯადი დანაშაულების გრძელ სიაში იყო.

გადასახადის გაუქმებამ, ვიქტორიანულ პერიოდში მასობრივი წარმოების ბეჭდვის ტექნიკის დანერგვასთან ერთად, კიდევ ერთხელ წამოწია წინ ინგლისური შპალერის ინდუსტრია. შპალერი სახლის ფონის ელემენტიდან დეკორაციის უფრო მნიშვნელოვან ნაწილად გადაიქცა.

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში დაარსებული შპალერის მწარმოებელი ფირმა — Morris & Co საღებავებში დიდი რაოდენობით დარიშხანს იყენებდა.1860-იან წლებში, როდესაც ბავშვთა გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა შპალერს მიაწერეს, უილიამ მორისმა უარყო ფაქტი, რომ ისინი საღებავმა მოწამლა. საბოლოოდ, იგი დანებდა საზოგადოების ზეწოლას და დაიწყო შპალერის წარმოება, რომელიც რეკლამირებული იყო, როგორც „დარიშხანის გარეშე“.

დღესდღეობით შპალერის მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. ბაზარზე შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორებიც არის:  Hermes, Versace, Roberto Cavalli, Louis Vuitton, Christian Lacroix და ა. შ.

ლიკა ევგენიძის ცოცხალი ინტერიერი შატბერაშვილის ქუჩაზე

ხის სამკუთხა სახლი შვედეთში, რომელიც მთის მწვერვალს მოგაგონებთ