in ,

სტუდიო ტიციან ტაბიძის ქუჩაზე – ქეთო კვინიხიძის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ქეთო (ქეთევან) კვინიხიძე პროფესიით ტელე-რადიო რეპორტიორი და ფოტორეპორტიორია. დღეს მას საკუთარ სარეკლამო კომპანია “ტროტუარი” გააჩნია, რომლის საქმიანობა ასფალტზე რეკლამების ტრაფარეტულ განთავსებას, კედლებსა და ასფალტზე ხატვას და აუთდორ რეკლამებს მოიცავს. ამას გარდა, ქეთო ასევე მუშაობს კინო და სარეკლამო სფეროში, სადაც ლოკაციის მენეჯერის ფუნქციას ითავსებს. როგორც თავად გვიამბობს, ყველაზე დიდი და გამორჩეული პროექტი, რაზეც მას უმუშავია, არის Universal Pictures-ის “ფორსაჟი 9”.

რაც შეეხება ქეთოს კავშირს ინტერიერის დიზაინთან, ამ მხრივ მას პროფესიული განათლება არასდროს მიუღია, თუმცა როგორც ირკვევა, ეს სფერო მისთვის სრულებით არ არის უცხო.

ბაბუაჩემი იყო არქიტექტორი, ხოლო მამაჩემი – მშენებელ-ინჟინერი. მეც ისე მომწონს ეს სფერო, რომ ვფიქრობ, ვისწავლო და ახალი პროფესია შევიძინო. როცა ვიგებ, რომ ვინმე რემონტს აკეთებს, ყველას ვთავაზობ დახმარებას,”- ქეთო კვინიხიძე

ეს უმშვენიერესი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ვაკეში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს, ქეთოს 4 წლის წინ საკუთარმა ძმამ აჩუქა. ბინის საერთო ფართობი სულ რაღაც 53 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თუმცა მასში ყველა ფუნქციური ზონა იდეალურადაა განლაგებული.

ბინა იყო ახალი აშენებული, შავი კარკასიდან დავიწყე რემონტი და თავიდან ბოლომდე თავად გავაკეთე. ეს ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო, მაგრამ არავის დახმარებით მისარგებლია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი მეგობარი თითქმის არქიტექტორი ან ინტერიერის დიზაინერია. ვიცი რა რთულია, როდესაც დიზაინერს სთხოვენ “დიზაინის უცბად მოხაზვას”. ასეთმა ადამიანებმა, ალბათ, არ იციან, რამდენ ფიქრს და შრომას დებენ პროფესიონალები ამ ყველაფერში. რატომღაც, ჩვენთან ამ პროფესიას ძალიან მარტივად უყურებენ… ერთადერთი, რაც ჩემს არქიტექტორ მეგობარს, ნინო მშველიძეს ვთხოვე, იყო ელექტროობის ნახაზი. დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩემით გავაკეთე. იმდენად მეწვრილმანე ვარ, რომ ყველაფერი ისე გავთვალე, ვფიქრობ, არცერთი დეტალი არ მაქვს არასწორად გაკეთებული.

ქეთომ ბინის პირვანდელ გეგმარებაში მცირედი ცვლილება შეიტანა, რაც გულისხმობდა აბაზანის ფართობის გაზრდას საძინებლის ხარჯზე. ამას გარდა, მისი სურვილით, საძინებელსა და მისაღებ ოთახს შორის არსებული კედელი მოიხსნა და დამონტაჟდა შუშის ტიხარი, რაც სივრცეს ვიზუალურად უფრო ადიდებს.

ჩემი მიზანი იყო, რომ სახლი ყოფილიყო ჯადოსნური, მყუდრო, კომფორტული, თბილი, ბევრი სიმწვანით. არსებობს სახლები, სადაც ძვირადღირებული რემონტია გაკეთებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება, იქ ერთი წუთით ვერ გაჩერდე და დისკომფორტი გაგიჩნდეს. ამიტომ მე ისეთი სახლი გავაკეთე, სადაც მისვლა გეჩქარება. ვთვლი, რომ ზუსტად ისეთი თბილი სახლია, როგორც მინდოდა, რომ მქონოდა. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, რომ სახლზე დიდი მცენარეები მაქვს (იცინის). სხვათა შორის, ჯერ კიდევ მოწყობის პროცესში ვარ, რადგან არის დეტალები, რაც ბოლომდე ვერ დავამთავრე. თუმცა, საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის პატარა ჯადოსნური, ბრჭყვიალა, სამოთხისფერი სამყარო, სადაც ყველაფერია.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

Wästberg – კომპანია, რომელიც კარგი განათების საშუალებით კეთილდღეობას ქმნის

Tahuna Terrace – ნიუპორტის სანაპიროზე მდებარე თვალწარმტაცი სახლი