in

„სკია 2026“ – ქართული არქიტექტურის დიალოგი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის

თბილისში, ახლად რეაბილიტირებულ კერამიკული კომბინატის ისტორიულ შენობაში, 15 თებერვალს გაიმართა არქიტექტურული ღონისძიება „სკია 2026“, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ქართველი და უცხოელი არქიტექტორები, დიზაინერები, ხელოვანები, მკვლევარები და სტუდენტები. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე პროფესიული გაერთიანება „სკია“ კვლავაც რჩება ქართულ არქიტექტურულ სამყაროში მნიშვნელოვანი დიალოგის პლატფორმად, რომელიც არა მხოლოდ პროფესიული ქსელების გაძლიერებას, არამედ იდეების გაცვლასა და თანამედროვე არქიტექტურული იდენტობის გააზრებასაც ემსახურება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა — „ქართული არქიტექტურა დღეს“ — სწორედ იმ კითხვას პასუხობდა, თუ როგორ აგრძელებს თანამედროვე პროფესიული საზოგადოება ტრადიციას, როგორ მუშაობს ადგილობრივ მასალებთან, სივრცით მეხსიერებასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან და როგორ გარდაქმნის ამ გამოცდილებას თანამედროვე პროექტებად. სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა თავად ლოკაციაც — ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენობა, სადაც წარსული და აწმყო ერთ სივრცეში თანაარსებობს.

ღონისძიება სკიას ისტორიის პრეზენტაციით გაიხსნა, ხოლო ორგანიზაციის პრეზიდენტმა გოჩა მიქიაშვილმა პროფესიული გაერთიანებების როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პლატფორმები იმ პერიოდში, როდესაც ქართული არქიტექტურა აქტიურად ეძებს საკუთარ თანამედროვე იდენტობას.

გოჩა მიქიაშვილი

სკია 2026-ის გენერალური სპონსორის – ზიონ საქართველოს – ბიზნესის განვითარების დირექტორმა ნათია ცხადაძემ ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი თქმით, ბიზნესისა და არქიტექტურის თანამშრომლობა ქმნის მდგრად განვითარებას. მან ასევე ისაუბრა კომპანიის მიმდინარე პროექტებზე თბილისში და აღნიშნა, რომ თანამედროვე დეველოპმენტი უნდა ეფუძნებოდეს ადგილობრივი კონტექსტის პატივისცემას. ლექციების კურსი ოფიციალურად გახსნა ზიონის პროექტის მთავარმა იტალიელმა დიზაინერმა მატეო ნუნზიატიმ, რომელმაც დამსწრეებს გაუზიარა დიზაინ პროექტზე მუშაობის პროცესი და თბილისური ეზოს შთაგონების გადმოთარგმნის მნიშვნელობა მოცემული დეველოპმენტისთვის.

ნათია ცხადაძე

სალექციო ნაწილი გაგრძელდა მრავალფეროვანი პრეზენტაციებით, რამაზ კიკნაძემ ონის სკოლის პროექტი წარადგინა – მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რეგიონალური არქიტექტურა და ისტორია იქცეს ადგილობრივი იდენტობის გამაძლიერებელ ძალად. დისკუსია გააგრძელა გიორგი მარგიშვილმა, რომელმაც დარბაზულ საუბრებზე ისაუბრა, მათი კვლევებისა და სკოლის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები საქართველოს მასშტაბით.

ტომას იბრაჰიმმა წარმოადგინა „კიბე პროექტი“ – კვლევა და პრაქტიკული ექსპერიმენტი სივრცის ვერტიკალური ორგანიზების შესახებ.

ტომას იბრაჰიმი

ახალგაზრდა არქიტექტორების გაერთიანებამ „ნადი კოლექტივმა“ ისაუბრა მიწის არქიტექტურის კვლევებზე. მათი პრეზენტაცია შეეხებოდა ბუნებრივ მასალებს, ტრადიციულ ტექნიკებსა და მდგრადობის საკითხებს – თემებს, რომლებიც თანამედროვე გლობალურ არქიტექტურულ დისკურსშიც აქტუალურია.

პროგრამის ნაწილი დასრულდა ლუკა აქიმიძის ინტერაქტიული ვორქშოფით. მან ჩაატარა ექსპერიმენტები კირქვის მასალებთა, რითიც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად შეეგრძნოთ მასალის ტექსტურა, სტრუქტურა და შესაძლებლობები.

კომბინატის სხვადასხვა სივრცეში პარალელურად მიმდინარეობდა გამოფენა, რომელიც წარმოადგენდა თანამედროვე ქართული არქიტექტურული და დიზაინ-კვლევების პანორამას. გამოფენაში მონაწილეობდნენ: ლადო ლომიტაშვილი – საავტორო ავეჯის ნამუშევრებით, საილო თბილისი – ინდუსტრიული მაკეტით და ურბანული კვლევებით, ჰაერი – ნატურალური ქვის დეკორატიული ნამუშევრებით, udzo practice – არქიტექტურული მაკეტებით, ნიკოლოზ ლეკვეიშვილი – საავტორო ავეჯით და განათებით, ნადი კოლექტივი – მიწის არქიტექტურის, როგორც სამშენებლო მასალის ნიმუშებით, around the studio – ავეჯის დიზაინი, სტუდია მატერიალ ედიტორსი – კერამიკული კომბინატის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტი, საარქივო მასალები და ადგილზე აღმოჩენილი ისტორიული კერამიკული ელემენტები და ნახაზები.

გამოფენამ წარმოაჩინა, რომ თანამედროვე ქართული არქიტექტურა მხოლოდ უსულო შუშის შენობები არ არის – ეს არის კვლევა, ტრადიცია, მასალის გააზრება, სივრცის ისტორიის წაკითხვა და კონტექსტთან დიალოგია.

სალექციო პროგრამის მეორე ნაწილი თიკა შელიამ გახსნა, მისი სტუდიის around the studio-ს შესახებ პრეზენტაციით. ავეჯის დიზაინის კონცეფციის ინსპირაციის შესახებ,თუ როგორ იყენებენ ძველ ქართულ ელემენტებს და მასალებს.

თიკა შელია

ნატალია ნებიერიძემ და თათა გაჩეჩილაძემ წარმოადგინეს კვლევა „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ და აჩვენეს მოკლე ფილმი, რომელიც ქალაქის დავიწყებულ ინდუსტრიულ სივრცეებს ახალ პერსპექტივაში წარმოადგენს.

ნატალია ნებიერიძე და თათა გაჩეჩილაძე

ანა ჩორგოლაშვილმა ისაუბრა „უბანი ცენტრის“ და კალას უბნის კვლევით პლატფორმაზე – ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული უბნების გააზრებას და საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერებას.

ანა ჩორგოლაშვილი

ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა წარადგინა საერთაშორისო კვლევითი პროექტი თბილისის სუპერბლოკების შესახებ – ურბანული სტრუქტურების ანალიზი და მათი ტრანსფორმაციის შესაძლებლობები.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

ღონისძიება დასრულდა ნინო ჩაჩავასა და მალხაზ ლეკვეიშვილის გამოსვლით, რომლებმაც ვირტუალური რეალობის საშუალებით დამსწრეებს ძველი ქართული ეკლესიებისა და ისტორიული ნაგებობების სივრცითი გამოცდილება შესთავაზეს – ინოვაციური ფორმა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

სკია 2026 ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი პროფესიული და კვლევითი პოტენციალი. მსგავსი ტიპის ღონისძიებები აძლიერებს პროფესიულ დიალოგს, ქმნის კავშირს გამოცდილ და ახალგაზრდა არქიტექტორებს შორის, აცნობს საზოგადოებას მიმდინარე კვლევებსა და მცირე, დამოუკიდებელი სტუდიების საქმიანობას, ხელს უწყობს ქართული ტრადიციული არქიტექტურული ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაციას. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ქართული არქიტექტურა აქტიურად ვითარდება, რომ ტარდება საინტერესო კვლევები, იქმნება ახალი სივრცეები და არსებობს მრავალი მცირე სტუდია, რომელიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას თანამედროვე ფორმით აგრძელებს.

სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს