in ,

გამორჩეული ინტერიერის მქონე რესტორნები თბილისში – Homeis.ge-ს 5 რჩეული

Banner M2
Banner M2

თბილისს ბევრი კუთხით შეგიძლია შეხედო, ბევრნაირად შეაფასო, ბევრი ადგილი შეუქო, ბევრშიც თავი უბრალოდ კარგად იგრძნო და იმ აურით აივსო, რაც ამ ადგილებს თან ახლავს. მართლაც – თბილისი სხვადასხვა სასიამოვნო აურის ნაზავია და ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს მრავალფეროვანი, სხვადასხვა იდენტობის მქონე კაფე.

დიახ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თბილისი კაფეების სიმცირეს არ განიცდის და ის მუხტიც და განწყობაც, რაც მათში სიარულს თან ახლავს, აქაურ ხალხშიც ჭარბადაა.

სწორედ ამ მიზეზთა გამო, გადავწყვიტეთ იმ კაფეებზე გიამბოთ, რომელთაც გამორჩეული ინტერიერი აქვთ. მაშ ასე:

ქეთო და კოტე

ქართული სამზარეულო თანამედროვე ხედვით და მისთვისვე შესაბამისი ინტერიერით – ალბათ ლოგიკური იქნება, თუკი “ქეთო და კოტეს” მაგიურ სამყაროს ასე აღვწერთ. ამ კაფეს ინტერიერში დომინანტ როლს ხე და დიდი ფანჯრები თამაშობს. “ქეთო და კოტეს” ასევე ძალიან დიდ ღირსებას წარმოადგენს ვერანდა და ეზოც, რომელიც სიმწვანეშია ჩაფლული. კაფეს ინტერიერზე მისმა ბრენდ-შეფმა, რამაზ გენიაშვილმა იმუშავა.

ლე მარე

პატარა პარიზი თბილისში – დაახლოებით ამ დატვირთვის მქონეა ფალიაშვილის 28-ში მდებარე კაფე “ლე მარე”. ამ კაფესთვის დამახასიათებელი დიდი ზომის ჭაღები, ღია ფერებში გაწყობილი ავეჯი და მიმდინარე მუსიკა მართლაც ტოვებს განცდას, რომ ფრანგულ სივრცეში ამოვყავით თავი. ამ კაფეში ნამდვილად შეგიძლიათ იგრძნოთ ის გრაციოზულობა, რაც პარიზულ კაფეებს ახასიათებს. “ლე მარეს” ინტერიერი მარიანა ჭყონიას მიერაა შექმნილი.

პური გულიანი

ამ ადგილის გამორჩევა ალბათ მხოლოდ იმიტომაც შეგვიძლია, რომ მისი კონცეფცია იდეალურად ერწყმის ინტერიერის დიზაინს. “პური გულიანი” თანამედროვედ მოწყობილი სახაბაზოა, თან თამამი და თან – მოკრძალებული ინტერიერით. აქაური სივრცე შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვიზიტორისთვის ყველაფერი თვალსაჩინოა. ამავდროულად, “პური გულიანისთვის” შერჩეული ფერები თითქოს სიძველის ეფექტს აძლევენ აქაურობას. ისინი, ვინც ესმა ხეცურიანის დიზაინებს კარგად იცნობენ, ალბათ მარტივად მიხვდებიან, რომ აღნიშნულ ობიექტზე სწორედ მან იმუშავა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ “პური გულიანი” სულ ცოტა ხნის წინ გაფართოვდა და გარდა საარბრიუკენის მოედნისა, მისი კერძებითა და ინტრირით ტკბობა ამიერიდან აბაშიძის 37-შიც შესაძლებელია.

რიგი გასტროდუქანი

ესმა ხეცურიანის დიზაინითვეა გაწყობილი “რიგი გასტროდუქანიც”, რომლის იდეაც ძველი, ტრადიციული ქართული სამზარეულოს თანამედროვე ფორმით გაცოცხლებას ეფუძნება. მისი ინტერიერი კი “პური გულიანივით” სწორედ ამ იდეასაა მორგებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სივრცე ძველ-ქართულ მოტივებს ეფუძნება, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ “რიგის” დიზაინი სავსეა აღმოსავლური დეტალებით, რაც აქაურობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და მკაფიოდ გამოკვეთს ესმა ხეცურიანის ინდივიდუალურ ხელწერას.

ლინვილი 

ვინც თბილისში ძველებური სტილის, ძველმანებით გაფორმებულ, ფერად და მყუდრო კაფეს ეძებს, “ლინვილი” სწორედ მათთვისაა. ლესელიძის #2-ში მდებარე კაფე რამდენიმე ოთახისგან შედგება. ეს ის ადგილია, რომლის ინტერიერის ათვისებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რადგან თითოეული ოთახი სავსეა სხვადასხვა ნივთით, განსხვავებული მაგიდებითა და სკამებით, ვხვდებით სხვადასხვანაირ, ჭრელ და ძველებურ შპალერს, ჭაღებს. საინტერესო ფაქტია ის, რომ მისი ინტერიერის დიზაინი მისივე დამფუძნებლის, ლუკა ჩხაიძის მიერაა შექმნილი, რომელიც პროფესიით მსახიობია.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

დიზაინერ ალდო ჩიბიკის მიკრო ბინა მილანში

ქართველი ფოტოგრაფის საუცხოო ინტერიერი თხინვალაში – ინტერვიუ მარიამ სიჭინავასთან