in

“The Quest” – Ström Architects-ის ნამუშევარი დიდ ბრიტანეთში

“The Quest” დიდ ბრიტანეთში, სვუონეჯში მდებარე კერძო სახლია, რომელიც Ström Architects-ის მიერ შესრულებული ერთ-ერთი საინტერესო პროექტია. სახლი 1917 წელს აგებული ბუნგალოს ადგილას აშენდა და 235 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

Alliance Group
Alliance Group

პროექტის დამკვეთებს ცხადად ჰქონდათ სახლის ფუნქციები გამიზნული – მათ სურდათ, რომ შენობაში პენსიაზე გასვლის შემდეგ გადასულიყვნენ და ინტერიერი აბსტრაქტული და მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებით დაეკომპლექტებინათ. წყვილმა არქიტექტურულ სტუდიას თამამად განუცხადა, რომ თავი მაქსიმალურად აერიდებინათ ტიპური „პენსიონერული“ დიზაინისგან.

სახლის ლოკაცია ინგლისის ულამაზესი ბუნებითაა განებივრებული – ის ტყით დაფარულ, დამრეც ნიადაგზეა გაშენებული, საიდანაც Durlston Country Park-ის მშვენიერი ხედი იშლება.

არქიტექტორები მალევე შეთანხმდნენ ერთსართულიანი შენობის აგებაზე, ვინაიდან ასეთი კონსტრუქციის მქონე სახლში სივრცეების გადანაწილება მოხუცი წყვილისა და მათი შშმ ქალიშვილის საჭიროებებს იდეალურად უპასუხებდა. ხეებით გარშემორტყმულმა დამრეცმა მიწამ დიდი გავლენა იქონია სახლის პროექტზე.  ნაკვეთზე შესვლა სამხრეთ მხრიდანაა შესაძლებელი, ამიტომ არქიტექტორებმა საყრდენი კედელი გამოიყენეს შენობის სხვადასხვა დონის დასადგენად და სატრანსპორტო გზის ვიზუალურად შესანიღბად.

საყრდენი კედლის ჭკვიანური გამოყენების წყალობით გაჩნდა გადახურული პარკინგის მოწყობის საშუალებაც,  რომელიც ბეტონისგანაა აგებული და მარტივი ხის კონსტრუქციის ელემენტებსაც აერთიანებს, ამიტომ ბეტონის ჩარჩო ექსტერიერიდან მარტვად შესამჩნევია.

ინტერიერი თავისუფლადაა დაგეგმარებული, მასში გაერთიანებულია სამზარეულო, სასადილო და სასტუმრო ოთახების სივრცეები. აქვე გვხვდება გადახურული ტერასა, საიდანაც სამხრეთ ინგლისის მომაჯადოვებელი ხედი იშლება. სახლის აღმოსავლეთ ნაწილში სტუმრების საძინებელი ოთახი და კაბინეტი გვხვდება, დასავლეთ ნაწილში კი მთავარი საძინებელი ოთახია განთავსებული.

ინტერიერის მასალები და ფერთა პალიტრა ერთდროულად მარტივი, ნაზი და მიმზიდველია – სახლის სხვადასხვა ნაწილში გვხვდება როგორც ადგილობრივი ქვისგან, ასევე ინჟინრულად დამუშავებული ხისგან დამზადებული იატაკი, ბეტონის ბუხარი… ინტერიერში გამოყენებული მასალის გამოძახილს ექსტერიერშიც ვხვდებით წყალგაუმტარი ბეტონის ფილებისა და დაუმუშავებელი ლარიქსის მოპირკეთების სახით.

ფოტოგრაფი: Martin Gardner

სად შევინახოთ ნივთები საძინებელში – სათავსოების 7 ვარიანტი

სად შევიძინოთ სააღდგომო დეკორაციები – 2022 წლის გიდი