in

ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე საქართველოს “თბილისის არქიტექტურის ბიენალე” წარადგენს

2023 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონს თბილისის არქიტექტურის ბიენალე წარადგენს. თბილისის არქიტექტურის ბიენალე – 2017 წელს დაარსდა, თინათინ გურგენიძის, ნათია კალანდარიშვილის, ოთარ ნემსაძისა და გიგი შუკაკიძის მიერ. პლატფორმა ყოველწლიურად აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალებს, რომლებიც ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებთან ერთად, მართავენ კრიტიკულ დისკურსს არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე თბილისში და მის ფარგლებს გარეთ. TAB აერთიანებს გამოფენებს, ახალ არქიტექტურულ ინსტალაციებს, სიმპოზიუმებს, სივრცით ექსპერიმენტებსა და ბიენალეს თემასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს.

ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე  წარსადგენმა პროექტმა – „იანვარი, თებერვალი, მარტი“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა. ინსტალაცია ასახავს საქართველოს რეგიონში, დუშეთში მდებარე მკვდარ და ცოცხალ ბუნებას ხელოვნურად შეცვლილი დასახლების ისტორიის მეშვეობით.

ვენეციის არქიტექტურის ბიენალე 1895 წელს დაარსდა და დღეს აღიარებულია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ დაწესებულებად, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ხელოვნების ახალი ტენდენციების კვლევასა და მათ პოპულარიზაციაზე. 2023 წლის 20 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილი ვენეციის მე-18 საერთაშორისო არქიტექტორული გამოფენა „მომავლის ლაბორატორიას“ შეეხება.

ვენეციის წლევანდელი ბიენალეს მთავარი კურატორი, ლესლი ლოკო აღნიშნავს: “მატერიალურ დონეზე ჩვენ მიერ განაშენიანებული გარემო ზუსტად ასახავს თავსატეხ გამოცანას: ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ სივრცეებზე, საჯარო ადგილებზე, მწვანე ენერგიასა და ადამიანურ სულზე ისე, თითქოს ის პირობები, რომლებიც ყოველივე ამას შესაძლებლად და მიღწევადად აქცევს, ხშირად უმძიმეს ფასად არ უჯდებოდეთ ჩვენს თანამოძმეებსა და ბუნებრივ სამყაროს.”

„მომავლის ლაბორატორია“ მიზნად ისახავს გადაიაზროს შეხედულებები საზოგადოების თანაარსებობასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილოს დღევანდელობის უმთავრეს გამოწვევებზე – გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებსა თუ მათი გადაჭრის გზებზე.

ქართული მხარის მიერ წარდგენილი პროექტი გარემოსა და ადამიანის ურთიერთობაზე მსჯელობას, დროის დინებას, ენერგიის ურთიერთმიმართებასა და მისი ათვისების, გადანაწილებისა და შენარჩუნების ადამიანურ მეთოდებს იკვლევს. მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით, პროექტი სიმბოლურად წყალსაცავებზე ფოკუსირდება და კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი პოლიტიკური გარდაქმნების ხანაში მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ თუ დემოგრაფიულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. პროექტის „იანვარი, თებერვალი, მარტი“ მთავარი იდეა კვლევის პროცესში ნაპოვნი არტეფაქტებით არის შთაგონებული. მისი მიზანია ადგილის მეხსიერების რეკონსტრუქცია პრიმიტიული არქეტიპების მეშვეობით, როგორებიცაა ქალაქი, ქუჩა, სახლი… დამშრალი მდინარეების გარშემო არსებული ცოცხალი და უსიცოცხლო ლანდშაფტები კი მეტაფორულად დალექილი შლამის მასალისაგან ჩამოყალიბებულ, ჩაძირულ აბსტრაქტულ ფორმას უკავშირდება.

“თბილისის არქიტექტურის ბიენალეს” პროექტი უამრავ კითხვას სვამს და ცდილობს წარმოადგინოს გარკვეული პასუხები აღნიშნული ინსტალაციის მეშვეობით. საკითხები შეეხება ადამიანის ქმედებებსა და იმ შედეგებს, რომლებიც ბუნებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობას მოაქვს – რამდენად დროებითია ადამიანის ჩარევა ბუნებრივ გარემოში? რამდენადაა შესაძლებელი ადამიანის სივრცულ-პოლიტიკურმა განვითარებამ ბუნებისა და საზოგადოების ცვლილება გამოიწვიოს? რამდენად მუდმივია ბუნებრივი ქმნილებები, მათი სიცოცხლის მანიშნებელი არტეფაქტები, მეხსიერება და ისტორია? შეიძლება თუ არა განვიხილოთ წყალი, როგორც დროებითი წესრიგის განმსაზღვრელი და რა ტიპის გადინებაზე გვაქვს საუბარი, როდესაც მოსახლეობის, შრომითი ენერგიის, ლანდშაფტისა და დროის გადინებას ვგულისხმობთ?

„იანვარი, თებერვალი, მარტი“ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე 2023 წლის 20 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

პროექტის ავტორი: გიგი შუკაკიძე; ოთარ ნემსაძე; თინათინ გურგენიძე 

საავტორო ჯგუფის წევრები: გიორგი ვარდიაშვილი; ალექსი სოსელია; სტეფანო ტორნიერი-პოლა; თამარ ჯანაშია; ლადო ყანდაშვილი; გიორგი ქართველიშვილი; ელენე ფასური; ტატო კოტეტიშვილი

კომისარი: მაგდა გურული

ფოტოგრაფები: გიგი შუკაკიძე; ტობიას შმიტი

წყარო: Archdaily.com 

2023 წლის მთავარი ტენდენციები სამზარეულოს დიზაინში

სკანდინავიური სტილის ინტერიერი ვერაზე – ანანო ბაქრაძის მინიმალისტური ბინა სხვენში