in

ფერებითა და ტექსტურებით დატვირთული ვილა საფრანგეთში

ეს ვილა, რომელიც ნორმანდიაში მდებარეობს, დიზაინერ ლაურა გონსალესის მიერ არის აღდგენილი. პროექტის ავტორმა ინტერიერში მრავალი საინტერესო შტრიხი შეიტანა და საბოლოო ჯამში, სივრცე ეკლექტურ სტილში გადაწყდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვილის ინტერიერზე პროფესიონალმა იმუშავა, სივრცეში ზედმეტი “იდეალურობა” არ იგრძნობა, პირიქით, ეს სოფლის სახლი საკმაოდ მყუდრო და კომფორტულია.

მთავარი, რაც მნახველის ყურადღებას იქცევს, არის ფერების, ტექსტურებისა და მასალების სიმრავლე ინტერიერში, რაც იმდენად ოსტატურად არის გადმოცემული, რომ არავითარ დისკომფორტს არ იწვევს.

საკმაოდ საინტერესოა მისაღები ოთახის დიზაინი, რომელშიც ორი ბუხარი გვხვდება. ეს ყველაფერი თითქოს სივრცეს ორ დამოუკიდებელ ზონად ჰყოფს რეალური ტიხრების გარეშე. სივრცეს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს ორიგინალური ხალიჩები, რბილი ავეჯი და კედლებზე განთავსებული ხელოვნების ნიმუშები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სამზარეულო, რომელიც ჭეშმარიტად სოფლის სტილშია გადაწყვეტილი კლასიკური კარადებით, დიდი კუნძულითა და ბუნებრივი მასალებით. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი საუცხოო მწვანე ფერია, რომელიც ამ ოთახში მთავარ აქცენტად გვევლინება.

როგორც ჩანს, სახლის მეპატრონეებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მწვანე ფერის მიმართ, რომელიც ინტერიერში ბევრგან გვხვდება. განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ამ მხრივ სასადილო ოთახები და ასევე შემოსასვლელი ზონა, სადაც მწვანეს განსხვავებული ტონებია გამოყენებული.

გავრცელებული ტრენდის თანახმად, როგორც წესი, საძინებელი ყოველთვის ყველაზე მშვიდ და ნეიტრალურ ტონებშია გადაწყვეტილი. თუმცა, ამ ფრანგული ვილის შემთხვევაში ეს ასე არ არის. საკმაოდ გადატვირთული პრინტის მქონე შპალერი, მკვეთრი მწვანე ფერის ტუმბოები და ხავერდის საწოლის თავი მთავარ საძინებელში მოწყენის საშუალებას არ იძლევა.

30 წლის სახლი როგორც საცხოვრებლად გამოუსადეგარი ნაგებობა – იაპონური მიდგომა

სახლი ბორბლებზე ფრანგული კომპანია Carapate-სგან