ზუსტად ერთი საუკუნის წინ, როდესაც მოდერნიზმი რადიკალური მანიფესტის ეპოქად ყალიბდებოდა, ამ კულტურული მიმდინარეობის იდეოლოგიად ფორმირებას წერტილი დაუსვა ერთი სავარძლის დიზაინმა, რომელიც დღესაც ნებისმიერ ინტერიერში მოხვედრისთანავე მთელ ყურადღებას იპყრობს.
მოდერნისტების იდეებში, სადაც ფუქნცია იყო პრიორიტეტი, ხელოვნება და ხელოსნობა შეხვდა ერთმანეთს და სამრეწველო დარგი დიზაინს უშუალოდ დაუკავშირდა. მოდერნისტების მცდელობამ, შეექმნათ მასობრივი წარმოების და პრაქტიკული, მაგრამ გემოვნებიანი საყოფაცხოვრებო ნივთები, ინდუსტრიისა და ხელოვნების მოულოდნელი ტანდემი შემოგვთავაზა. დიზაინის სხვადასხვა მასშტაბის – საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, შენობებამდე – საერთო მოდერნისტული პრინციპების ქვეშ გაერთიანების მიზნით დაარსდა ბაუჰაუსის სკოლაც, რომლის გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ავეჯის წარმოებაში.

უნგრელი არქიტექტორი, მარსელ ბროიერიც 1925 წელს, ქალაქ დესაუში, „ბაუჰაუსის“ სტუდენტობიდან ავეჯის სახელოსნის ხელმძღვანელობამდე მივიდა. მის მიერ შექმნილ ავეჯს შორის, მოდელი B3 თავისი კონცეფციით ყველაზე მეტად ასახავს მოდერნიზმის წამყვან იდეას – უარყოს ისტორიული გამოცდილებით უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებები, იდეები, ფორმები და ტრადიციები და აღმოჩნდეს სიცარიელეში, რომლისგანაც წარსულისგან სრულიად განსხვავებულ, ახალ რეალობას შექმნის.
ამ პრინციპით, ბროიერმა კლასიკური ე.წ. “Club Chair” ბაუჰაუსის სიმბოლოდ გარდაქმნა. არტ-დეკოს სტილის ტყავის რბილმა სავარძელმა, რომელმაც თავდაპირველად პოპულარობა მისი კომფორტულობისა და სიმყუდროვის დამსახურებით მოიპოვა, მარსელის დიზაინში, სრულიად საპირისპიროდ, გამჭვირვალობა და ჰაეროვნება შეიძინა. იმ პერიოდისთვის, ის იყო რევოლუციური მრავალი გაგებით და ავეჯისადმი ინოვაციურ დამოკიდებულებას აჩენდა.

სავარძლისთვის შერჩეული მასალა იყო ის სიახლე, რომელმაც განსაზღვრა ფორმა და ხასიათი. აღსანიშნავია, რომ ბროიერს შთაგონება პირველი, “ადლერის“ ველოსიპედით მგზავრობისას ეწვია. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ველოსიპედის ჩარჩოსა და საჭის მსუბუქმა და მოქნილმა ფოლადის მილებმა, რომლებიც უნარჩუნებდა კონსტრუქციას სიმტკიცესა და გამძლეობას. გარდა იმისა, რომ ფოლადის მილი მარტივად იღებდა სასურველ მრუდე ფორმას და უძლებდა საჭირო დატვირთვას, ეს ინდუსტრიული მასალა შეიძლებოდა არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ესთეტიკური ღირებულების მატარებელიც ყოფილიყო.
ბროიერმა ტრადიციული ქლაბ სავარძლის მასიური სხეული მის ელემენტარულ კონტურამდე დაიყვანა. რაც თავდაპირველი ვერსიისგან დარჩა, იყო მხოლოდ სილუეტი – მკაფიო, გეომეტრიულ კონტურში გამოხატული ჩარჩო, რომელზე გადაჭიმული ტილოს ქსოვილიც თითქოს ჰაერში ლივლივებს. ჰაეროვნება კომფორტის ახალი განმარტება ხდება.
სწორედ ამ ექსპერიმენტულმა მიდგომამ მიიპყრო ბაუჰაუსის კიდევ ერთი მასწავლებლის ყურადღება. გასაკვირი არ არის, რომ ნამუშევარმა გეომეტრიული სისადავით აღაფრთოვანა თავად ვასილი კანდინსკი, რომელიც ბროიერის მეგობარი და კოლეგა იყო. სწორედ ამიტომ, მისი აღფრთოვანების ნიშნად, სკამს მოგვიანებით „ვასილი“ ეწოდა. არც შემთხვევითია, რომ აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სწორედ ამ დიზაინში ხედავდა ფორმისა და იდეის ჰარმონიას, სადაც საგანი საკუთარი ფუნქციის მიღმა მსოფლმხედველობას ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომ „ვასილის“ სავარძელმა თავდაპირველად ფართო პოპულარობა ვერ მოიპოვა, მისი გავლენა დიზაინის სამყაროში თანდათანოიბთ იზრდებოდა. ერთი წლის განმავლობაში, ბაუჰაუსიდან დაწყებული, მთელ ევროპაში გავრცელდა ფოლადის მილების გამოყენება ავეჯის დიზაინის ექსპერიმენტებში და ეს სფერო რადიკალურად ახალი მიმართულებით წაიყვანა. დღეს ეს სკამი მე-20 საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინ ობიექტად ითვლება და იტალიური კომპანია Knoll-ის მიერ კვლავ იწარმოება სხვადასხვა ფერსა და ქსოვილში, თუმცა უცვლელი იდეით.



ახლა, როდესაც წლის დასასრულს ვუახლოვდებით, ავეჯის საკულტო დიზაინს 100 წელი უსრულდება და, შეიძლება ითქვას, საუკუნის შემდეგ, ვასილის სკამის სილუეტი ინარჩუნებს ბაუჰაუსის სიმბოლოს – როდესაც ვამბობთ “ვასილის” სკამს, ვგულისხმობთ მოდერნიზმის ეპოქას. იგი ფორმის გამოთავისუფლების მანიფესტია, რომელმაც საკუთარი დროის საზღვრებიც კი გადალახა და მარადიულ იდეად იქცა.








