in

ავეჯი კერამიკის დეტალებით – „White Studio“-ს ახალი პროექტი

White Studio“ კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნოა, რომელიც ქართველ კერამიკოსებსა და მხატვრებს აერთიანებს და ქართული თეთრი თიხითა და მაღალი ხარისხის უცხოური მასალის გამოყენებით, გამორჩეულ ნამუშევრებს ქმნის.

მრავალფეროვან კოლექციაში, რომელიც დამთვალიერებლის აღფრთოვანებას იმსახურებს, სრულყოფილადაა გამოვლენილი კერამიკის შესაძლებლობები. „White Studio“-ს მიზანია, აჩვენოს ის უდიდესი რესურსი, რომელიც კერამიკას აქვს, არა მხოლოდ ჭურჭლის, დეკორატიული აქსესუარებისა და სამკაულების, არამედ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის თითქმის ყველა მიმართულებითაც.

„White Studio“ აქტიურად მუშაობს აქსესუარების, ტექსტილის, ჭურჭლის, სამკაულების, აბაზანის აქსესუარების, ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორის, საბაღო-საპარკო კერამიკის, ბუხრების მოპირკეთების მიმართულებით. გვინდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომელიც გულისხმობს კერამიკის გამოყენებას ავეჯსა თუ სხვა მასალაში. ამ მიზნით შეიქმნა კერამიკით დამუშავებული ავეჯის კოლექცია, რომელიც აჩვენებს, როგორი მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს კერამიკას, როგორც დარგს, და თიხას, როგორც მედიუმს. ავეჯის ხაზი ერთ-ერთი მიმართულებაა იმ მრავალფეროვანი სფეროებიდან, რომლებშიც ვმუშაობთ. გვინდა ძველი, მივიწყებული ტრადიცია გავაცოცხლოთ და ახლებური, თანამედროვე სახით შევთავაზოთ ჩვენს გულშემატკივარს“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას „White Studio“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, ნატო ერისთავი.

ავეჯის ხაზში გამოყენებულია „White Studio“-ს მიერ შექმნილი დიზაინით დაბეჭდილი ხავერდი, ასევე, კერამიკული ელემენტები, მეტალის კონსტრუქციები და ხის მასალა. კოლექციაში წარმოდგენილია რესტავრირებული ძველი ავეჯი, რომელსაც გარდაქმნის შემდეგ თანამედროვე იერსახე მიეცა.

„White Studio“-ს ნამუშევრებში ხშირად გვხვდება კერამიკული ქანდაკება, ავეჯი კერამიკის ელემენტებით, შერეული ტექნიკით შესრულებული ობიექტები – კერამიკა ხესთან, მეტალთან, შუშასთან, ბეტონთან ერთად. ეს ყველაფერი ამ მასალის მრავალმხრივ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

მრავალმხრივი მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მათ შორის ავეჯის ხაზით, რომელსაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი მოწონებით ხვდებიან და ინტერიერსა და ექსტერიერში აქტიურად იყენებენ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: Mike Makarenko photographer

როგორ მოვაწყოთ საბავშვო სივრცის ინტერიერი – ანუკი კუსრაშვილის რჩევები

ბუნებრივი მასალით შექმნილი ჯანსაღი ინტერიერი კრწანისში – „კერე დიზაინის“ ნამუშევარი