in ,

ჟან ნუველი – არქიტექტურით გადმოცემული პოეზია

Alliance Group
Alliance Group

1945 წლის 12 აგვისტოს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილის პატარა ქალაქ ფიუმელში შუქჩდრილებსა და წყალზე ვირტუოზულად მოთამაშე გენიოსი დაიბადა. რიგითი მასწავლებლები შვილის მათემატიკოსობას გეგმავდნენ, თუმცა მხვატრობაზე მეოცნებე ჟანი ძლივს დაითანხმეს, არქიტექტურას გაყოლოდა. მშობლების აზრით, უკანასკნელი უფრო პრაქტიკული და ფერწერისგან განსხვავებით, მოთხოვნადი პროფესია იყო. ჟან ნუველი (Jean Nouvel) ქალაქ ბორდოში, დახვეწილი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში შევიდა, შემდგომ კი, მოპოვებული სტიპენდიის წყალობით, საფრანგეთის დახვეწილი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა.

1967-1970 წლებში, ფულის გამომუშავების მიზნით, კლოდ პარანისა (Claude Parent) და პოლ ვირილიოს (Paul Virilio) არქიტექტურულ ბიუროში დაიწყო მუშაობა. 1970 წელს, 25 წლის ასაკში, პირველი სახელოსნო გახსნა. 1994 წლამდე, მისი დღევანდელი ბიუროს “Atelier Jean Nouvel”-ი დაარსებამდე, რამდენიმე ბიზნეს პარტნიორი გამოიცვალა. დღეს ნუველს პარიზის სათაო ოფისის გარდა ფილიალები ლონდონში, კოპენჰაგენში, ნიუ-იორკში, რომში, მადრიდსა და ბარსელონაში აქვს გახსნილი.

მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის დატოვების შემდეგ, მან საკუთარი სტილი შექმნა, რომელსაც შესაძლებელია „ჰაი-ტექ“ ვუწოდოთ. ეს სტილი 70-იან წლებში ჩაისახა და 80-იან წლებში ფართო გამოყენება ჰპოვა. სტილის თავისებურებებია თანამედროვე, წამყვანი ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება, სწორი ხაზები და გეომეტრიული ფორმები, შუშის, პლასტმასისა და ბეტონის სიყვარული, ვერცხლისფერი ელფერებისთვის უპირატესობის მინიჭება.

Dentsu Tower

ჟან ნუველმა თავისი შემოქმედებით ამ სტილის „გაადამიანურება“ შეძლო და თითოეულ ნამუშევარს ინდივიდუალურობა და განუმეორებლობა შესძინა. მისი შესრულებული ცათაბჯენები უსახურ, რუხ მონსტრებს არ გვანან, ხოლო ლითონის ცივი კონსტრუქციები მცენარეულ სამყაროს ერწყმის. ის საკუთარ სტილს „კრიტიკულ არქიტექტურას“ უწოდებს.

არაბული სამყაროს ინსტიტუტი

მსოფლიო აღიარება არქიტექტორს 1981-1987 წლებში, „არაბული სამყაროს ინსტიტუტის“ პროექტირების შემდეგ ეწვია. შენობა საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სიახლოვეს აღიმართა.

ჟან ნუველი ყოველთვის ცდილობს მოძებნოს და შეავსოს მოზაიკის ის დაკარგული ელემენტი, რომელიც სივრცის სრულყოფილებას სჭირდება. ეს არის არქიტექტორის ძირითადი გამოწვევა.

ლაფაიეტის გალერეა, ბერლინი

ბევრს არქიტექტურის ვირტუოზი მისი ციტატებით ახსოვს: “ არქიტექტურა ჩემთვის მდიდარი წარსულის მქონე ქალაქში სხვების მიერ წლების ან საუკუნეების წინ დაწყებული თამაშების გაგრძელების საშუალებაა… ჩემი ქმნილებები უფრო ცნობილია, ვიდრე მე… ვცდილობ თავიდან ავირიდო ისეთი პროექტები, რომლებიც ჩემს ოცნებებს არ ემთხვევა“.

Torre Agbar

ფრნაგი არქიტექტორი ვირტუოზულად იყენებს განათებას. ამის თვალსაჩინო მაგალითი ბარსელონაში აგებული ცათაბჯენი „Torre Agbar“-ია. ცათაბჯენი სხვადასხვა ფერის, მრავალრიცხოვანი შუშის პანელით არის დაფარული. ამ გადაწყვეტილების საშუალებით ავტორმა უნიკალური ნაგებობა შექმნა.

კულტურისა და კონგრესების სასახლე, ლუცერნი

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არქიტექტორის წყალთან დამოკიდებულებაა. წყალი მისი შემოქმედების ისეთივე განუყოფელი ელემენტია, როგორც შუქი. ფრანგი გენიოსის ნებისმიერ არქიტექტურულ სცენარში წყალთან კავშირია ხაზგასმული. ის შენობას ან ესაზღვრება, ან მის ცენტრშია (როგორც აუზი), ან კედლებზე ჩამოდის. უფრო მეტიც, მის ქმნილებებში შუქს, ზოგ შემთხვევებში, წყლის ეფექტი აქვს.

Louvre Abu Dhabi

„არქიტექტორობა მოსმენით იწყება. თავიდან ყოველთვის ვაზუსტებ, რა ადგილია მომზადებული მომავალი ნაგებობისთვის. რა ასოციაციები და გრძნობები შეუძლია გამოიწვიოს მან მომავალში. ნებისმიერ შენობას მომავალი მომხმარებლების თვალით უნდა უყურო. ეს არის ჩემი ძირითადი მიდგომა არქიტექტურაში“ – ამბობს ფრანგი შემოქმედი.

სიდნეის ცენტრალური პარკი, ავსტრალია

ჟან ნუველი  შენობის გარემოსთან თანხვედრას დიდ ყურადღებას უთმობს. მისი ქმნილებები მნახველს მოთამაშე შუქ-ჩრდილებითა და გამჭვირვალობით ატყვევებს. „დიახ, მე კონტექსტის არქიტექტორი ვარ. ამაში ისტორიისა და კულტურის ფართო კონტექსტს ვგულისხმობ და არა მარტო გეოგრაფიულ მდებარეობას“ – ამბობს ჟანი.

პარიზის ფილარმონია

არქიტექტორის ექსცენტრულ პატრიოტიზმზე მეტად კრიტიკოსებს უფრო ის აღელვებთ, რომ ნუველის ქმნილებებში  „საავტორო ხელწერას“ ვერ პოულობენ. მისი პროექტები იმდენად განსხვავებულია, რომ ჟანის ამოცნობა მათში თითქმის შეუძლებელია. მას ეს ახალისებს: „თუ კონკურსის ჟიურიმ ავტორი ვერ ამოიცნო, ე.ი. ეს მე ვარ“, თუმცა ამ ხუმრობის უკან „კონტექსტუალიზმის“ მტკიცე პრინციპი დგას.

მუზეუმი ბრანლის სანაპიროზე, საფრანგეთი

„როცა სწავლას ვიწყებდი, მინდოდა პლასტიკური ხელოვნების დარგში მხატვარი გამოვსულიყავი. საბოლოოდ საწადელი ვერ ავისრულე, მაგრამ მეჩვენება, რომ დღეს, არქიტექტორი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც მხატვარი გასულ საუკუნეებში“.

კატარის ნაციონალური მუზეუმი

2008 წელს, 62 წლის ცოცხალ ლეგენდას, “პრიცკერის” პრემია მიანიჭეს – „თანამედროვე არქიტექტურისთვის გაწეული ამაგისთვის, ახალი თამამი იდეების ძიებისთვის, დადგენილი ესთეტიური ნორმების მუდმივი გადაფასებისთვის, რაც საბოლოოდ არქიტექტურის ფარგლების გაფართოებას ემსახურებოდა“ – ნათქვამია კომისიის განცხადებში. ამ პრემიით სრულიად არქიტექტურულმა საზოგადოებამ შვებით ამოისუნთქა, ვინაიდან ამ ჯილდოს დაგვიანებულად მიიჩნევდნენ, თვითონ ფრანგმა არქიტექტორმა კი ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ინტერვიუში გაკვირვება გამოხატა.

Cartiert-ს თანამედროვე ხელოვნების ფონდი

ნუველს, როგორც არქიტექტორს, მშვენიერი მომენტის შეჩერება და არქიტექტურული ფორმით გადმოცემა შეუძლია. როგორც ამბობენ, 76 წლის ჟან ნიუველი დღემდე შემოქმედებით წვაშია და კვლავინდებურად ახალგაზრდული ჟინით მიიწევს მიზნისკენ და მსოფლიო აღიარების მიუხედავად, კვლავ თავმდაბალ და უბრალო ადამიანად რჩება. „მე პოეტი ვარ და ჩემს სათქმელს სამყაროს არქიტექტურის მეშვეობით ვეუბნები“ – ამბობს ის.

ინგლისური ტრადიციისა და რუსული რომანტიზმის შერწყმა – ალექსანდრა ტოლსტოის სახლი

როგორ მოვათავსოთ ხალიჩა სწორად სასადილო, მისაღებ და საძინებელ ოთახებში