in

ზოლები ინტერიერში – რა უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების შესახებ

ზოლები მომგებიანი დეკორატიული ილეთია. პირველ რიგში, ის ყოველთვის აქტუალურია და ტრენდიდან არასდროს გადადის. მეორე – ის ნებისმიერ სტილს იდეალურად ერწყმის. მესამე – ის შენობის არქიტექტურულ ნაკლებს ფარავს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ნებისმიერ ხერხს, ინტერიერში ზოლების გამოყენებასაც თავისი ოქროს წესები და გამონაკლისები გააჩნია.

წესი #1

ვერტიკალური ზოლები შენობას ვიზუალურად უფრო მაღალს, ხოლო ჰორიზონტალურს უფრო განიერსა და დაბალს ხდის. თუ კედლის სიმაღლე მის სიგრძეზე მეტია, ვერტიკალური ზოლის გამოყენება მკაცრად არარეკომენდებულია.

წესი #2

სასურველია, ზოლი ყველა ზედაპირზე ერთიდაიმავე სისქის (დაახლოებით მაინც), ფერისა და სიხშირის იყოს. აუცილებელია ერთ პარამეტრში მაინც დამთხვევა. თუ სხვადასხვა ფერის ზოლებს იყენებთ, ტონები ერთმანეთს უნდა შეეფერებოდეს.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ თხელი, კონტრასტული ფერის ზოლი ვიზუალურად თრგუნავს და დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს. ამიტომ, თხელი ზოლის არჩევისას, უმჯობესია მშვიდი ტონების გამოყენება. თუ მაინც კონტრასტული გსურთ, უმჯობესია განიერი ვარიენტების გამოყენება.

ყველაზე მომგებიანი ვარიანტი მრავალფერიანი ზოლის ფრაგმენტული გამოყენებაა. მაგალითად, საწოლის სათავის, კომოდიანი კედლის ან დივანის გამოყოფისთვის. ამ გზით ინტერიერს დინამიურობას შესძენთ და სტუმრების განწყობას აამაღლებთ.

წესი #3

ზოლიანი კედლები კიდევ უფრო ეფექტურია, როცა ინტერიერს შესაბამისი ავეჯითა და აქსესუარებით მოაწყობთ. ეს შესაძლებელია იყოს ხალიჩა, გადასაფარებელი, დეკორის ნივთები, ტახტის ბალიშები და თეთრეული. ზოლიანი ნივთები ინტერიერში დამოუკიდებლადაც მიმზიდველად გამოიყურება.

წესი #4

ინტერიერში ასევე ეფექტურია ზოლის ერთტონიან ზედაპირებთან კომბინირებაც, რომელთა ტონი რომელიმე ზოლის ფერს ემთხვევა. ამის თვალსაჩინო მაგალითია მოდის ვარსკვლავის, დიანა ფონ ფიურსტენბერგის (Diane von Fürstenberg) ბინა.

როგორც ცნობილია, ყველა წესს გამონაკლისი აქვს. მათზე ცალკე გვინდა გესაუბროთ. პირველი – ექსპერიმენტების არ უნდა გვეშინოდეს. ზოლის კომბინირება არამხოლოდ ზოლთან ან იგივე ტონის ერთტონიან ზედაპირებთანაცაა შესაძლებელი, არამედ ნებისმიერ „პრინტთან“, მაგალითად უჯრედებთან.

ზოლი ფლორისტიკულ ორნამენტებს კარგად ერწყმის. ამ შემთხვევაში უმჯობესია ტექსტილიც და შპალერიც ერთი კოლექციიდან ავირჩიოთ. ისინი კარგად შეავსებს ერთმანეთს.

და ბოლოს, არ ღირს ზოლებთან კონსერვატიული დამოკიდებულება. ბოლოსდაბოლოს, ეს მარტო სახაზავით გავლებული ხაზები არაა და ამგვარი ორნამენტები შესაძლებელია იყოს რკალისებრი, კუთხოვანი, გადაკვეთილი ან ერთმანეთზე გადაბმული.

სახლი თბილი ფერებით – Fox Johnston-ის ნამუშევარი

პატრიცია ურკიოლას თანამედროვე დიზაინი