in

5 იდეალური მცენარე ოფისის ინტერიერისთვის

ოფისში მეტი სიმყუდროვისა და საშინაო ატმოსფეროს შემოტანით პროდუქტიულობა უდავოდ იზრდება. ამ მიზნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სივრცეში სიმწვანის შემოტანაა, რომელიც დეკორატიული ფუნქციის გარდა, დიდ სარგებელსაც მოიტანს. მცენარე ჰაერს ჟანგბადით ამდიდრებს, სივრცეში ტენიანობას ზრდის, ჰაერს ბაქტერიებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან წმენდს. გარდა საცხოვრებელი სივრცეებისა, ყველა ეს სიკეთე სამუშაო ადგილზეც საჭიროა. სწორედ ამიტომ, დღეს იმ მცენარეებზე გიამბობთ, რომლებიც ოფისისთვის გამოგადგებათ.

როგორი მცენარეები გამოდგება ოფისისთვის

უნდა გვახსოვდეს, რომ ოფისის დაძაბულ გარემოს ნებისმიერი მცენარე ვერ უძლებს. მცენარის არჩევისას ყურადღება შემდეგ ფაქტორებზე უნდა გამახვილდეს:

ყვავილი აუცილებლად ადვილი მოსავლელი და ნაკლებ პრეტენზიული უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ მუდმივი მორწყვის, კვებისა და გასხვლის დრო ოფისში ნამდვილად არ არის;

მცენარე ნათელი, გაჯერებული მწვანე ფერის უნდა იყოს, რომელიც მუშაობით დაძაბულ თვალს მოსვენებაში დაეხმარება;

ოფისის მცენარეებს მძაფრი სუნი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ამას მომუშავე ადამიანებსა და ვიზიტორებს შორის გაღიზიანებისა და ალერგიის გამოწვევა შეუძლია.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ნებისმიერი საოფისე სივრცისთვის იდეალურად გამოდგება:

ბუტია

ბუტიას ბუმბულისებრი ფოთლების მქონე პალმების ჯგუფს ეძახიან, რომელიც 20-მდე სახეობას აერთიანებს. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ხეების სიმაღლეა, რომელიც 40 სანტიმეტრიდან 10 მეტრამდე მერყეობს. ოფისის მცენარის არჩევისას ჭერის სიმაღლე და თავისუფალი ადგილის ფართია გასათვალისწინებელი.

ბუტიას ფოთლებს რკალისებრი ფორმა და მკვრივი სტრუქტურა აქვთ. მათი სიგრძე შეიძლება 4 მეტრსაც აღწევდეს. თითოეული ფოთლოვანი ღერო 70-100 წყვილი წვრილი ფოთლისგან შედგება. ზედა ნაწილი ქვედაზე მუქია.

ყვავილობა ზაფხულის დასაწყისში იწყება. პატარა ყვავილები  წითელი ფერისაა. სექტემბერში კი პალმაზე გემრიელი, ჭამისთვის ვარგისი ნაყოფი მწიფდება.

მცენარე უპრეტენზიოა. ერთადერთი, რაც მას სისტემატურად სჭირდება ეს შენობის განიავებაა.

სიზიგიუმი

ის 1-1,5 მეტრი სიმაღლის ტროპიკული ხე ან ბუჩქია. ფოთლები კვერცხისებრი ან ოვალურია, წამახვილებული კიდეებით და რბილი ზედაპირით. ფოთოლი ასეთ ბუჩქს ხორკლიანი და ოდნავ მოხრილი აქვს. მისი სიგრძე 12 სანტიმეტრამდეა, სიგანე კი 4 სმ. ფოთლების ფერი გაჯერებული მწვანეა.

ამ მცენარის ყვავილობა ზაფხულში იწყება. ამ დროს დიდი ქოლგისებრი ყვავილები ჩნდება, რომელიც ბევრი პატარა ნაწილისგან შედგება. ისინი შეიძლება იყოს თეთრი, კრემისფერი ან ვარდისფერი. ყვავილები ძალიან მალე ცვივა და ბუჩქზე გრძელი, ფერადი მტვრიანების კონა რჩება.

ყვავილობის შემდეგ მცენარეზე საკვებად ვარგისი ნაყოფი წარმოიქმნება. მოვლის მთავარი პირობა დიდი რაოდენობით ბუნებრივი სინათლეა.

მონსტერა

მცენარე დიდ ფოთლებიან (45 სანტიმეტრამდე სიგრძის) მარადმწვანე ლიანას წარმოადგენს.

ის შეიძლება რამდენიმე მეტრამდე გაიზარდოს. კარგად გადააქვს მშრალი ჰაერი და ბუნებრივი შუქის ნაკლებობა.

ვერტიკალური ზრდისთვის მას მყარი საყრდენი სჭირდება.

ბამბუკი

ბამბუკი უჩვეულო მცენარეა, რომელიც ქვიან ლარნაკში იზრდება. მოვლის მთავარი პრინციპი დროული მორწყვაა. ოთახის ბამბუკის სიმაღლე საშუალოდ 1 მეტრამდეა. ღეროები შესაძლებელია სწორი ან მოღუნული იყოს, ერთფეროვანი ან ჩანართებით.

სპატიფილუმი

ასეთი ყვავილი ნებისმიერ ოფისს დაამშვენებს. მას მშვენიერი გარეგნობა და ჰაერის გაწმენდის კარგი უნარი აქვს.

არჩეული სორტის მიხედვით სპატიფილუმს 50 დან 100 სანტიმეტრამდე გაზრდა შეუძლია. ფოთლები მსხვილი, გაჯერებული მწვანე ფერის აქვს, ტალღოვანი კიდეებითა და ცვილოვანი საფარით.

სპატიფილუმის ყვავილები საკმაო დროს ძლებს. ისინი მსხვილი, თეთრ ფერში შეფერილი ნავისებრი ფორმისაა.

მცენარეს უშუქობა და მშრალი ჰაერი კარგად გადააქვს, მაგრამ რეგულარულ მორწყვას საჭიროებს.

რუბრიკა “სახლი და გამწვანების” წარმდგენია გრატოს სათბურები

თანამედროვე კლასიკა – ორი სტილის სინთეზით მიღებული ინტერიერი

#Homeisინსპირაცია: იდეები გენდერულად ნეიტრალური დიზაინის საბავშვო ოთახისთვის