in

კენგო კუმას 10 გამორჩეული პროექტი, რომლებიც ნათლად გადმოსცემს მის არქიტექტურულ ფილოსოფიას

Alliance Group
Alliance Group

იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა თანამედროვე არქიტექტურაში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა სიღრმისეული კონტექსტური გააზრებით, ადგილობრივი მასალების პატივისცემითა და გარემოსთან ჰარმონიული თანაცხოვრების იდეით. კუმას არქიტექტურა ცდილობს „დამარცხდეს“ და არ “შეებრძოლოს” გარემოს, რაც მტკიცე ან გამაღიზიანებელი სტრუქტურებისგან თავის არიდებას გულისხმობს. მისი ფილოსოფია ეწინააღმდეგება სტანდარტულ ძალაუფლებრივ არქიტექტურას და აყალიბებს „ნაზ“ და „ჩუმ არქიტექტურას“ — ისეთ სტრუქტურებს, რომლებიც ბუნებასა და ადამიანს ემსახურება და არ ცდილობს გარემოზე დომინირებას.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ კენგო კუმას 10 გამორჩეულ პროექტს, რომლებიც იდეალურად გადმოსცემს პროექტის ავტორის ხედვასა და ტექნიკას. აღნიშნული ნამუშევრები გეოგრაფიულადაც და ტიპოლოგიურადაც ფართო სპექტრს მოიცავს — კერძო სახლიდან ოლიმპიურ სტადიონამდე, მუზეუმიდან კომერციულ სივრცემდე. ისინი წარმოაჩენენ კუმას უნარს, მცირე ფორმებიც და მასშტაბური სტრუქტურებიც ერთი და იმავე არქიტექტურული იდენტობით გააცოცხლოს. თითოეული პროექტი ცალკე ამბავს ჰყვება — მაგრამ ყველა ერთად, კუმას არქიტექტურულ პოეზიას ქმნის.

1. Toyoma Kaikokan (იაპონია) 

ეს არის იაპონიის ქალაქ ტოიომაში მდებარე მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ადგილობრივ ისტორიულ მემკვიდრეობას. არქიტექტორი შენობის მასშტაბს მცირე მოცულობებად ყოფს, რათა აღადგინოს სამურაის სახლების იმდროინდელი მასშტაბი. პროექტში გვხვდება “მწვანე სახურავი”, რაც ტრადიციული იაპონური გადახურვის ტექნიკის – hiwadabuki-ს (დროთა განმავლობაში სახურავის ფერის შეცვლა ხავსის გაჩენის შედეგად) შთაგონებით შეიქმნა.

კენგო კუმას ეს ნამუშევარი იდეალური მაგალითია იაპონური არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის ჰარმონიული შერწყმისა. 

2. GC Prostho Museum Research Center (იაპონია)

ქალაქ კასუგაიში მდებარე მუზეუმი წარმოადგენს ტრადიციული იაპონური არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის დახვეწილ სინთეზს. შენობა გამორჩეულია მისი უნიკალური კონსტრუქციით, რომელიც ეფუძნება “Cidori”-ს სახელით ცნობილ ტრადიციულ ხის შეერთების ტექნიკას იაპონიაში. ეს არის სისტემა, რომელიც ხის ელემენტებს აკავშირებს ერთმანეთთან ლურსმნის ან ნებისმიერი ლითონის დეტალის გარეშე, თითქოს კონსტრუქცია ოსტატურად აწყობილი “ფაზლებისგან” შედგებოდეს.

ხის სტრუქტურა ქმნის როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ ელემენტს, რომელიც ბუნებრივად ფილტრავს შუქს და ამავდროულად მნახველს ანიჭებს სენსორულ გამოცდილებას – თითქოს აკავშირებს მასალასთან. ამ პროექტით კენგო კუმამ არამხოლოდ პატივი მიაგო იაპონურ ტრადიციას, არამედ აჩვენა თუ როგორ შეიძლება, არქიტექტურა იქცეს ერთგვარ დიალოგად ისტორიასა და ინოვაციას შორის.

3. ოლიმპიური სტადიონი — Japan National Stadium (ტოკიო)

კენგო კუმას მიერ დაპროექტებული ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი „ნაზი არქიტექტურის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოხატულებაა. პროექტის მთავარი კონცეფცია ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებაა — სტადიონის არქიტექტურა შთაგონებულია ტრადიციული იაპონური ხის ნაგებობებით და იყენებს ადგილობრივ მასალებს, მათ შორის კედრის, ლარიქსისა და ნაძვის ხეს, რომლებიც რეგიონის მიხედვითაა შერჩეული.

სტრუქტურა ხასიათდება ჰორიზონტალურად შრეობრივი ფორმით, რაც ამცირებს შენობის ვიზუალურ მასშტაბს და უკეთ ერწყმის ქალაქურ ლანდშაფტს. ღია ტერასები და მწვანე სახურავი ბუნებრივ ვენტილაციასა და ჩრდილს უზრუნველყოფს, რითაც შენობა პასუხობს ეკოლოგიურ და კლიმატურ გამოწვევებს.

კუმამ შექმნა სტადიონი, რომელიც არა მხოლოდ მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძელია, არამედ კულტურული სიმბოლო — არქიტექტურა, რომელიც ქალაქს ეკუთვნის, არავის ემუქრება და ყველას ეპატიჟება.

4. Mont-Blanc Base Camp (საფრანგეთი)

Mont-Blanc Base Camp არის არქიტექტურული პროექტი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის ალპებში, Les Houches-ში — მონბლანის მთის ძირას. პროექტი 2016 წელს დასრულდა და წარმოადგენს კომპანია Blue Ice-ის სათავო ოფისს, რომელიც სპეციალიზებულია მთამსვლელობისა და ალპინიზმის აღჭურვილობის წარმოებაში.

არქიტექტურული კონცეფცია მიზნად ისახავდა შენობის ბუნებრივად შერწყმას გარშემო არსებულ ტყესთან და მთის ლანდშაფტთან. სწორედ ამ მიზნით, ფასადი და სახურავი შეიქმნა დაუმუშავებელი მუხის სქელი დაფებისგან, რაც ნაგებობას ბუნებრივ იერს ანიჭებს .

შენობის ფართო სახურავი თანხვედრაშია მიწის ბუნებრივ დახრილობასთან და აღჭურვილია ჩაშენებული ჭერის ფანჯრებით, რაც ინტერიერში ბუნებრივი განათების შემოსვლას უზრუნველყოფს. შენობის გულში განთავსებულია დიდი ატრიუმი, რომელიც ჩრდილოეთის მთავარი შესასვლელიდან სამხრეთის მთების ხედამდეა გადაჭიმული. სამუშაო სივრცეები მოქნილად არის მოწყობილი, ხოლო ორმაგი სიმაღლის სივრცე უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ხედებს.

5.Community Market Yusuhara (იაპონია)

Community Market Yusuhara (ასევე ცნობილი როგორც Yusuhara Marche ან Machi-no-Eki Yusuhara) მდებარეობს იაპონიის კოჩის პრეფექტურის მთიან ქალაქ იუსუჰარაში. შენობა 2010 წელს დასრულდა და წარმოადგენს ბუტიკ სასტუმროს, რომელიც აერთიანებს 15-ნომერსა და ბაზარს ცენტრალურ ატრიუმში, სადაც იყიდება ადგილობრივი პროდუქცია. მისი არქიტექტურა შთაგონებულია ტრადიციული იაპონური ჩაის სახლებით (Cha Do), რომლებიც მოგზაურებს მთის ბილიკებზე მსვლელობისას მასპინძლობდნენ.

შენობის ფასადი გამოირჩევა უნიკალური დიზაინით: იგი დაფარულია 200 x 98 სმ ზომის ჩალის ბლოკებით, რომლებიც განლაგებულია ისე, რომ არ ექვემდებარება პირდაპირი მზის სხივებისა და წვიმის ზემოქმედებას, რაც უზრუნველყოფს მასალის გამძლეობას. ბლოკები მიმაგრებულია ჰორიზონტალურ ფოლადის ღერძებზე, რაც შესაძლებელს ხდის მათ როტაციას და შესაბამისად, შენობის ბუნებრივ ვენტილაციას.

6. Marronier Court (იაპონია)

კენგო კუმას პროექტი Marronier Court (ასევე ცნობილი როგორც Tamagawa Takashimaya Marronier Court) წარმოადგენს კომერციულ შენობას ტოკიოს სეტაგაიას რაიონში. პროექტის მიზანი იყო ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირება ურბანულ გარემოში, რაც გამოიხატა ინოვაციური “მწვანე არქიტექტურის” კონცეფციით.

შენობის ფასადი შექმნილია მხოლოდ უჟანგავი ფოლადის ბადეებისგან, რომლებიც სპეციალურად არის მოხრილი მეტი სიმტკიცისთვის, რაც გამორიცხავს დამატებითი ფოლადის კარკასის საჭიროებას. ბადეები დაფარულია სხვადასხვა მცენარეულობით, მათ შორის ჰედერათი, კაროლინას ჟასმინით, აზიური ჟასმინითა და ლურჯი პასიფლორით, რომლებიც სხვადასხვა სეზონზე ყვავილობს.

აღსანიშნავია, რომ “მწვანე ფასადი” არამარტო ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს, არამედ უზრუნველყოფს ბუნებრივ ჩრდილს და ვენტილაციას, რაც ქმნის კომფორტულ გარემოს შენობის შიგნით.

შენობის თითოეულ სართულზე განთავსებულია ბაღები, რომლებიც ჰორიზონტალურად ვრცელდება ქალაქის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს შენობის ინტეგრაციას გარე სივრცესთან.

7. Mt. Fuji Residence (იაპონია)

Mt. Fuji Residence წარმოადგენს თანამედროვე ვილას, რომლის მშენებლობა 2024 წელს დასრულდა და მდებარეობს იაპონიაში. სახლის ფანჯრებიდან იშლება ფუჯის მთის ულამაზესი ხედი. შენობის საერთო ფართობი შეადგენს 403 მ²-ს და იგი ერთსართულიანია.

ტრადიციულად, კუმა იყენებს ერთიანი კარნიზის ხაზს დახრილ სახურავებზე, რათა თავიდან აიცილოს სიმაღლის განსხვავებით გამოწვეული პრობლემები. თუმცა, ამ კონკრეტულ პროექტში არქიტექტორმა განზრახ შეცვალა ეს წესი და გამოიყენა განსხვავებული კარნიზის სიმაღლეები, რაც საშუალებას აძლევს შენობას, უკეთესად შეერწყას გარემოს და ჰქონდეს იდეალური ხედი ფუჯის მთაზე.

Mt. Fuji Residence წარმოადგენს კენგო კუმას არქიტექტურული ფილოსოფიის მაგალითს, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ იაპონურ ელემენტებს თანამედროვე დიზაინთან, ქმნის ჰარმონიას ბუნებასთან და უზრუნველყოფს უნიკალურ საცხოვრებელ გამოცდილებას.

8. CMP INSPIRATION (ტაივანი) 

CMP INSPIRATION არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ტაივანის ქალაქ ტაიჩუნგში. შენობა 2024 წლის დეკემბერში გაიხსნა და წარმოადგენს არქიტექტორის მცდელობას, ბუნება და ურბანული სივრცე ჰარმონიულად გააერთიანოს.

მუზეუმის ძირითადი ნაწილი მიწისქვეშაა განთავსებული, რაც შენობას საშუალებას აძლევს, მინიმალური ვიზუალური გავლენა მოახდინოს გარშემო არსებულ ურბანულ გარემოზე. ეს მიდგომა ქმნის ღია და ხელმისაწვდომ სივრცეს საზოგადოებისთვის.

შენობის სახურავი დაფარულია მცენარეებით და მასზე მოწყობილია ერთგვარი ბაღი, რაც ქმნის საჯარო სივრცეს, რომელიც ეხმიანება მეზობელ Calligraphy Greenway-ს და ხელს უწყობს ქალაქის მწვანე ქსელის გაფართოებას.

ამ პროექტით კენგო კუმა იდეალურად ახერხებს ბუნების ელემენტების ინტეგრირებას ურბანულ გარემოში და ქმნის უნიკალურ სივრცეს ხელოვნებისა და კულტურის მოყვარულთათვის.

9. 1550 Alberni Street Tower (კანადა)

1550 Alberni Street Tower წარმოადგენს 43-სართულიან საცხოვრებელ ცათამბჯენს ვანკუვერში Stanley პარკის მახლობლად და მისი მშენებლობა 2024 წელს დასრულდა. ეს არის კუმას პირველი მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩრდილოეთ ამერიკაში და გამოირჩევა ინოვაციური დიზაინით, რომელიც აერთიანებს იაპონურ ესთეტიკას თანამედროვე ურბანულ კონტექსტთან.

ამ პროექტზე მუშაობისას კენგო კუმას მიზანი იყო არასტანდარტული ცათამბჯენის შექმნა, რომელიც წარმოჩნდებოდა არა როგორც იზოლირებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი ერთეული ურბანულ გარემოში, არამედ როგორც არქიტექტურული ელემენტი, რომელსაც ღრმა კავშირი ექნებოდა მიმდებარე გარემოსთან.

სწორედ ამ ფილოსოფიიდან გამომდინარეობს შენობის სახასიათო სილუეტი, რომელიც თითქოს “შეჭრილია” ორ ადგილას – ცათამბჯენი ისეა დაპროექტებული, რომ ის გარშემო მდებარე ობიექტებთან ჰარმონიულ კავშირშია. აღსანიშნავია, რომ შენობის ყველა წერტილიდან განსხვავებული ხედი იშლება და არც ერთი რაკურსი არ მეორდება.

10. Dallas Rolex Tower (აშშ)

Dallas Rolex Tower — კენგო კუმას ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში. შენობა Rolex-ის ახალი წარმომადგენლობა და კლიენტთა ცენტრია, რომელიც 2018 წელს აშენდა.

რვა-სართულიანი კოშკი თავშეკავებული ელეგანტურობით ეხმიანება როგორც იაპონურ არქიტექტურულ ტრადიციებს, ისე თანამედროვე ურბანულ კონტექსტს. ქვედა ნაწილი გამაგრებულია მასიური ქვის პოდიუმით, რომლის მასალა და სტრუქტურა შთაგონებულია იაპონური „ანო“ ქვისდაგების ტექნიკით — სიმტკიცისა და სტაბილურობის სიმბოლოდ.

ზედა ნაწილში შენობა გაშლილია შუშის კონსტრუქციით, რომელიც დატვირთულია ხის საჩრდილობლებით. ეს ჰორიზონტალურად განლაგებული ხის დეტალები არამხოლოდ მზის სხივებისგან იცავს ინტერიერს, არამედ შენობის ვიზუალურ იდენტობასაც განსაზღვრავს — ქმნის რითმულ თამაშს სინათლესა და ჩრდილს შორის.

ფასადის მოცულობითი ფორმა სპირალურად ტრიალებს, რაც შენობას სიმსუბუქესა და მოძრაობის შთაბეჭდილებას ანიჭებს. ეს ვიზუალური დინამიკა თითქოს არღვევს კორპუსის მკაცრ გეომეტრიას და მას უფრო ბუნებრივ, ორგანულ სახეს ანიჭებს.

კენგო კუმასთვის დამახასიათებელი ბუნებისა და არქიტექტურის ჰარმონიული შერწყმა ამ შენობაშიც აშკარაა: ქვის სიმძიმე და ხის სითბო მინის გამჭვირვალობას ერწყმის — შედეგი კი სამგანზომილებიანი არქიტექტურული კომპოზიციაა, რომელიც დალასის თანამედროვე ურბანულ ლანდშაფტს ელეგანტურად ერწყმის.

კენგო კუმას არქიტექტურული მემკვიდრეობა მრავალფეროვანია — მას შთამბეჭდავი ოსტატობით შეუძლია ეროვნული იდენტობის, ბუნებასთან ჰარმონიისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმა. ამ ათ პროექტში მკაფიოდ იკითხება მისი ფილოსოფიის მთავარი ღერძები: „დასუსტებული არქიტექტურა“, მასალებისადმი პატივისცემა, სივრცის გამჭვირვალობა, ბუნებასთან დიალოგი და ტრადიციული იაპონური ხელოვნების თანამედროვე ინტერპრეტაცია.

მოსასვენებელი ზონა საზაფხულო რეზიდენციაში – 3 საინტერესო პროექტი საქართველოდან

28 კვადრატული მეტრი ბინა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე