ვაკის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 106 კვადრატული მეტრის ბინა კატო შარაძენიძისა და მისი ოჯახის ცხოვრებას ასახავს — ბუნებრივი სინათლით სავსე, თბილი და ემოციურად დამუხტული სივრცე, სადაც თითოეული დეტალი თავად მფლობელების მიერაა შერჩეული.
“ჩვენი სახლი თავიდან ბოლომდე ჩვენით გავაკეთეთ. დიზაინერი არ გვყოლია,“ — ამბობს კატო და ამ მარტივ ფრაზაში აისახება ბინის მთავარი ხასიათი: თავისუფლება და ინტუიცია. ყველაფერი, რაც სივრცეში გვხვდება, ნელ-ნელა შეიქმნა — არა წინასწარ განსაზღვრული გეგმით, არამედ იმ ემოციებით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდებოდა.

ბინის განლაგება სრულიად თვითნაბადია — კატომ თავიდანვე იცოდა, რომ დიდი და გახსნილი საერთო ზონა უნდა ჰქონოდათ, სადაც სამზარეულო, სასადილო და მისაღები გაერთიანდებოდა. აქაურობა არ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას — მისი მიზანი კომფორტია. ბუნებრივი ხის იატაკი, თბილი განათება და მარტივი ფორმების ავეჯი ქმნის გარემოს, სადაც სიმშვიდე და სიცოცხლე თანაარსებობს.
საძინებელი რბილი ტექსტურებით და ეთნიკური მოტივებით ხასიათდება. აქ მთავარი აქცენტი ტექსტილზეა — წითელ-შავი დეტალების მქონე საწოლის გადასაფარებელი ინტერიერს ენერგიას აძლევს, ხოლო თბილი ნათების მქონე სანათები და კარადის სარკის ფასადები სივრცეს ხასიათს და სიღრმეს მატებს.
სველი წერტილი კი სრულიად სხვა განწყობაზეა აგებული — მუქი ელემენტები, ღია ლურჯი კედლები და ხელოვნების ნიმუშები ქმნის გრაფიკულ, ცოტა ილუსტრაციულ ატმოსფეროს. თითქოს ეს პატარა ოთახი ინტერიერის მთელ სერიაში მოულოდნელი, მაგრამ ზუსტად დოზირებული პაუზაა.
ამ ბინის მთავარი ღირებულება არა დიზაინერული ჩანაფიქრია, არამედ ის, რომ ყოველი ნივთი, ფერი თუ ნახატი ემოციური არჩევანის შედეგია. სწორედ ამიტომ სივრცე არ არის დასრულებული — ის მუდმივად იცვლება, იზრდება და ვითარდება ისე, როგორც მისი მფლობელთა ცხოვრება. ეს არის სახლი, სადაც სიმარტივე და სითბო თანაბრად ფასობს — ინტერიერი, რომელიც უფრო ისტორიას ჰგავს, ვიდრე პროექტს.


























