in

ბინა ჭავჭავაძეზე თანამედროვე ამერიკული კლასიკის სტილში – ნანა თავდუმაძის ნამუშევარი

ბინა, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, 64 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და მასზე ინტერიერის დიზაინერმა და დეკორატორმა ნანა თავდუმაძემ იმუშავა.

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, დამკვეთი მისი მეგობარი იყო, რომელსაც საწყის ეტაპზე არ ჰქონდა გადაწყვეტილი, იცხოვრებდა ბინაში თავად, თუ გააქირავებდა მას. თუმცა, საპროექტო დავალება თავიდანვე ჩამოყალიბებული იყო: ეს უნდა ყოფილიყო ელეგანტური, მდიდრული, ნათელი, მყუდრო, კომფორტული და შედარებით მარტივად მოსავლელი ბინა, რომლის დიზაინ პროექტი არ დაჯდებოდა ძალიან ძვირი. ამას გარდა, მეპატრონის სურვილი იყო, რომ ინტერიერში გამოყენებულიყო მისი საყვარელი “წყლისფერი” ტონალობა. ასევე დამკვეთს სურდა, რომ აბაზანაში კარის გაღებისას, პირველ რიგში, გამოჩენილიყო ლამაზი სარკე და ხელსაბანი.

ჩემთვის ყველაზე ახლო და საყვარელი ამერიკული სტილია და შეიძლება ითქვას, რომ ამ პატარა ბინაში ავისრულე ეს დიზაინერული ოცნება. ზუსტად ამ სტილის, ნათელი ფერებისა და ოქროსფერი აქცენტების კომბინაციის სიმფონიით მივაღწიეთ სიმდიდრისა და ელეგანტურობის შეგრძნებას. მთავარი იყო, რომ ოქროსფერი არ ყოფილიყო ზედმეტად ბევრი, რათა არ მიგვეღო „ზიზილ-პიპილო“ დახვეწილი სტილის ნაცვლად. ჩემი ხედვით, სიმდიდრე არ უნდა „ყვიროდეს“, არამედ უნდა „ჩურჩულებდეს“. სწორედ ამიტომ, ეს აქცენტები ზომიერად და გათვლით გამოვიყენე, მაგალითად, აბაზანაში ოქროსფერი ვერცხლისფრითაა გაზავებული,” – ნანა თავდუმაძე

მიუხედავად მცირე ზომის ფართისა, პროექტის ავტორმა შეძლო ბინაში ყველა იმ კომპონენტის გაერთიანება, რაც აუცილებელია კომფორტული ცხოვრებისთვის: სარეცხი მანქანა აბაზანის შესასვლელ კარადაშია დამალული, ჭურჭლის სარეცხის მანქანა სამზარეულოს ღუმლის გვერდით არის ჩაშენებული, დივანი კი გასაშლელი შეირჩა, რათა ის მორგებული ყოფილიყო ღამისთევით მოსულ სტუმრებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, დამკვეთის ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, სახლი უნდა ყოფილიყო მარტივად მოსავლელი. ამ მიზნით, სავარძლებისთვის სპეციალურად შეიკერა გადასაკრავი პირები, რაც აადვილებს მათ გარეცხვას საჭიროების შემთხვევაში, კედლები კი ნახევრად პრიალა საღებავით შეიღება, რათა მათი მარტივად გაწმენდა ყოფილიყო შესაძლებელი.

სამზარეულოს ფერი ბინის მეპატრონის რჩეულ ტონში შეირჩა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ სივრცეებს, აქ ნაკლები ფერადოვნება გვხვდება და აქცენტები უფრო ნახატებით, დეკორითა და ტექსტილით გაკეთდა. ინტერიერში არსად გვხვდება შავი ფერი, გარდა სამზარეულოს ტექნიკისა. იმის გამო, რომ დამკვეთს არ სურდა ამ ტონის ფიგურირება საკუთარ სივრცეში, ფანჯრებიც კი ღია ფერში გადაიღება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სინათლის ეფექტს.

რაც შეეხება ბინის გეგმარებას, ამ მხრივ პროექტი არასტანდარტული იყო და საპროექტო დავალების შესასრულებლად, ნანას გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწია.

ბინის პროექტი იყო არატრადიციული ფორმის, მოხვეული კორიდორით, ტრაპეციის ფორმის მისაღებ-სამზარეულოთი და ისეთი პატარა საძინებლით, რომ საწოლის წინ სულ მცირე ადგილი რჩებოდა გასასვლელად. დაგეგმარების დროს ვეცადეთ, რომ ეს უცნაური კედლები გამოგვეყენებინა ბინის სასარგებლოდ და ჩავაშენეთ კარადები, ასევე სამზარეულოს ნაწილი მოთავსდა ნიშებში და შედეგად მივიღეთ უწყვეტი კედლის იერი. იმისთვის, რომ ყველაფერი იდეალურად განგვეთავსებინა, ზოგიერთი კედელი ოდნავ გადავწიეთ, სადაც ამის საშუალება იყო.

პროექტის ავტორის თანახმად, ყველაზე რთული ამოცანა სველი წერტილის სასურველი განლაგებით დაგეგმარება აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ გაყვანილობა და სხვა აუცილებელი მოთხოვნები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ კარის გაღებისას პირველ რიგში, სარკე და ხელსაბანი გამოჩენილიყო, დიზაინერს მოუწია კედლისა და კარის გადატანა, რამაც მას საშუალება მისცა, განეთავსებინა კარგი ზომის საშხაპე და გრძელი, ელეგანტური ხელსაბანი, ხოლო უნიტაზი კარის უკან დაემალა.

საკმაოდ საინტერესოა აბაზანის დიზაინი. ფოთლებიანი შპალერი, ელეგანტური მარმარილოს ზედაპირი და პლინტუსები, მოოქროვილი ელემენტები, საშხაპეს ორიგინალური სახელური, ძველებური სანათი – ეს ის ელემენტებია, რაც სივრცეს განსაკუთრებულ აურას სძენს.

“დამკვეთსაც ისე მოსწონს ეს სივრცე, რომ ხუმრობით ამბობდა, „ყავაზე აბაზანაში მივიღებ სტუმრებსო“.

დედამ ბავშვობიდან შემაყვარა ანტიკვარიატი და ხელოვნება, ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ კარგად შესრულებულ ნამუშევრებს, შესაბამისად, ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ამ ბინაში ალბათ ნახატებია. ყველა ნამუშევარი შეგვისრულა არაჩვეულებრივად დადებითი აურის ქალბატონმა ოლგა მატიაშმა. ვიცოდი, რომ ნახატები მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ „ისე რა“ ნახატები პირიქით, დაადაბლებდა პროექტის დონეს. ამაში ძალიან გაგვიმართლა. ისეთი ნიჭით და ყურადღებით არის დახატული ყველა დეტალი, რომ გაოცებულები დავრჩით.”

რაც შეეხება სამზარეულოს დიდ ნახატს, ეს ნამუშევარი თავად ნანა თავდუმაძეს ეკუთვნის.

დამკვეთის ფინანსების დასაზოგად ვიფიქრე, რომ ამ ერთ დიდ ნახატს მე გავუკეთებდი. მეგონა, რომ აბსტრაქციის დახატვა მარტივი იქნებოდა. თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ვიწვალე, დავხატე და გადავხატე, მერე ისევ დავხატე, პატარები, დიდები… მოკლედ, ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი მცდელობა ამ მიმართულებით. გაგვიმართლა, რომ ჩვენმა საოცარმა მხატვარმა მიშველა. მართალია, ლუვრის ექსპონატი არ გამოვიდა, მაგრამ ოთახს მოუხდა და ინტერიერი გაახალისა. ამ გამოცდილების შემდეგ კიდევ უფრო დავაფასე მხატვრების ნიჭი,- გვიამბობს ნანა

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ინტერიერში რამდენიმე ადგილას გვხვდება ე.წ „herringbone“-ის ტიპის ნახატები (სამზარეულოს წინსაფარი, იატაკი, დერეფნის შპალერი და საშხაპე მოზაიკაზე). ეს ტექნიკა დიზაინერმა იმისთვის გამოიყენა, რომ ბინაში ერთი მთლიანობის განცდა შემოეტანა.

რაც შეეხება მასალებსა და ტექსტილს, ამ მხრივ შერჩეულია ისეთი პრინტები, რომლებიც პროექტის ავტორის თანახმად, ზედმეტი “ხმაურის გარეშე” აღძრავს ინტერესს.

პროექტის მთავარ სირთულეებზე საუბრისას, ნანა გვიამბობს, რომ ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას დახვეწილი, თანამედროვე, ამერიკული კლასიკის სტილის შესაბამისი ავეჯისა და განათების შოვნა წარმოადგენდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, დიზაინერმა მაინც შეძლო სასურველი პროდუქციის მოძიება ადგილობრივ ბაზარზე.

ისეთი ინტერიერის შექმნა მინდოდა, რომელიც დაგასვენებს რთული სამუშაო დღის მერე, დაგავიწყებს პრობლემებს და აგივსებს გულს დადებითი ემოციებით. რამდენად გამოგვივიდა ეს ყველაფერი, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ,” – ნანა თავდუმაძე

პროექტის ავტორი: ნანა თავდუმაძე (სოც. ქსელში: Nana Tavdumadze Shamone)

დიზაინ სტუდია: Ministry of Design

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

„პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შოურუმის ინტერიერი აღმაშენებლის ხეივანში

Calia Italia-ს უახლესი კოლექცია უკვე ელიტ ელექტრონიქსშია